Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა 21-ე საუკუნის რეალობამ ქართველი ახალგაზრდების ცხოვრებაში.


ავტორები: ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი როგორ და რა სახით ცოცხლობს საქართველოში კომკავშირი?

რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა 21-ე საუკუნის რეალობამ ქართველი ახალგაზრდების ცხოვრებაში. რამდენად განიცდიან ისინი იმ ეპოქის გავლენას, რომელიც შორეული ბავშვობის მოგონებად დარჩა. როგორ და რა სახით ცოცხლობს საქართველოში კომკავშირი? ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რატომ ტოვებენ ახალგაზრდა მოქკავშირელები პარტიას, მოგვიანებით კი ახალგაზრდული პარლამენტის შესახებაც ვისაუბრებთ.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი 2 წლის წინ შეიქმნა და
სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისგან დაკომპლექტდა, თანაც არჩევნების საფუძველზე. ნამდვილი პარლამენტისგან განსხვავებით, მასში მხოლოდ 146 დეპუტატია გაერთიანებული. განვლილი 2 წლის მანძილზე ახალგაზრდული პარლამენტის წევრები სხვადასხვა კომიტეტებში მუშაობდნენ, თავის უფროს კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და როგორც თავად აღნიშნავენ, მათგან ბევრი რამეც ისწავლეს. ისინი ახლა უკვე განვლილ საქმიანობას აჯამებენ და დიდ პოლიტიკაში მოსვლაზეც ოცნებობენ, ასე იწყებოდა კომკავშირშიც.
ყოფილი კომკავშირელებისა არ იყოს, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც, ხელისუფლებას ახალგაზრდობაზე ზრუნვას უქებენ. მათ შესახებ ეკა წამალაშვილი ისაუბრებს.

ახალგაზრდული პარლამენტის 22 დეკემბრის სესია, რომელიც 2-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ სესიას წარმოადგენდა, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა. იქ წარმოდგენილი გოგო-ბიჭები ნამდვილი დეპუტატების სავარძლებში ისხდნენ და მოწვეული სტუმრების, შემდეგ კი სპიკერატის წარმომადგენლების გამოსვლებს ისმენდნენ. თავი ნამდვილი პარლამენტარებივით ეჭირათ, თუმცა ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, რეპლიკებისგან თავს იკავებდნენ. ახალგაზრდული პარლამენტის სესია უაღრესად კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა. არ იყო კამათი და, რაც მთავარია, არ იყო განსხვავებული მოსაზრება, ყოველ შემთხვევაში ჩემი იქ ყოფნისას მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ეტყობა, ახალგაზრდა დეპუტატთა უმეტესობა მთლიანად იზიარებდა სპიკერის, გიორგი კვაბზირიძის, გამოსვლას, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელისუფლებისადმი მადლიერების გრძნობით იყო გამსჭვალული.

“მე მეამაყება, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ჩვენი პარლამენტის საქმიანობა და თქვა, რომ ახალგაზრდობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია.”

[გიორგი კვაბზირიძის ხმა] “სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მაგალითებად აღვიქვავ პარლამენტის კომიტეტებთან, სახელმწიფო კანცელარიის სამსახურების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების პირველ პირებთან აქტიურ თანამშრომლობას (თუ შეიძლება ერთი თხოვნა მექნება, ყველამ გამორთეთ მობილურები, წინასწარ გიხდით მადლობას), რომელთა მხრიდანაც არაერთხელ იქნა აღმოჩენილი ჩვენს მიმართ დახმარება.”

თავის გამოსვლაში ახალგაზრდული პარლამენტის სპიკერმა მადლობა გამოხატა იმ ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც მის ორგანიზაციას სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში დაეხმარნენ, პროექტები კი მშობელთა ზრუნვას მოკლებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევას, სასწავლო სემინარების ჩატარებას, ახალგაზრდებისთვის კონცერტების გამართვას და სხვა ღონისძიებებს გულისხმობდა.

ასეთი ღონისძიებების ორგანიზების გარდა, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა გამოცდილება საკანონმდებლო საქმიანობაშიც მიიღეს, რაშიც უფროსი კანონმდებლები დაეხმარნენ. მათ ახალგაზრდების ამ ნაწილის თვალში მაინც მოახერხეს, სამაგალითონი გამხდარიყვნენ. ამდენად, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები არ აძლევენ თავს უფლებას ნამდვილი პარლამენტის საქმიანობაში უარყოფითი მხარეებიც დაინახონ.

[ქეთი ქემოკლიძის ხმა] “მე არ მივცემ თავს უფლებას მუქ ფერებში განვსაჯო ჩვენი პარლამენტის საქმიანობა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ უფრო მეტი გამოცდილება და მეტი პროფესიონალიზმი რომ ჰქონდეთ დეპუტატებს, უფრო ნაყოფიერი იქნებოდა მათი საქმიანობა. ეს არც არის გასაკვირი, სხვა რელსებზე გადავიდა ჩვენი ცხოვრება. არ ვიყავით მიჩვეულნი ამ სტრუქტურაში მუშაობას, ალბათ ნელ-ნელა ყველაფერი დაიხვეწება”, - ამბობს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ქეთი ქემოკლიძე და დასძენს, რომ აპოლიტიკური ორგანიზაციის, ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატები, არავითარი პრივილეგიებით არ სარგებლობენ და ახალგაზრდა თაობის იმ ნაწილს წარმოადგენენ, რომლის მიერ მიღებული გამოცდილებაც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანიზაციის მუშაობის დახვეწას წაადგება. მოკლედ მიზანი სახეზეა:

[ქეთი ქემოკლიძის ხმა] “ ამ ორი წლის მანძილზე მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, თუ დააპირებს რომელიმე ჩვენგანი დეპუტატობას, ეს გამოცდილება ძალიან გამოადგება, რადგან ჩვენ ახალგაზრდა ასაკიდან ვეჩვევით პარლამენტში მუშაობის სპეციფიკას, სტილს."

სხვათაშორის ახალგაზრდული პარლამენტის 22 დეკემბრის სესიაზე მიწვეულმა ერთერთმა სტუმარმა, პატარა დეპუტატებს უსურვა არ დაემსგავსონ უფროს დეპუტატებს, იმათ, ვინც თავის უმცროს კოლეგებს ბევრი რამ ასწავლა და ეს სწორი შენიშვნა იყო.

დრო ყველაფრის მკურნალია, მოვა დრო, როცა კომკავშირული გზები ისტორიას სამუდამოდ ჩაბარდება. თუმცა, ცხოვრების და კარიერის შექმნის ეს გზები 21-ე საუკუნის საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს, ჯერ კიდევ სასურველია, მათ შორის იმ თაობაშიც კი, რომელსაც კომკავშირი თვალითაც არ უნახავს. იმ გზებს, იმ მეთოდებს, მათ უფროსი თაობა სთავაზობს. ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელთა დიდ უმრავლესობას ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითის მიცემა არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG