Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ბოროტმა კაცმა ძალიან რომ მოინდომოს, უთუოდ მიაკვლევს 90-იანი წლების დასაწყისში გამართულ.

ქართველ კინემატოგრაფისტთა კრებების ჩანაწერს – როცა სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დამფუძნებლები მოსახლეობას უმტკიცებდნენ, რომ ქართულ კინოხელოვნებას მოგებას მოუტანს კინოთეატრებიდან, ბიუჯეტში შემოსული თანხა, რომ ისევე როგორც საფრანგეთში, გაყიდული ბილეთის თითქმის ნახევარი ეროვნული კინოს განვითარებას მოხმარდება... ანუ, თქვენ წახვიდოდით კინოთეატრში ამერიკული ფილმის სანახავად, იყიდიდით ბილეთს და ამით, უშუალო მონაწილეობას მიიღებდით ქართული კინოს აღორძინებაში. როგორც ჩანს, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დირექციამ იმხანად მართლაც დაარწმუნა ხელისუფლება, რომ თუ ერთდროულად “უხელმძღვანელებდა” როგორც ფილმების წარმოებას, ასევე კინოქსელს, ეროვნული კინემატოგრაფი აღმავლობის გზას დაადგებოდა. სწორედ ასე ჩაიგდო ხელში “სააქციო საზოგადოებამ”, როგორც კინოსტუდია “ქართული ფილმის” ქონება, ასევე საქართველოს მთელი კინოქსელი, რაც საბოლოოდ, მოგეხსენებათ, სრული კატასტროფით დასრულდა – ფილმების წარმოება შეწყდა, კინოთეტრები კი ან დაინგრა, ან სახინკლეებად, აბანოებად, სადალაქოებად გადაკეთდა. გაქირავებული შენობებიდან შემოსული თანხა, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” მესვეურთა განცხადებით, კინოსტუდიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას ხმარდება. ეს არის და ეს... აბანოებად გადაკეთებულმა კინოთეატრებმა მხოლოდ შტატები შეუნარჩუნეს კინოსტუდიას, რომელიც დიდი ხანია გაჩერებულია... და არა მარტო იმიტომ, რომ ახალი კანონით ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ახლადშექმნილ კინოცენტრს, და არა სააქციო საზოგადოება “ქართულ ფილმს” უნდა გადაურიცხოს (მთავრობა, სხვათა შორის, ამასაც ვერ ახერხებს). კინოსტუდიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უმძიმეს დღეშია. გახმოვანების საამქრო კი, უბრალოდ, არქაულ ეპოქაში აშენებულ დაწესებულებას ჰგავს. ამის შესახებ საუბრობდნენ სწორედ ქართველი რეჟისორები კინემატოგრაფისტთა კავშირის ახლადარჩეული გამგეობის სხდომაზე, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართა. იმ ადამიანებმა, ვინც ნაკლებადაა გარკვეული კინოსტუდიის სამზარეულოში, სწორედ აქ შეიტყვეს პირველად სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ერთი ახალი გარიგების შესახებ. აღმოჩნდა, რომ “ქართული ფილმის” დირექციამ ბოლოს და ბოლოს გატეხა 90-იანი წლების დასაწყისში დადებული ფიცი – “კინოთეატრებს მხოლოდ გავაქირავებთ, მაგრამ არ გავყიდითო”. გამოცხადდა კონკურსი (ფაქტობრივად, აუქციონი) თბილისის უძველესი კინოთეტრის, “აპოლოს” გაყიდვაზე. კინორეჟისორ გელა კანდელაკის განცხადებით, [გელა კანდელაკის ხმა] “კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ფორმალური კონკურსი - თუ ვინმეს გყავთ კიდევ მყიდველი და დიდი ფულის დამდები, გადაეცით ყველას... ეს “აპოლო” იყიდება მხოლოდ იმ პირობით, რომ შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას”

