Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვლენების სიმცირით არც გასული კვირა გამოირჩეოდა საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჟურნალისტების ყურადღების გარეშე არ დარჩა არც პრეზიდენტის მოულოდნელი რისხვა ახლადდანიშნული მთავრობის წევრების მისამართით.

არც სახელმწიფო მინისტრის დამტკიცება და არც მმართველ პარტიაში ძალების გადანაწილების შესაძლო ვარიანტები. თუმცა, გასული კვირის პრესით თუ ვიმსჯელებთ, პოპულარულობას არ კარგავდა თემა პარლამენტში მოვლენების განვითარების შესახებ, სადაც სხდომების ბოიკოტირების საკითხი ისევ აქტუალური გახდა. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” სწორედ სხდომების ბოიკოტირებით გამოხატავენ თავის პროტესტს გენერალური პროკურორის მოადგილედ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის დანიშნვის გამო. 19 დეკემბრის გაზეთ “ახალი თაობის” ცნობით, ბურჯანაძის გადადგომას 105 დეპუტატი ითხოვს. გაზეთი წერს:

“პარლამენტის კულუარებში ბურჯანაძის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ. ახლებმა რადიკალურ ქმედებებს მიმართეს და პლენარული სხდომების ბოიკოტირება გადაწყვიტეს. 18 კაციანმა საპარლამენტო ფრაქციამ ნინო ბურჯანაძის საიმპიჩმენტო პროცედურის ამუშავებაზე დაიწყო ზრუნვა. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ბურჯანაძის, როგორც უკვე სუსტი პარლამენტის თვმჯდომარის საწინააღმდეგოდ 105 დეპუტატი შესაძლოა მოგროვდეს. თუ კონსულტაციები ფრაქციებს შორის ამ მიმართულებით ნაყოფიერად ჩაივლის, 118 ხმის მოგროვებას იმპიჩმენტის განსახორციელებლად წინ არაფერი დაუდგება. როგორც ცნობილია, იმპიჩმენტის ასამოქმედებლად 79 დეპუტატია საჭირო, ხოლო გადასაყენებლად 118 ხმა უნდა მოგროვდეს. მიკლედ, პარლამენტის თავმჯდომარეს ახლებმა სავარძელი საფუძვლიანად შეურყიეს მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარე მანდილოსანია.”

22 დეკემბრის გაზეთი “ალია” მკითხველს ანტიკორუფციული საბჭოს დასკვნას აცნობს, რომელიც ისევ და ისევ ბადრი ბიწაძის დაწინაურების კანონიერების საკითხს ეხება. როგორც გახსოვთ, ამგავრი დასკვნის გაკეთების თხოვნით ანტიკორუფციულ საბჭოს ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” მიმართეს. რა დაადგინა ანტიკორუფციულმა საბჭომ?

“პირველი ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კანონები საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ არ დაურღვევია.საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ “თანამდებობის პირის სამსახურეობრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში მომუშავე პირებზე”.ახალი მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ბურჯანაძე ბიწაძეს სამსახურეობრივ ზედამხედველობას უწევს.

მაგრამ, სამწუხაროდ, კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ არ განმარტავს ტერმინს “სამსახურეობრივი ზედამხედველობა”. ასევე არაფერს ამბობს აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, შეაჩეროს პროკურორის მიერ გამოცემული აქტები, ჩაერიოს მის საქმიანობაში. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, ამ უწყებაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციის მოსმენით.

მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ კონტროლი ბურჯანაძეს კანონის გვერდის ავლითაც შეეძლო განეხორციელებინა. ბოლოს და ბოლოს, მეტი კონტროლი რაღა გინდათ, გენერალური პროკურორი პარლამენტის თავმჯდომარის ხელდასმულია.

ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიწაძის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა, მაგრამ მორალური თვალსაზრისით რომ აშკარა დისონანსი შეიქმნა, ამას ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტებიც აღიარებენ.

გამოსავალი კი ასეთია. კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს. გამოსავალიც მარტივად მოიძებნა. ანტიკორუფციული საბჭო წარმოადგენს კანონში ცვლილებების პროექტს. მაგრამ, ამასთანავე მოითხოვს, პარლამენტმა ამ შესწორებას უმოკლეს ხანში უყაროს კენჭი. უკვე მომზადებული შესწორების მიხედვით კი, დაუშვებელი იქნება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს უმაღლეს თანამდებობებზე ახლო ნათესავების დანიშვნა. კანონში შესატანი ცვლილება ბიწაძის მდგომარეობას არ შეცვლის. ამიტომ საეჭვოა, რომ პარლამენტარებმა კანონში ცვლილების შეტანა იჩქარონ.”

