Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლა გაგაცნობთ უცხოეთის პრესის მიმოხილვას...


ანდრო ეული, პრაღა ამჯერად, როცა ავღანეთში ახალი დროებითი მთავრობა შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭომ მწვანე შუქი მისცა ქაბულში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსებას.

მიმომხილველები გამოთქვამენ იმედს, რომ ხანგრძლივი სამოქალაქო ომით გაჩანაგებულ ავღანეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.

უკეთებს რა კომენტარს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, ლონდონში გამომავალი გაზეთი ”თაიმსი” ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ გაეროს მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში ბრიტანეთის სარდლობას დაექვემდებარება, თუმცა ეს სამშვიდობო მისია გარკვეულ რისკთანაცაა დაკავშირებული;

გაზეთი სარედაქციო სტატიაში წერს: ”ჯერ ერთი, გაურკვეველია გაეროს მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტის მომავალი ურთიერთობა შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ კოალიციურ ძალებთან, რომლებიც განაგრძობენ ანტი-ტერორისტულ ოპერაციას ავღანეთში. გაუგებრობამ ამ ორ შენაერთს შორის,შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიღოს. მშვიდობის დაცვა და ომის წარმოება ურთიერთგანსხვავებული ფუნქციებია და ამ ორი მიზნის ერთდროულად მიღწევა არ იქნება ადვილი. მაგრამ აუცილებელია, რომ სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში შეერთებულ შტატებს ჰქონდეს საბოლოო სიტყვა. გერმანია ამის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ მრავალეროვანი სამშვიდობო შენაერთი ამერიკის სარდლობას არ უნდა დაექვემდებაროს. ამგვარი უთანხმოება კი გაუგებრობასა და უნდობლობას გამოიწვევს”.

გაზეთ ”ქრისჩიენ საიენს მონიტორის” აზრით, დიდი სიფრთხილე ჰმართებს პრეზიდენტ ბუშს ანტი-ტერორისტული კამპანიის მეორე ეტაპის დაგეგმვისას, მას შემდეგ, რაც ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია დასრულდება;

სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ: ”ანტი-ტერორისტული კამპანიის ეგრედ წოდებული მეორე ეტაპისთვის სამიზნეების შერჩევა ინდოეთის პარლამენტზე ხუთი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ გასულ კვირაში განხორციელებულმა თავდასხმამ გაართულა. ინდოეთი აცხადებს, რომ ხელთა აქვს უტყუარი სამხილი იმისა, რომ ეს თავდასხმა, რამაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პაკისტანელმა და ქაშმირელ სეპარატისტთა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს. და თუ ინდოეთის მტკიცება სინამდვილეს შეეფერება, რა უნდა მოიმოქმედონ დელიმ და ვაშინგტონმა საერთაშორისო ტერორიზმის ამ აქტთან დაკავშირებით? შეერთებული შტატები ვერ დაუშვებს, რომ ინდოეთმა ისეთივე დარტყმა მიაყენოს პაკისტანს, თალიბებმა რომ იგემეს ავღანეთში, ვინაიდან ისლამაბადი ვაშინგტონს ამოუდგა მხარში მიმდინარე ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში. ინდოეთს, ისევე როგორც პაკისტანს, ბირთვული იარაღი მოეპოვება. გარდა ამისა, ინდოეთი აცხადებს, რომ ტერორისტები, რომლებმაც მის პარლამენტზე განახორციელეს თავდასხმა ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებული.”

”კვლავ მარტოხელა”- ასეა დასათაურებული თომას ფრიდმანის სტატია გაზეთ ”ნიუ-იორკ თაიმსში”, რომელიც შეერთებულ შტატებს ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომში; ამერიკელი ჟურნალისტი წერს: ”თუკი ვინმეს ვაშინგტონში განზრახული აქვს, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ერაყში განაგრძოს ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან დახმარების იმედი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ უნდა ჰქონდეს. ბატონ პუტინს, როგორც მან გაზეთ ”ფაინენშლ თაიმსისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არა აქვს დამადასტურებელი სამხილი იმისა, რომ ბაღდადი ტერორისტებს უჭერს მხარს. და არა მარტო პუტინი იზიარებს ამ შეხედულებას. სხვადასხვა ქვეყნები ამჟამინდელ ანტი-ტერორისტულ კოალიციაში 11 სექტემბრის ტერაქტებით გამოწვეულმა განრისხებამ და თალიბებისა და ბინ ლადენის განადგურების სურვილმა გააერთიანა. რაც შეეხება ერაყს, ამგვარ განრისხებას კოალიციის მრავალ წევრ-სახელმწიფოში იგი არ იწვევს, და რაც მთავარია, სამხედრო ოპერაცია ბაღდადის წინააღმდეგ, ბევრი მათგანის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. თურქეთმა ჯიბე გაისქელა ერაყიდან კონტრაბანდით მიღებული ნავთობის გაყიდვით და თანაც შიშობს, ვაი თუ ომის შედეგად ერაყში ქურთების მინი-სახელმწიფო დაარსდეს. საუდის არაბეთი შიიტებით დასახლებული ირანის მეტოქეს ხედავს სუნიტურ ერაყში. იორდანიას დესტაბილიზაცია აშინებს ომის შემთხვევაში, ვინაიდან ქვეყანაში საკმაოდ მომრავლდნენ ერაყელი აგენტები. ეგვიპტეს ის აფრთხობს, რომ თუკი ერაყში ნორმალური ლიდერი გამოჩნდება სადამ ჰუსეინის ნაცვლად, მაშინ ბაღდადი ქაიროს კონკურენტი გახდება არაბულ სამყაროში ლიდერობისთვის ბრძოლაში. ამერიკის მხარდაჭერას, რუსეთის გარეშე ევროპისა და არაბეთის მრავალი სახელმწიფო მოერიდება. უკეთეს შემთხვევაში რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა შეერთებული შტატების ომში ერაყის წინააღმდეგ. მაგრამ ამისთვის რუსეთი, რომლის რვა მილიარდი დოლარი ჰმართებს ერაყს, მოინდომებს იმის გარანტიებს, რომ ამ ვალს ერაყის მომავალი მთავრობაც აღიარებს, და რომ რუსეთის ნავთობკომპანიები ერაყის ნავთობმრეწველობაში იქნებიან დასაქმებული.ამდენად, ამერიკას გაუჭირდება მოკავშირეების მიმხრობა და თავად უნდა სცადოს სადამ ჰუსეინის დამხობა”.

