Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ტრადიციული ენერგოკრიზისის წინაშე


22 დეკემბრის აფეთქებამ, რომელმაც ძლივძლივობით მწყობრში შესული მე-10 ენერგობლოკი ნანგრევებად აქცია.

დაპირებული და ასე თუ ისე რეალიზებული თბილი და ნათელი ზამთარი, ისევ ელექტროენერგიის უმკაცრეს გრაფიკს დაუქვემდებარა. თბილისს ელექტროენერგია რამდენიმე საათს მიეწოდება. შექმნილი მდგომარეობის გამო, ენერგოსექტორი მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა. პრეზიდენტი იტოვებს იმედს, რომ მორიგ მძიმე ზამთარს მოსახლეობა მოთმინებით შეხვდება და ქუჩაში არ გამოვა.

24 დეკემბრის ტრადიციულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ ძალზედ სამწუხარო და ტრაგიკული უწოდა “ეი-ი-ეს მტკვრის” მე-10 ენერგობლოკზე მომხდარ აფეთქებას, რომელმაც ერთი ადამიანი დააშავა, მე-10 ბლოკი შეიწირა და მე-9 ენერგობლოკის სრული პარალიზება გამოიწვია. მაინც რა მოხდა 22 დეკემბერს, რასთან გვაქვს საქმე, დივერსიასთან თუ ტექნიკურ მოუწესრიგებლობასთან, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აფეთქების ერთერთ სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, თუმცა ისეთ დანადგარზე, როგორსაც მე-10 ენერგობლოკი წარმოადგენდა, მსგავსი მოვლენა, მსგავსი აფეთქება, არსად მომხდარა.

22 დეკემბრის საღამოს 6 საათამდე ქვაბში წვა მიმდინარეობდა და ყველა პარამეტრი, რომელიც კომპიუტერებზე იყო გამოტანილი ცხადყოფდა, რომ ბლოკში დაზიანება არ იყო. მე-10 ენერგობლოკი აფეთქების მომენტამდე დაახლოვებით ნახევარი სიმძლავრით მუშაობდა, ამდენად გადატვირული არ ყოფილა. საყურადღებოა ისიც, რომ აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. პრეზიდენტი არ გამორიცხავს მომხდარის მიზეზი დივერსია იყოს და მის უკან გარკვეულ პირთა ჯგუფი იდგეს, მისივე თქმით არც ტექნიკური მოუწესრიგებლობის გამორიცხვა შეიძლება. ედუარდ შევარდნაძე მომხრეა, მე-10 ენერგობლოკზე მომხდარი აფეთქების მიზეზების შესწავლაში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთონ, მაგრამ მომხდარის კვლევა ენერგოსექტორში შექმნილ უმძიმეს სიტუაციას ვეღარ გამოასწორებს. სპეციალისტების განმარტებით მე-10 ბლოკის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, საეჭვოა ისიც ზამთრის წლევანდელ სეზონზე მე-9 ენერგობლოკის მწყობრში შესვლა მოხერხდეს, თუმცა დაპირების მიხედვით მე-9 ბლოკი ერთ თვეში უნდა ამუშავდეს.

“ეი-ი-ეს მტკვრის” მე-9 და მე-10 ენერგობლოკები ელექტროენერგიის ძირითად მომწოდებლებს წარმოადგენდა. ორივე ერთად 600 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.
აწ უკვე არარსებული მე-10 ენერგობლოკის აღდგენას 130 მილიონი დასჭირდა. მისმა აფეთქებამ “ეი-ი-ეს თელასს” რამდენიმე მილიონის ზარალი მიაყენა.
22 დეკემბრამდე ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა საამაყო იმის გამო, რომ
10 წლიანი ენერგოკრიზის შემდეგ, დედაქალაქში მაინც, წლევანდელი ზამთარი ელექტროენერგიის გრაფიკის გარეშე დაიწყო, დღეს ის უმძიმესი კრიზისის შემსუბუქების გზებს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელექტროენერგიის შემოსატანად “ეი-ი-ეს თელასს” სათაო ოფისმა 3 მილიონი დოლარი გამოუყო. “ეი-ი-ეს”-ის ხელმძღვანელობა ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს სომხეთთან, თუმცა სომხეთი თბილისს ელექტროენერგიის საფასურს 30 პროცენტით უძვირებს. 24 დეკემბერს, სასიცოცხლო ობიექტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე ხდებოდა. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯზე, 22 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, მაგრამ საეჭვოა ეს ასე მოხდეს. დედაქალაქის მერია იმაზე ზრუნავს, თბილისის 24 საათიანი ელექტრომომარაგება ახალ წელს მაინც მოახერხოს. ასე რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მკაცრ გრაფიკთან შეგუება მართებს.
XS
SM
MD
LG