Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური კომიტეტის სესია


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი სპორტში მთავარი ამბები, როგორც წესი, უშუალოდ სპორტულ სარბიელზე ხდება.

თუმცა ჩვენი ყურადღების ობიექტი ამჯერად სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” აღმოჩნდა. სწორედ აქ შეიკრიბა ქართული სპორტის ელიტა, აქ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესია.

ეს გახლავთ ტრადიციული ყოველწლიური თავყრილობა, საუკეთესო ადგილი და საშუალება განვლილი სპორტული სეზონის შესაფასებლად. მით უმეტეს, სხვა ამგვარი სპორტული ფორუმი, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობისა, საქართველოში აღარ იმართება. ალბათ ესეც განაპირობებს ოლიმპიური სესიისადმი ფართო საზოგადოების და საინფორმაციო საშუალებათა განსაკუთრებულ ინტერესს. გამონაკლისი არც წლევანდელი სესია ყოფილა, ოღონდ, სამწუხაროდ, ამჯერად ქართული სპორტის პრობლემებზე სერიოზული და საფუძვლიანი მსჯელობა ვერ შედგა. ეს უფრო სესიის დელეგატთა პასიურობამ განაპირობა და არა ჯანო ბაგრატიონის საანგარიშო მოხსენებამ, რომელიც საკმაოდ მწვავე და კრიტიკული იყო, კრიტიკის მთავარი ადრესატი კი - ხელისუფლება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა “თუ სახელმწიფომ სპორტისკენ პირი არ იბრუნა, უახლოეს რამდენიმე წელიწადში სპორტი ფაქტობრივად არ იარსებებს. არ იქნება მედლები და რეკორდები, დაიკარგება ტრადიციები, რითაც ასე ვამაყობთ. მერე კი მდგომარეობის გამოსწორებას ათეული წლები და ათეული მილიონები დასჭირდება.”

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: უკიდურესად მწირი მატერიალურ - ფინანსური შესაძლებობების მიუხედავად, 2001 წელი, ბოლო ათწლეულის სპორტულ შედეგებთან შედარებით, საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დელეგატები გულთბილად მიესალმნენ სპორტული სეზონის ლაურეატებს, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონებს – გიორგი ასანიძეს და მუხრან ვახტანგაძეს. ისაუბრეს ჩვენი სპორტის წარჩინებულთა ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაზე. ისიც ითქვა რომ, ხელისუფლება ვალდებულია მიხედოს და უპატრონოს ნიჭიერ ახალგაზრდობას, გვერდში დაუდგეს სპორტს და სპორტსმენებს. აი, რას ამბობს ჯანო ბაგრატიონი.

[ჯანო ბაგრატიონის ხმა] “მე ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი დღე იქნება ბიძგი რაღაცნაირად მომავალში ხელისუფლების სპორტისკენ მოტრიალებისა და დაინტერესებისა. თუ ეს არ იქნება, წინ ოლიმპიური თამაშები გვაქვს ჩვენ და ოლიმპიურ თამაშებზე საერთოდ ლაპარაკიც აღარ იქნება, მე მგონი. იმიტომ, რომ სპორტსმენი აღარ დაგვრჩება ჩვენ. ხალხი გარბის, ვეღარ ვაჩერებთ, გარბის უკვე ქვეყნიდან. ტოვებენ სახლ-კარს და მიდიან სხვაგან, უკეთესი პირობების საძებნელად.”

ახალ წელს ძველი პრობლემებით ვხვდებით, - აცხადებს ჩემი მეორე რესპონდენტი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად სპორტისადმი კეთილგანწყობის აღდგენას მიიჩნევს.

[ემზარ ზენაიშვილის ხმა] “სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება სპორტისადმი, ბუნებრივია, იწვევს ანალოგიურ დამოკიდებულებას სპონსორთა მხრიდან, ბიზნესმენთა მხრიდან, პარლამენტის მხრიდან. რამდენი წელია ლაპარაკია, რომ უნდა მივიღოთ კანონი ქველმოქმედებაზე. არ დაადგა საშველი ამ კანონის მიღებას. არ შეიძლება გქონდეს პრეტენზია, იყო სპორტული ქვეყანა, მოსთხოვო სპორტსმენს, მწვრთვნელს, მოიპოვოს ოქროს მედალი მსოფლიო პირველობაზე ან ოლიმპიურ თამაშებზე და მისთვის დაინანო კაპიკები. საქართველოში დღეს ერთ სულ მოსახლეზე 40 თეთრი იხარჯება სპორტზე და ჯანმრთელობაზე. შეიძლება ასეთი თანხით, ასეთი მწირი კი არა, ფაქტიურად, აბსოლუტური უყურადღებობის პირობებში ჩვენ გქონდეს რაიმეზე პრეტენზია – ან ერის სიჯანსაღეზე ან დიდ სპორტში მაღალ მიღწევებზე, როდესაც, დავუშვათ, ანალოგიური მაჩვენებლით ჩვენ ჩამოვრჩებით მსოფლიოს დაახლოებით 150 ქვეყანას”.

თუ სახელმოხვეჭილ სპორტსმენებს ელემენტარული ყურადღება აკლიათ და სამშობლოში არ ედგომებათ, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენი სპორტის მომავალზე, იმ თაობაზე, რომელიც ახლა გამოდის დიდ სპორტულ ასპარეზზე. არადა როგორც ირკვევა, ამ თაობას თურმე ძალა შესწევს ქადილისა. დასტურად გამოდგება თუნდაც წლეულს ესპანეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ტურნირი და ქართველთა მიერ იქ მოპოვებული ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი. ამ ტურნირისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს თეთრიც არ გაუღია და მხსნელად, როგორც ადრე არაერთხელ ყოფილა, გოგი თოფაძე და მისი სახელობის ფონდი მოგვევლინა. ბატონ გოგის როგორც საქართველოს სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს ახალი, გაცილებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია აკისრია: ეს გახლავთ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წინამძღოლობა ზამთრის მეცხრამეტე ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც თებერვალში ამერიკაში გაიმართება. თოფაძემ სესიაზე დეტალურად მიმოიხილა წინასაოლიმპიადო სამზადისი, ილაპარაკა საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების პერსპექტივებზე, გამოაცხადა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა. ამერიკაში ოთხი ქართველი ოლიმპიელი იასპარეზებს: სოფიო ახმეტელი, რობერტ მახარაშვილი, კახა წაქაძე და ვახტანგ მურვანიძე. ამჟამად ოთხივენი საზღვარგარეთ ვარჯიშობენ და სახელდახელო ტურნირებშიც მონაწილეობენ. ახმეტელი და მახარაშვილი სამთო მოთხილამურეები არიან, წაქაძე კი ტრამპლინიდან მხტომელია და ეს მისთვის მესამე ოლიმპიადა იქნება. მურვანიძე ფიგურული მოციგურავეა. აქამდე ამ სახეობაში ზამთრის ოლიმპიადებზე საქართველოდან არავინ გამოსულა, მედალოსანი კი, მოგეხსენებათ, არცერთ სახეობაში არ გვყოლია, საეჭვოა, რომ სოლტ-ლეიკ-სიტიში ქართველთაგან ამის გაკეთება ვინმემ მოახერხოს. ისღა დაგვჩენია, ცნობილი ოლიმპიური ლოზუნგით დავიმშვიდოთ თავი: “მთავარია ოლიმპიადაში მონაწილეობა და არა გამარჯვება.”
XS
SM
MD
LG