გაზეთ ”დეილი ტელეგრაფის” აზრით, ბრიტანეთის მთავრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი სამშვდობო ძალები რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ავღანეთის დროებით მთავრობაზე დამოკიდებული; გაზეთი წერს:”ომი, ავღანეთში მოგებულია და ამჯერად სტაბილური მშვიდობის დამყარებაა საჭირო. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფრი ჰუნმა განაცხადა, რომ სამშვიდობო კონტინგენტი უნდა დაეხმაროს ავღანელებს, მაგრამ მათს საქმეებში ჩარევა არაა საჭირო. მაგრამ ეს სიტყვები არაა გულწრფელი.კი, ავღანელთა ძირითადი ლიდერები – პუშტუნი ჰამიდ კარზაი და ტაჯიკები: აბდულა აბდულა, მოჰამად ფაჰიმი და იუნუს ყანუნი დათანხმდნენ მშვიდობისდამცველთა განთავსებაზე. თუმცა მათი სურვილია, რომ მრავალეროვან ძალებს მეორეხარისხოვანი როლი – ქუჩების პატრულირება და სახელმწიფო დაწესებულებათა დაცვა დაეკისროს. მაგრამ სამშვიდობო ძალების ამგვარი დაქვემდებარება ქაბულის დროებითი ადმინისტრაციისადმი, რომელშიც ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენლები დომინირებენ, ნაკლებად დააკმაყოფილებს პუშტუნებს. ხოლო თალიბების დამხობის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პუშტუნთა რეინტეგრაციის გარეშე ავღანეთს მომავალი არ უწერია.”

საფრანგეთის გაზეთ ”ლიბერასიონში”გამოქვეყნებულია ნაწყვეტები ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების: ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა” და ”ადამიანის უფლებათა ფრანგული ალიანსის” საანგარიშო მოხსენებიდან ერაყში შექმნილი მდგომარეობის შესახებ; გაზეთი წერს: ”საანგარიშო მოხსენების ავტორები იორდანიასა და სირიაში ესაუბრნენ ერაყელ ლტოლვილებს. ერაყის მოსახლეობა განუწყვეტელი ტერორის ქვეშაა, და პირველ რიგში ეს ეთნიკურსა და რელიგიურ უმცირესობებს - უზბეკებს, თურქმენებსა და შიიტებს ეხება; სადამ ჰუსეინი ამასთანავე, ჩანასახშივე ანადგურებს ნებისმიერ ოპოზიციას. ქვეყანაში დასჯის ბარბაროსულ მეთოდებს იყენებენ. 1994 წლის 25 აგვისტოს მიღებული ბრძანებულებით დეზერტირობა, ან კიდევ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარი ყურის მოჭრით ისჯებოდა, და ასე გაგრძელდა 1998 წლამდე, როცა ყურის მოჭრა სიკვდილით დასჯამ შეცვალა. სამაგიეროდ, 2000 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სადამ ჰუსეინის შეურაცყოფისთვის – ენას სჭრიან. თვითმხილველებმა ადამიანის უფლებათა დამცველებს 6 კონკრეტული შემთხვევა უამბეს. დასჯა საჯაროდ ხდება, და განაჩენი, ეგრედ წოდებულ რევოლუციურ გვარდიას – სადამის ფედეინებს მოჰყავს სისრულებში. მეძავეობაში ბრალდებულ ქალებს თავებს სჭრიან. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ერაყში მართლაც გავრცელებულია მეძავეობა, თუმცა ამ საბაბით თავისუფლად მოაზროვნეთა ცოლებსა და დედებსაც სჯიან. აი ერთი თვითმხილველის ნაამბობიც: რეჟიმის მოწინააღმდეგე დაპატიმრებული ისლამისტის ცოლი – ამინა – ღირსეული ქალი იყო. იგი მოედანზე მიიყვანეს და ორასამდე ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების თანდასწრებით, ხელფეხშეკრულს თავი მოჰკვეთეს; თანაც მოკლულის გვამი წაიღეს, რათა ნათესავებს არ დაესაფლავებინათ”.
XS
SM
MD
LG