საინტერესოა – თუ კინემატოგრაფისტები კინოთეატრს იმ პირობით ყიდიან, რომ “აპოლომ” კინოთეტრის ფუნქცია შეინარჩუნოს, მაინც ვინ უნდა შეძლოს ამ, თავის დროზე ულამაზესი, ახლა კი თითქმის სრულიად გაჩანაგებული შენობის არა მარტო მკვდრედით აღდგენა, არამედ მისი კინოთეატრად გადაქცევა. თუ კინემატოგრაფისტებმა ვერ შეძლეს ამ დარბაზის კინოთეატრად შენარჩუნება მაშინ, როცა შენობა ნორმალურად გამოიყურებოდა, რა გარანტიაა, რომ ამას შეძლებს “აპოლოს” მყიდველი – როგორც გამგეობის სხდომაზე გაირკვა, ჯერჯერობით ერთადერთი მყიდველი, რომელიც თბილისის უძველესი შენობისათვის მხოლოდ და მხოლოდ 500 000 ლარს იძლევა, ანუ ხუთოთახიანი ბინის ფულს ვაკეში... და, რაც მთავარია, თუკი ამ გარიგებას ეჭვით უყურებენ თავად კინორეჟისორები, როგორ დაარწმუნებს სააქციო საზოგადოების დირექცია ხალხს, რომ ეს 500 000 ლარი მართლაც ეფექტიანად მოხმარდება ეროვნული კინოს განვითარებას. კინემატოგრაფისტთა ეჭვებს კი კავშირის გამგეობის წევრების, ახალგაზრდა კინორეჟისორების აი, ეს რეპლიკები გამოხატავს: [ხმები] “ნუ ყიდით მერე იმ “აპოლოს”, რატომ ყიდით...თანაც ხუთასად, შეიძება მეტი ღირს... შეიძლება კი არა მეტი ღირს... კინოთეატრია, რომელიც კინოთეატრადაა აშენებული... “ბატონო მერაბ, ეგ არ ხდება, ეგ არის ფორმალური კონკურსი... “ეგ მატარებელი გავიდა უკვე”... “ყველა მატარებელი გავიდა – სტუდიიდან ეხლა ყორღანი თუ გაკეთდება”

სანამ სტუდიიდან “ყორღანი” არ გაკეთებულა და სანამ ქართული კინო საბოლოოდ არ დაღუპულა, კინემატოგრაფისტები სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ და ახლა უკვე ღიად უპირისპირდებიან ხელისუფლებას. პრეზიდენტი შევარდნაძე, როგორც გამოირკვა, იანვარში მათთან შეხვედრას აპირებს. როგორც ჩანს, აღდგება ძველი ტრადიცია, როცა კომუნისტური პარტიის ცეკას მდივანი, ბატონი შევარდნაძე ყოველ კვარტალში კინოსტუდია “ქართულ ფილმს” ესტუმრებოდა ხოლმე და კინოხელოვანთა პატაკებს ისმენდა. ერთი ძირეული განსხვავებით – პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ კინოხელოვნების მუშაკთა სახით დაკარგა ყველაზე ერთგული მხარდამჭერები ქართველ ხელოვანთა შორის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრაზე (თუკი მართლაც შედგა), ედუარდ შევარდნაძეს სულაც არ მოუხდეს თავის დაცვა და ყველასათვის მოულოდნელად შემრიგებლის როლში მოგვევლინოს. პრეზიდენტმა ხომ ისიც, კარგად იცის, რომ დღეს ქართული კინემატოგრაფი არა მარტო გაძარცვულია, არამედ შუაზე გახლეჩილიც. კინემატოგრაფისტები ქართულ კინოში შექმნილ მდგომარეობას ხელისუფლების გარდა ერთმანეთსაც აბრალებენ. პრინციპში ეს არც არის პრინციპების, იდეების, პოზიციების დაპირისპირება, თაობების ბრძოლაზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ (ასეთი რამ ქართულ კინოს სტალინის სიკვდილის შემდეგ არც ახსოვს). ის კინემატოგრაფისტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ “სააქციო საზოგადოება” ქართული ფილმის დირექტორს, რეზო ჩხეიძეს უჭერდნენ მხარს და ეროვნული კინოცენტრის მომხრეებს უპირისპირებდნენ, ცოტა ხანში თავად გახდნენ კინოცენტრის შექმნის ინიციატორები. როგორც ჩანს, ქართული კინოს სტრუქტურის შეცვლა მათი უკანასკნელი იმედი იყო – იმედი, რომელიც ჯერჯერობით არ ამართლებს. ასე რომ დაპირისპირებას უფრო, ასე ვთქვათ, “შემოქმედებითი დაუკმაყოფილებლობა” განსაზღვრავს, ვიდრე განსხვავებული მოქალაქეობრივი, თუ შემოქმედებითი პოზიცია. რეჟისორისთვის, რომელიც ხუთი, ზოგჯერ ათი წლის განმავლობაში იღებს ფილმს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფილმის დამთავრებაა. ამიტომ იგი “იმის ბანაკში” აღმოჩნდება, ვინც ფილმს გადააღებინებს. ვინც არ უნდა იყოს იგი – რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია თუ ბადრი პატარკაციშვილი. ასეთ პირობებში, საეჭვოა, ვინმე ფიქრობდეს მოქალაქეობრივი პოზიციის შენარჩუნებაზე, პრინციპებზე.

