Accessibility links

logo-print

გახდება თუ არა შევარდნაძის ახალი მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის ”მესაფლავე”?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები წარადგინა.

თავად კანონპროექტი დასრულებული სახით ფაქტობრივად ჯერ არ არსებობს, რადგან მისი პირვანდელი ვარიანტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ემისრებთან გადიოდა ექსპერტიზას.

თავად ფონდის მისია კი, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში იყო დაგეგმილი მოგვიანებით შედგა და შესაბამისად პარამეტრების შეთანხმება ამ ორგანიზაციასთან დაგვიანდა. ყოველივე ეს იმის მაუწყებელია, რომ ხელისუფლება კვლავ დაარღვევს საკონსტიტუციო ვადებს და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წელს ვერ დაამტკიცებს, რითაც ბოლო წლების არც თუ სასიკეთო ტრადიციას გააგრძელებს. თუ კალენდარული წლის დასაწყისში მთავარი ეკონომიკური კანონი არ არის დამტკიცებული, ქვეყანას ისევ ძველი, ანუ ამ შემთხვევაში 2001 წლის ბიუჯეტის შესაბამისად უწევს ხარჯების დაფინანსება.

ყოველი წლის ბოლოს ფინანსთა სამინისტრო და მთლიანად ეკონომიკური ბლოკი მომავალი წლის მთავარი ეკონომიკური კანონის მიმართ ერთობ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და წარმოდგენილი პროექტის შესრულებას რეალისტურად მიიჩნევენ, თუმცა 1998 წლიდან მოყოლებული ეს ოპტიმიზმი დეკემბრის ბოლოს, როგორც წესი, მწარე იმედისგაცრუებით გვეცვლება.

საინტერესოა, რომ იმედისმომცემი განცხადებები არც ამჯერად გვაკლია. ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტი მომავალი წლის ბიუჯეტს შესრულებას უწინასწარმეტყველებს, უფრო მეტიც, ბიუჯეტი 2002 შესაძლოა ეპოქალურიც გახდეს და ჯერ კიდევ წელს შეპირებულ ქართულ ეკონომიკურ სასწაულს (რომელსაც ვერა და ვერ ვეღისეთ) მისცეს ბიძგი.

ამ კვირას საქართველოს პარლამენტი შეუდგება 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და დასძენს, რომ საუბარია “კრიზისის საბოლოოდ დაძლევის ბიუჯეტის” შესახებ. “საამისოდ ქვეყანას გააჩნია რესურსები, თუმცა მათ ამოქმედებას კორუფცია უშლის ხელს”, - სწუხს პრეზიდენტი, თუმცა აქვე გვამშვიდებს, რომ “აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების გატარება, ასევე საჭიროა შემუშავდეს წინადადებები, რომლებიც საქართველოში კონტრაბანდის შემოტანას შეაფერხებენ”. შევარდნაძე საბიუჯეტო კრიზისი დასამარებას წელსაც გვპირდებოდა, თუმცა დღეისათვის ძირითადი ეკონომიკური კანონი ერთხელ უკვე მოვკვეცეთ 180 მილიონი ლარით და თანაც სეკვესტრის განმეორებითი მტკივნეული პროცედურის ამოქმედების პერსპექტივა ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

ოპტიმის დეფიციტს ვერც საგადასახაო შემოსავლების მინისტრს დავწამებთ. იგი ძირითადი ეკონომიკური კანონის პარამეტრებს რეალურს უწოდებს და ვარაუდობს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საშემოსავლო ნაწილის მილიარდ 69 მილიონი ლარის შესრულებას. ”სახელმწიფო ბიუჯეტის აღნიშნული პარამეტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული და იგი რეალურ საშემოსავლო ბაზას ემყარება”, აღნიშნავს ძნელაძე.
მისივე თქმით, თავდაპირველად აღნიშნული საბიუჯეტო პარამეტრი მილიარდ ლარზე ნაკლები იყო, რომლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მილიარ 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა მომავალ წელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საშემოსავლო ნაწილში მილიარდ 69 მილიონ ლარი დაფიქსირდა.

სხვა პარამეტრები კი ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: მშპ-ს ზრდა 2002 წელს დაგეგმილია 4,5 პროცენტის დონეზე, წლიურმა ინფლაციამ არ უნდა გადააჭარბოს 5 პროცენტს, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,15-ს.

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო საგადასახადო ბაზის გარკვეული შემცირება, რაც ენერგეტიკული სექტორის საწარმოთათვის შეღავათების მიცემის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. ასევე, მინისტრის თქმით, ვარაუდობენ, რომ საქართველოში მდგომარეობაზე თავის გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის შენელება. ფინანსთა სამინისტრო აქვე საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს იშველიებს. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, სსფ-ს მისიასთან შეხვედრისას, მისმა ხელმძღვანელმა დევიდ ოუენმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია უზრუნველყოს 25-30 მლნ ლარის დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები. პრეზიდენტის აზრით, ეს თანხა შეადგენს არანაკლებ 100 მლნ ლარს. “ამრიგად, შეიძლება საუბარი ქვეყნის ბიუჯეტის რეალურ მარაგზე, რომელთა გამოყენების შემთხვევაში არ იქნება პრობლემები სამართლებლივი რეფორმისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაში”, კვლავ ოპტიმისტურია ედუარდ შევარდნაძე.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია უკმაყოფილო. ანუ როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო სახელისუფლებო ვერტიკალში ამ საკითხთან დაკავშირებით შესაშური ერთსულოვნება სუფევს. ამ პათოსით თუ ვიმსჯელებთ ბიუჯეტი 2002 შესაძლოა მართლად რევოლუციურად მოგეჩვენოთ და პერმანენტურად ”გარღვეული” კანონის ნაცლად მომავალი წელი პირველად საქართველოს ისტორიაში პროფიციტითაც კი დავასრულოთ.

მაგრამ სახელისუფლებო სტრუქტურებში დაბუდებული კორუფციის, საგადასახადო კანონმდებლობის ქაოტურობის, სუსტი ადმინისტრირების და გადასახადის გადამხდელის ინსტიტუტის ფაქტობრივად არ არსებობის გამო, საბიუჯეტო კრიზისის დასამარებაში საზოგადოების დარწმუნება ჩვენს ზედმეტად ოპტიმისტ მთავრობას მეტისმეტად გაუძნელდება. აქ უფრო საინტერესო ალბათ ის არის თავად კრიზისის ”მესაფლავეებს” თუ სჯერათ საკუთარი განცხადებების.
XS
SM
MD
LG