Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია 414


წამყვანი ბიძინა რამიშვილი, პარაღა 22 დეკემბრისთვის დანიშნული მოქალაქეთა კავშირის ყრილობის შესაძლო შედეგის კომენტირება.

დაიშლება თუ არა მოქალაქეთა კავშირი


ბოლო დღეებში ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ოპონენტების საყვარელ საქმიანობად არის ქცეული. გამოთქმული პროგნოზი, როგორც წესი, საკმაოდ პესიმისტურად ჟღერს. თითქმის არავინ უარყოფს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ედუარდ შევარდნაძის უარის თქმამ კიდევ უფრო გააღრმავა დაპირისპირება პარტიის წევრთა შორის, რომელიც მანამდეც არსებობდა. დაიშლება თუ არა მოქალაქეთა კავშირი-ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ

თამარ ჩიქოვანი: მოქალაქეთა კავშირის დაფუძნების დღიდან ამ ორგანიზაციაში დაფარული ინტრიგა ყოველთვის არსებობდა. გულახდილად რომ ითქვას, ეს ბუნებრივადაც გამოიყურებოდა თავად ამ პარტიის შემადგენლობის გათვალისწინებით – ასაკით, სოციალური სტატუსით, განათლებით და შინაგანი მრწამსით განსხვავებულ ადამიანებს მოქალაქეთა კავშირში ერთი კონკრეტული ადამიანი –ედუარდ შევარდნაძე აერთიანებდათ. განსხვავებული გახლდათ თავად ედუარდ შევარდნაძის ახლოს ყოფნის მიზანიც. თუ მოქალაქეთა კავშირის ელიტისთვის პრეზიდენტის თანამოაზრეობა მართლაც გულწრფელი გადაწყვეტილება და სურვილი იყო, პარტიის წევრთა დიდ ნაწილს ძველი ინერცია ამოძრავებდა, როცა ხელისუფლებასთან სიახლოვე გარკვეული პრივილეგიების მიღების აუცილებელ საშუალებად ითვლებოდა.

თავად მოქალაქეთა კავშირის ელიტაშიც თავიდანვე ის ჯგუფურობა შეინიშნებოდა, რომლის არსებობას ბოლო დრომდე კატეგორიულად უარყოფდნენ ამ პარტიის ხელმძღვანელები. პერიოდულად კულუარებიდან მაინც ჟონავდა ცნობები სხვადასხვა გავლენიენი ფიგურის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფის ლოკალურ ბრძოლებში გამარჯვება-დამარცხების თაობაზე. მაგალითად, 1995 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ერთის მხრივ, ზურაბ ჟვანიას ჯგუფის გამარჯვებისა და ვაჟა ლორთქიფანიძის წარუმატებლობის ნიშნით დასრულდა –თუ პირველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უპრობლემოდ აირჩიეს თავმჯდომარედ, მეორე შიდაპოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორეს რუსეთში ელჩად დანიშვნით. თუმცა, იმავე პერიოდში სახელმწიფო მინისტრად ნიკო ლეკიშვილის დანიშვნამ გარკვეულწილად დააბალანსა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციები. იმ მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, როცა პარლამენტის მხრიდან დაუსრულებელი კრიტიკით გაღიზიანებულმა ნიკო ლეკიშვილმა თანამდებობაზე თავად თქვა უარი, ოღონდ პოლიტიკაში დაბრუნების პირობა დადო, სახელმწიფო მინისტრად პარლამენტში წარმოდგენილ მმართველ პარტიას უკვე თავისი თანაპარტიელის, რუსეთში საქართველოს ელჩის ვაჟა ლორთქიფანიძის დამტკიცება მოუხდა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურა აღარ წამოუყენებია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავდა სამკუთხედის ჟვანია-ლორთქიფანიძე-ლეკიშვილის პაექრობის დასასრულს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ სამ პოლიტიკოსს თითქოს საერთო ბედისწერა აერთიანებთ. ერთის წარუმატებლობა თავისთავად აძლევს მეორეს წარმატების შანსს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ზურაბ ჟვანიას შინაგანი განცდები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ამ პოსტზე ვაჯა ლორთქიფანიძის კანდიდატურა დასახელდა.