20 დეკემბრის დილის გაზეთის იუწყება, რომ, მართალია მემარჯვენეების ბოიკოტირებას ჯერ სხვა ფრაქციები არ შეერთებიან, მაგრამ ამ საკითხზე ფრაქცია აღორძინებაც ფიქრობს. როგორც ირკვევა, “ბათუმელებისთვის” პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის _ბადრი ბიწაძის გენპროკურორის მოადგილედ დანიშვნა ბოიკოტის დასაწყებად, იურიდიული თვალსაზრისით, საკმარისი არ არის. ამავე დროს, ვალერი გელბახიანის განცხადებით, თუ გენერალური პროკუროტი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დროს ბიულეტენების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პარლამენტს სათანადო ინფორმაციას არ მიაწვდის, ეჭვი იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ გარიგებას აქვს ადგილი, საფუძვლიანი გახდება. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ აღორძინებაც ახლების გზას დაადგეს ანუ ბოიკოტს მიმართოს. 21 დეკემბრის გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ასეთივე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ აცხადებს სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილიც. მისი განმარტებით:

“ეს კონფლიქტი პარლამენტმა აუცილებლად უნდა ჩააქროს. ახლების მოთხოვნა სწორია. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ულამაზოა, როცა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისათანავე ბურჯანაძის მეუღლე თანამდებობაზე ინიშნება. მით უმეტეს, რომ დღეს პროკურატურაში იხილება საკითხი დაშვებული გაყალბების შესახებ პარლამენტში არჩევის დროს. ქალბატონმა ნინომ განაცხადა, რომ ეს გაყალბება არ ყოფილა, არამდედ მცდელობა, რომ დარღვეულიყო ფარული არჩევნების წესი. გაყალბება კი სხვა არაფერია...გაყალბებულ არჩევნებს რომ იმ ორგანოში იძიებენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ინიშნება პირველ მოადგილედ, ეს ქალბატონი ნინოსთვისაც ცუდია, პარლამენტისთვისაც და, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მიუღებელია. თუმცა, ამ ყველაფრის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ნინოს გადადგომას ჩვენ არ ვითხოვთ. ნინო ხომ ვერ მოხსნის თავის ქმარს? ეს უნდა გააკეთოს გენპროკურორმა. შევარდნაძესთან შეთანხმებით გაბრიჩიძემ ბიწაძე თავის ადგილზე უნდა დააბრუნოს. ხომ ამბობენ ბიწაძე და ბურჯანაძე, არავითარი დაწინაურება არ მომხდარაო და ეს არის ჰორიზონტალური გადასვლა. ჰოდა, ისევ ჰორიზონტალურად გადმოანაცვლონ უკან და ნუ უშლიან ნერვებს ამ ხალხსაც და პარლამენტსაც.”

ამ კვირაში უნდობლობის დემონსტირება მთავრობის სხდომაზეც მოხდა –20 დეკემბრის “დილის გაზეთის” ცნობით, პრეზიდენტმა საკუთარ თავს ღია უნდობლობა გამოუცხადა. ედუარდ შევარდნაძეს არ მოსწონს მთავრობის წევრთა არც მუშაობის სტილი და არც კომპეტენტურობა. ნიშნავს ეს იმას, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება იწყება თუ უბრალო მანევრთან გვაქვს საქმე პარტიული ყრილობის წინ, უცნობია. რაც შეეხება პარტიულ ყრილობას- 20 დეკემბრის გაზეთ “რეზონანსის” ვარაუდით, როგორც ჩანს, ყრილობაზე ისეთი წვიმა არ იქნება, როგორც ქუხილი ყრილობამდე. 21 დეკემბრის გაზეთი “სპექტრი” კი დიდი პოლიტიკური აფიორის შესახებ წერს, რაც განშორების იმიტაციაში გამოიხატება დიადი პოლიტიკური მიზნების ხათრით. კერძოდ:

