Accessibility links

საახალწლოდ თბილისს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.


“ეი-ი-ეს თელასის” პირობებზე საქართველოს ხელისუფლების დათანხმებამ შედეგი გამოიღო და დღემდე თბილისს ელექტროენერგია, წინა წლებთან შედარებით, უფრო სტაბილურად მიეწოდება.

თუმცა თელასის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების დავალიანება და საქართველოს ენერგეტიკაში არსებული პოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტი, დედაქალაქს საახალწლოდ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენით ემუქრება.

თბილისელები შედარებით მშვიდად შეხვდნენ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ხნის მანძილზე ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი არ იგრძნობოდა. ახალი წლის წინა დღეებში კი ცნობილი ხდება, რომ „ეი-ი-ეს თელასის“ 11 მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად მის მიმართ საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე პირნათელი არ ყოფილა.

თბილისის სტაბილური ელექტრომომარაგება უამრავ სათუო პირობაზე იყო აგებული. ამას არც თელასის გენერალური მენეჯერი იგნასიო ირიბარენი უარყოფდა და ამიტომაც, მოსახლეობის წინაშე 24-საათიანი უწყვეტი ელექტრმომარაგების გარანტიის მიცემაზე უარს ამბობდა. თუ აქამდე ამის მიზეზი ის იყო, რაც თელასის 11 მოთხოვნაში აისახა და რაც უპირობოდ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობამ, ახლა საქმე ისაა, რომ თელასს ეი-ი-ესის სათაო ოფისმა დაფინანსება შეუწყვიტა და ის ფულის დეფიციტს განიცდის. ანუ თვითდაფინანსებაზე მყოფ თელასს, მომხმარებელთაგან დენის საფასურის ამოღება უჭირს. ბოლო დრომდე არასტაბილური ელექტრომომარაგებით გაწამებული უბრალო მოსახლეობა უფრო კეთილსინდისიერი გადამხდელი აღმოჩნდა, ვიდრე უწყვეტი დენით განებივრებული სახელმწიფო სტრუქტურები. “ეი-ი-ეს თელასის” მენეჯერის თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით: [სტამბოლიშვილის ხმა] “ეი-ი-ეს თელასს თავად უწევს ნაღდი ფულის გადახდა ბუნებრივ აირში, რომლითაც მუშაობს მეცხრე-მეათე ბლოკი. ასე რომ თუ არ მოხდა თანხის ამოღება, მარტივად რომ ვთქვათ შეუძლებელი გახდება ამ ბუნებრივი აირის შესყიდვა.“

თელასის მიმართ 4,5 მილიონი ლარის ჯამური დავალიანება აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობას. მათ შორის არიან: განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის, პროკურატურის, სასამართლოს, მეცნიერებათა აკადემიის უწყებები და რაც ყველაზე კურიოზულად გამოიყურება, თელასის მიმართ მოხმარებული დენის საფასურის დავალიანება აქვს, თავად სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსაც. მინისტრ დავით მირცხულავას განცხადება: [მირცხულავას ხმა] „მე მომხრე ვარ, რომ ელექტროენერგია იყიდებოდეს და ამაში ის, რომ თუ ჩემი ორგანიზაცია და ბიუჯეტი... ე.ი. იმიტომ, რომ ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ, თანხას ვერ ვიხდით, ბუნებრივია, უნდა გავითიშოთ და სხვა სამინისტროებიც, რომლებიც თანხას ვერ იხდიან.“

თუმცა არგადამხდელი სამინისტროების გათიშვა ვერაფერი ნუგეში და გამოსავალია. “ეი-ი-ეს თელასმა”, საქართველოში გაზის ექსკლუზიურ იმპორტიორს - „იტერას“, თბილსრესის მეცხრე და მეათე ენერგობლოკებისათვის საჭირო ბუნებრივი აირის შესაძენად საჭირო თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით, წინასწარ უნდა გადაუხადოს. ამას ემატება ისიც, რომ არ შესრულდა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დანაპირები, რომლის მიხედვითაც, ელექტრო ენერგიის საბითუმო ბაზრის 30 მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ ეი-ი-ესი იტერასაგან 6 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირს მიიღებდა.

ამ დღეებში ირკვევა, რომ იტერა უარს აცხადებს თბილსრესის მეცხრე და მეათე ენერგობლოკებს ბუნებრივი აირი მიაწოდოს. თელასის ლობისტები თვლიან, რომ სახელმწიფოს მიერ 6 მილიონად შესყიდული იტერას გაზი სხვა ენერგო ბლოკს ხმარდება. ეი-ი-ესის ლობისტი კომპანიის წარმომადგენელის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, 6 მილიონი დოლარის ხარჯი “ეი-ი-ეს”ს ბიზნეს გეგმაში გათვალისწინებული არ ჰქონდა და ხელისუფლების მიერ მიცემულ სიტყვას ენდობოდა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით მან ყველაფერი გააკეთა, რომ თელასს აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ბუნებრივი აირი მიეღო. თუმცა არავინ აკონკრეტებს ეს მცდელობები უშედეგოდ რატომ დამთავრდა.

ენერგეტიკის სამინისტრო თავს იმით იმართლებს, რომ ახალ წლამდე ეი-ი-ესი სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის კომპენსაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 3 მილიონ ლარს მიიღებს. ამავე მიზნით შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი 5 მილიონი დოლარი, თელასს ვადაზე ადრე, ერთბაშად გადაეცემა. ამ საკითხებზე კონსულტაციები 21 დეკემბერს გვიან ღამით დამთავრდა. თუმცა ფულის გამოყოფით ყველა პრობლემა არ გვარდება.

აქამდე იტერას თელასისათვის ბუნებრივი გაზის მიყიდვაზე უარი არაერთხელ განუცხადებია. გასულ თვეში მან რამდენჯერმე შეაფერხა ეი-ი-ესისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყება, იმისდა მიუხედავად, რომ ხელშეკრულებაც გაფორმებული და ფულიც წინასწარ გადახდილი იყო.

თელასში იმედოვნებენ, რომ გაზის ალტერნატიული მომწოდებლის პოვნას ახალ წლამდე შეძლებენ. თუ ახალი წლის პირველ დღეებში უდენობას გადავურჩით, უიმედოდ გამოიყურება 2002 წლის პირველ თვეებში თბილისის უწყვეტი დენით უზრუნველყოფა. 5 მილიონის გაზი უცებ დაიხარჯება და თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა არსებული დავალიანების დაფარვა ვერ შეძლეს, თებერვალ-მარტში “ეი-ი-ესი” კვლავ უფულოდ აღმოჩნდება, შესაბამისად, თბილისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
XS
SM
MD
LG