ახლაც, მოქალაქეთა კავშირის ყრილობის წინ, სავარაუდოა, რომ ბრძოლა პარტიაში გავლენის შესანარჩუნებლად ისევ ამ სამი პიროვნების შორის გაიმართოს. თუმცა, ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა მოქალაქეების განცხადებების რედიკალიზმი შემცირდა. ყრილობამდე ორი დღით ადრე პარტიის გენერალური მდივანი ედვარდ სურმანიძე უცებ თითოეული წევრის განსაკუთრებულობაზე ალაპარაკდა. არადა, ერთი კვირის წინათ იგი აცხადებდა: [ედვარდ სურმანიძე – ხმა ] “ ჩვენ ფრაქციულ მიდგომებს პარტიაში ვერ დავუშვებთ. გამორიცხულია. პარტია ამ ყრილობიდან უნდა გამოვიდეს, როგორც ერთიანი, შეკრული და კოორდინიტრებული ორგანიზმი. სხვა შემთხვეავში, ალბათ, ზოგიერთებს მოუწევთ გადახედონ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს და თავისი თავი აღმოაჩინონ იქ, სადაც სურთ, რომ აღმოაჩინონ”.

პოზიციის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიუხედავად, საეჭვოა, 22 დეკემბერს დანიშნულმა ყრილობამ ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიაროს. დიდია შანსი, რომ მოქალაქეთა კავშირის ასე ვთქვათ ძველმა გვარდიამ ახალგაზრდა თაობას მაინც დასდოს ბრალად პრეზიდენტის პოლიტიკის ღალატში და პარტიიდან მათი გარიცხვაც მოითხოვოს. და თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდა, მოქალაქეთა კავშირის წევრებს არჩევანის გაკეთება პარტიის ლიდერის როლისთვის ისევ ვაჟა ლორთქიფანიძისა და ნიკო ლეკიშვილს შორის მოუხდება.

ვინ დაამტკიცა და ვინ ერჩის მთავრობის წევრებს.

წამყვანი: ერთ კვირაზე მეტია ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილის თავებს იკავებს ბადრი ბიწაძის დანიშვნა გენერალური პროკურორის მოადგილედ. ინფორმაციის საშუალებებიც არ ეხსნებიან ამ თემას. დგება პარლამენტის თავმჯდომარისადმი ნდობის საკითხი. ერთი გაზეთი ირწმუნება, თითქოს ნინო ბურჯანაძის გადაყენებას 105 დეპუტატი მოითხოვს, მეორე გაზეთი ამტკიცებს, რომ სპიკერს უნდობლობას პარლამენტის მხოლოდ 19 წევრი უცხადებს. პოპულარულ ტელევიზიათა საღამოს ეთერში ურთიერთს ხშირად ექიშპებიან პოლიტიკოსები ბურჯანაძის მეუღლის გენერალურ პროკურატურაში გადაყვანის გამო. ახალ მემარჯვნენეთა ფრაქცია დროებით წყვეტს პარლამენტის სხდომებზე დასწრებას და მოითხოვს გენერალური პროკურორის გადადგომას. ახლებს თავისი პროტესტით ხმას უერთებს აღორძინებაც. არადა, რამდენიმე კვირის წინ საქმე სხვაგვარად იყო; არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ელექტრონული ფოსტით გაავრცელა გენერალური პროკურორისა და თითოეული მინისტრის დამტკიცების კენჭისყრის ოფიციალური მონაცემები. დავით პაიჭაძე გაგაცნობთ ზოგიერთ მონაცემს, რაც, მისი აზრით, ქართველ პოლიტიკოსთა ახლომხედველობასა და თავად პოლიტიკის ცალმხრივ გაგებაზე მიუთითებს. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე: პირდაპირ უნდა ითქვას: ახალ მემარჯვენეებს გენერალური პროკურორის წინააღმდეგ ხმა არ ამოეღებათ: ფრაქციის თოთხმეტი წევრიდან სამი – ირაკლი ბათიაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და თამარ ნინოშვილი – სესიას არ ესწრებოდა, ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდა და კენჭისყრაში არ ჩართულა, ხოლო დანარჩენი ათი გაბრიჩიძის მხარდამჭერი გამოდგა. ”აღორძინებიდან” გენერალურ პროკურორს ერთადერთი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა: ასევე გენერალური პროკურორი, ოღონდ ყოფილი – ვახტანგ რაზმაძე. რაზმაძეს არგუმენტები არ გამოუთქვამს, თუმცა, ყველაზე საინტერესო, ალბათ ექს-გენპროკურორის აზრი იქნებოდა ყოფილ ხელქვეითზე.

გაბრიჩიძის პირველ მოადგილედ ბურჯანაძეების სიძის დანიშვნის გამო გენერალურ პროკურორთან “მოქალაქეთა” გარიგებაზე ლაპარაკი საფუძველს შეიძლება არც იყოს მოკლებული. რა, ახალმა მემარჯვენეებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ ”რკოს მივუტან ღორს და ღორი მომცემს ჯაგარს” ქართული პოლიტიკის ერთი ძირითადი პრინციპია? თავად ყოველთვის უარს ამბობდნენ ამ პრინციპით მოქმედებაზე? სხვათა შორის, კენჭისყრის ოფიციალურ მონაცემთა თანახმად, გენერალური პროკურორის დამტკიცებისას სესიას არ ესწრებოდა მოქალაქეთა ფრაქციის ცხრა წევრი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ორმა, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხოლო ორმა ხმა წინააღმდეგ მისცა. წინააღმდეგი იყო ორი ყოფილი თვალსაჩინო მოქალაქეც – კობა დავითაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ახალი მემარჯვენეები ის ფრაქციაა, რომელმაც მთელი მთავრობის გადაყენება მოითხოვა და მოთხოვნის შესრულების შემდეგ პრაქტიკულად ყველა მინისტრს მისცა ხმა ზურაბ ნოღაიდელის გარდა. თითო ხმა განათლებისა და ურბანიზაციის მინისტრთა წინააღმდეგ ანგარიშგასაწევი არ არის. ასევე ღიმილისმომგვრელია ”ახლების” წადილი, გადასდონ თავიანთი აღშფოთება საზოგადოებას. ეს უკანასკნელი შეეჩვია, რომ კორუფციული ურთიერთობები ლამის თავით ფეხებამდე განწონის ქართულ პოლიტიკურ კლასს და თავად პოლიტიკის ცნება თანდათან კარგავს სახელმწიფოს მართვის შინაარსს. პოლიტიკა ჩვენში, აკაკი ბაქრაძის თქმისა არ იყოს, ციდამტკაველური ინტრიგების გარემო უფროა, სადაც ადამიანები, თავს პოლიტიკოსად რომ მიიჩნევენ, ერთმანეთს საქმეს ურჩევენ კონკრეტულ დანიშვნა-გარიგებათა გამო; ამას საქართველოში პოლიტიკური დებატები ეწოდება. შესაბამისად, პოლიტიკური სარგებლიანობა მთლიანად დაიყვანება პირად გამორჩენამდე, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესთან. რაც შეეხება პროტესტის კიდევ ერთ ფორმას, პარლამენტის სხდომათა ბოიკოტირებას, ვერც ამით შეძრავ და გააკვირვებ ვინმეს ჩვენს ქვეყანაში. ბოიკოტის გამოცდილება წინა პარლამენტიდან მოჰყვება ფრაქცია აღორძინებას, რომელიც კარგა ხანს სხდომებზე არ შედიოდა, მაგრამ ამას პარლამენტის მუშაობაზე კვალი არ დაუტყვია. ვინ შეამჩნევს დარბაზში 14 ”მემარჯვენის” არყოფნას, როცა სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების მომენტში დეპუტატები ისედაც თითზე ჩამოსათვლელნი არიან; და საერთოდ, თუ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ასე გააგრძელეს, ვინ რად ჩააგდებს პარლამენტს, რომელმაც შევარდნაძეს ყველა სურვილი შეუსრულა ერთის – სამინისტროთა გაერთიანების გარდა?


ინტერვიუ ანა გვაზავასთან და ნინო გოგოლაძესთან

წამყვანი: მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმრები არიან ანა გვაზავა და ნინო გოგოლაძე: ორივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. ანა და ნინო ამჟამად იმყოფებიან პრაღაში, სადაც პარასკევს საღამოს დასრულდა ”ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო კონფერენცია”. კონფერენციის რამდენიმე სხდომას რადიო თავისუფლებამ უმასპინძლა, ასე რომ ნინო გოგოლაძე და ანა გვაზავა ჩვენს რედაქციაშიც გვესტუმრნენ. მათ მარიამ ჭიაურელი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია


გარდაიცვალა ჟილბერ ბეკო

წამყვანი: სამშაბათს პარიზში 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული შანსონის ერთ-ერთი უკანასკნელი ვარსკვლავი ჟილბერ ბეკო. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჯაკ შირაკმა, განაცხადა, ბეკო იყო ”ფრანგული შანსონის დესპანი – ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელმოხვეჭილი და მომაჯადოებელი ხმა.” ”ახლა მხოლოდ შარლ აზნავური დარჩა. ფრანგული შანსონის ყველა დიდი ოსტატი წავიდაო” – წერდა ერთი გაზეთი.

ჟილბერ ბეკო, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა ლეოპოლდ სილი, 1927 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ ტულონში. ეს მრავალმხრივი ხელოვანი 50-60-იან წლებში იქცა ფრანგული შანსონის საერთაშორისო რანგის ფიგურად. მსოფლიო სახელი მოიხვეჭა სიმღერით ”ნატალი”, (რომელმაც ჩვენი სიუჟეტის თავში გაიჟღერა.) მის მუდმივ ჰიტებს შორის იყო ისეთი სიმღერები, როგორიცაა, მაგალითად ”L’important c’est la rose” და ¨Et maintenant”.

გამოჩენილმა შანსონიემ სცენას რამდენჯერმე დაანება თავი, მაგრამ ყოველთვის კიდევ უფრო თავბრუდამხვევი იყო მისი ყოველი დაბრუნება. ბეკო, რომელიც 1952 წელს აღმოაჩინა ედიტ პიაფმა, ორმოცდაათი წლის მანძილზე იღვწოდა შოუბიზნესში.

იგი კინოშიც მოღვაწეობდა. ნათამაშები აქვს მთელ რიგ ფიმებში, რომელთათვის მუსიკასაც წერდა. ჩვენს რადიომსმენელებს შევახსენებ, რომ მას ეკუთვნის, სხვათა შორის, მუსიკა გახმაურებული კინოფილმისთვის ”ბაბეტა მიდის ომში” ბრიჟიტ ბარდოს მონაწილეობით.

”მუსიე 100 000 ვოლტი”, როგორც მას უწოდებდნენ ერთობ დინამიური გამოსვლებისთვის, 1998 წლიდან მოკიდებული იყო პირის ღრუს კიბოთი დაავადებული, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია მუშაობა და კონცერტებზე გამოსვლა.

საფრანგეთის კულტურის მინისტრმა კატრინ ტაკსამ ბეკოს ნაღვაწს ”სიყვარულის ანდერძი” უწოდა. ტაკსა თქმით, ”თავისი საოცარი შანსონებით იგი თითქმის 50 წლის მანძილზე ანიჭებდა ჩვენს ცხოვრებას რიტმს და მთელი მსოფლიოს ადამიანების ცხოვრებას სითბოს.”
XS
SM
MD
LG