“ მართალია, შევარდნაძე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ გულგრილი ვერ დატოვებს იმ პროცესებს, რაც მის ყოფილ პარტიაში ხდება. გული მას, როგორც ჩანს, არც ჟვანიას მიმართ გაგრილებია და არც ყველაზე მყვირალა შვილი – სააკაშვილი მოუკვეთია საბოლოოდ. ყოველ შემთხვევაში, შევარდნაძე აშკარად მზად არის, ჩაერთოს იმ ახალ პოლიტიკურ აფიორაში, რასაც მისი შვილობილები იწყებენ. ამ აფიორის მოკლე სქემა კი ასეთია: ერთ დროს მმართველი ძალა დროებით იშლება, რათა შემდეგ ისევ შეერთდეს და კიდევ დიდხანს მართოს ჩვენი ქვეყანა. ასეთი გადათამაშების აუცილებლობის წინაშე ჩვენი მმართველები იმ დაგროვილმა პასუხისმგებლობამ დააყენა, რომელსავ ვერავინ გაექცევა. მათ მიერ მოფიქრებული სქრმის მიხედვით კი, უახლოეს მომავალში მათ პასუხს ვერავინ მოთხოვს. ამ დაშლასა და შემდეგ შეერთებაში გავა გარკვეული დრო, შეერთებული და გადაკეთებულ-შელამაზებული მოქკავშირელები კიდევ რამდენიმე წელი გააბრუებენ ქართულ საზოგადოებას ახალ-ახალი დაპირებებით თუ პოლიტიკური ტრიუკებით. ამით დროს მოიგებენ და ქვეყნის ჭამის სიამოვნებას გაიხანგძლივებენ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა ისევ პასუხისმგებლობის ჟამი დადგება, კიდევ რაიმეს მოიფიქრებენ და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად.”

“ათი წლის წინანდელი სირცხვილი საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს” - წერს 22 დეკემბრის “დილის გაზეთი”, რომლის შენიშვნითაც, 2001 წლის 22 დეკემბერს 10 წელი გავიდა მე-20 საუკუნის იმ საშინელი სირცხვილიდან, რომელსაც პირობითად თბილისის ომი ჰქვია, სამართლებრივად კი ჯერ სახელი არ დარქმევია.

“1991 წლის 21-22 დეკემბრის სუსხიან ღამეს რუსთაველის გამზირზე ქართველმა ქართველს ესროლა, გადაუარა, მოსპო და ერი შუაზე გახლიჩა. ყველაზე დიდი სირცხვილი და საშინელება ის იყო, რომ ეს დაუნდობლობა სკამების გამო დაიწყო. ერთ მხარეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მრგვალმაგიდელები იდგნენ, მეორე მხარეს მისი ხელისუფლებიდან განდევნილი თენგიზები –სიგუა და კიტოვანი. პირველნი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ იარაღით, მეორენი ასევე იარაღით, ხელისუფლებაში მოსვლას. ამ დაპირისპირებაში პირველები იქ შეცდნენ, როდესაც ხელისუფლებიდან უსისხლოდ არ წავიდნენ. მეორენი კი მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად იარაღს რომ მიანიჭეს უპირატესობა.

დამნაშავეა ორივე მხარე. პასუხი ორივე მხარეს უნდა ეგო. უბედურება ის არის, რომ ერის გახლეჩვისთვის, თბილისის დანგრევისთვის არავინ დასჯილა და არც პასუხისმგებლობა აუღია ვინმეს. და იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს, 10 წლის წინანდელ სირცხვილს, უბედურებასა და დანაშაულს შეფასება უნდა მიეცეს.

ზვიად გამსახურდია, რომლის პოლიტიკური იდეალიც საფრანგეთის მეთური შარლ დე გოლი იყო და რომელიც სწორედ დე გოლივით არ გადადგა ყველაზე კრიტიკულ დროს, დღეს ცოცხალი აღარ არის. მას პასუხი ვერ მოეთხოვება, მაგრამ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს სახელი უნდა დაერქვას. სამაგიეროდ, დღეს ცოცხლები არიან თენგიზები და მათი მაშინდელი მომხრეები, ისინი ამ სისხლისღვრას დიქტატურასთან ბრძოლით ამართლებენ და არ ინანიებენ. ქართველი ერი 21-ე საუკუნეშიც ვერ გაერთიანდება. დღეს ერს ერთიანობა სჭირდება, ერთიანობას კი შერიგება, რომელიც მონანოწბის გარეშე წარმოუდგენელია.

და კიდევ – მეოცე საუკუნის ეს შავი ლაქა იმიტომაც უნდა დაიგმოს, რომ ხელისუფლების იარაღით შენარჩუნების და ხელისუფლებაში იარაღით მოსვლა აზრადაც არავინ გაივლოს.
XS
SM
MD
LG