ესეც კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმა. იცის, რომ ადვილია უპრინციპო ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ, წესით, მას არც “გაბრაზებულ” კინემატოგრაფისტებთან შეხვედრა უნდა გაუჭირდეს. თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ იანვრამდე საბოლოოდ არ გადაიმტერა ჩვენი კინორეჟისორები და თუ მათ გაერთიანება არ მოახერხეს საერთო “მტრის ხატის” წინააღმდეგ. კინემატოგრაფისტთა სხდომაზე შერიგების იდეით მსახიობი გუჯა ბურდული გამოვიდა: [გუჯა ბურდულის ხმა] “ჯერ შევრიგდეთ, უდიდესი პირობაა შერიგება – სტუდია და კავშირი –სიყვარულში ჩავეხუტოთ ერთმანეთს”.

სანამ ჩვენი კინემატოგრაფისტები იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ “ჩაეხუტონ” ერთმანეთს, მერე კი ასე, ერთიანად შეუტიონ ხელისუფლებას (კინემატოგრაფისტთა გამგეობის სხდომაზე, უარყოფით კონტექსტში რატომღაც ყველაზე ხშირად ფინანსთა მინისტრს იხსენებდნენ), საქართველოში უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც “მტრის ხატების” ძიების ნაცვლად, დღევანდელობის მხატვრულ გააზრებას ახერხებენ. “გაბრაზებული” – არა იმდენად ხელისუფლებაზე, არა პრეზიდენტზე, მინისტრებზე, თუ კოლეგებზე, არამედ გაბრაზებული საერთოდ, კულტურის კრიზისზე, თუნდაც იმავე უპრინციპობასა და ფარისევლობაზე, გაბრაზებული “მამების’ თაობაზე, საკუთარ თავზე – აი, ასე შეიძლება დავახასიათოთ ახალგაზრდა მწერალი ზაზა ბურჭულაძე, ავტორი წიგნისა “სიმფსონები~, რომლის პრეზენტაცია, სხვა ახალ წიგნებთან ერთად, ამ კვირაში მოაწყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. უწინ ამ ავტორს მკითხველი გრეგორ ზამზას ფსევდონიმით იცნობდა. წესით ფსევდონიმი ზაზას სწორედ “სიმფსონებისთვის” უნდა გამოეყენებინა, რადგან ქართული ლიტერატურისთვის ეს სრულიად უჩვეულო მოთხრობა შოკივით იმოქმედებს უმრავლესობაზე, განსაკუთრებით ეროვნული მენტალიტეტის ეგრეთ წოდებულ “დამცველებზე”, რომლებიც ისევ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ დასავლეთიდან ჩვენში მხოლოდ “ნაგავი” შემოდის... ეს “ნაგავი” – პერვერსია და ბილწსიტყვაობა ზაზა ბურჭულაძემ ნამდვილად აქცია პოეზიად. მისი პირქუში, სასტიკი იუმორი, ჰომოეროტიკა, ფსიქოანალიზისა და მასკულტურის პაროდირება ზოგიერთი ქართველი “პოსტმოდერნისტი-ინტელექტუალისგან” განსხვავებით არც თვითმიზანია და არც სიტყვებით კეკლუცობა. “სიმფსონები” – ჩვენი რეალობაა. ის რეალობა, რომელსაც ყველა ხედავს, მაგრამ რაზედაც შიშით არავინ ლაპარაკობს. ზაზა ბურჭულაძემ სწორედ შიში დაძლია, როცა ფსევდონიმზე თქვა უარი და ნამდვილი სახელი დაიბრუნა. ამბობენ, რომ ამ წიგნის დაბეჭდვა სხვა გამომცემლობებმა ვერ გაბედეს. ბაკურ სულაკაური და “სიმფსონების” ავტორი შესაძლოა უახლოეს ხანში “მტრის ხატებად” იქცნენ ჩვენი მწერლებისთვის, რომლებიც პატრიოტობაზე დებენ თავს. ისინიც ხომ “გაბრაზებულები” არიან... ოღონდ “სხვა მიზეზით”, “სხვანაირად” და ‘სხვაზე” გაბრაზებულები.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG