Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპრომისების რაობა საქართველოს უახლეს ისტორიაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 22 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება საკმაოდ უმადური საქმეა.

მოლოდინის მიუხედავად, 22 დეკემბერს გამართული მოქალაქეთა კავშირის ყრილობა ყოველგვარი სკანდალების გარეშე, მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა. თუმცა, საეჭვოა, ამან ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში დაწყებული რღვევის პროცესი შეაჩეროს.

წარმატებული პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი კომპრომისის ხელოვნების ფლობის დემონსტრირება ისევ მოქალაქეთა კავშირის აწ უკვე რიგითმა წევრმა ედუარდ შევარდნაძემ მოახდინა, როცა ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისას შეძლო საკმაოდ გამძაფრებული სიტუაციის განეიტრალება. მმართველი პარტიის შიგნით დაწყებული საქმის გარჩევის ხმაურიანი პროცესი 22 დეკემბერს მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე პარტიის სტრუქტურული ცვლილებით დასრულდა. ამიერიდან პარტიას თავმჯდომარე კი არა, 9-კაციანი საორგანიზაციო კომიტეტი უხელმძღვანელებს. კომიტეტის წევრები შეითავსებენ თავმჯდომარის, მთავარი საბჭოსა და გენერალური მდივნის უფლებამოსილელებს.

გულახდილად რომ ითქვას, დღეს ძალიან ძნელია იმის განჭვრეტა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება პარტიის კოლექტიური ხელმძღვანელობის მცდელობა. საქართველოში ხომ ლამის წესად იქცა პოლიტიკური ორგანიზაციების ქარიზმატულ ლიდერთან პერსონიფიცირება. ასე იყო მოქალაქეთა კავშირთან მიმართებაშიც, რომელიც აქამდე ედუარდ შევარდნაძის პარტიად აღიქმებოდა. პარტიული მმართველობის ცვლის მიუხედავად, მმართველ პარტიას რომ ლიდერი ეყოლება - ფაქტია. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძეს ასეთ ლიდერად ზურაბ ჟვანია წარმოუდგენია. თავად ზურაბ ჟვანია მოქალაქეთა კავშირის რეორგანიზაციის დასაწყისს უწოდებს 22 დეკემბერს გამართულ ყრილობას და პარტიის უმთავრეს მიზნად კონსოლიდაციასა და ერთიანი თანამშრომლობის მუხტის შექმნას ასახელებს. მისივე ვარაუდით, პარტიის წევრები აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად უნდა შეეცადონ მომავალი თანამშრომლობისთვის ღირსეული გზების გამონახვას, რადგან “საქართველოს აღარ სჭირდება რევოლუციები, რომლებიც მცირე მონაპოვარსაც დაანგრევს და ნაცარტუტად აქეცს, რისი შექმნაც შევძელით”.

პარტიის რეორგანიზაცია ნამდვილად ღირსეული მიზანია. სხვა საქმეა, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ეს რეორგანიზაცია. თუ მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი – კომუნისტური –პარტიის რეორგანიზაციის მცდელობით მიღებულ შედეგს გავიხსენებთ, პერსპექტივა მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ უნდა გამოიყურებოდეს. რაც არ უნდა უარყოფდეს დღეს განახლების გზაზე მდგომი მოქალაქეთა კავშირი ზურაბ ჟვანიას სახით, რომ აღარ შეასრულებს ხელისუფლების ადვოკატის ფუნქციას, მოქალაქეთა კავშირი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასოცირებული ხელისუფლებასთან.

და მაინც, მმართველი პარტიის ელიტის წრეში მიღწეული კომპრომისი, რაც პარტიის შენარჩუნების გადაწყვეტილებაში გამოიხატა, უმიზეზო ნამდვილად არ არის. ამით პრეზიდენტმა პოზიციები გაიმაგრა საიმისოდ, რომ პარლამენტის მხრიდან პრობლემები არ შეექმნეს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კი კარტბლანში მიიღო საკუთარი პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG