Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა – ახალი ეროვნული საფრთხე საქართველოსთვის


წამყვანი დავით კაკაბაძე პროგრამის ბოლო ოთხი გამოშვება მისმა ავტორმა და წამყვანმა, ელენე ლორთქიფანიძემ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე მსჯელობას მიუძღვნა.

დღევანდელი, მეხუთე გამოშვება, რომელსაც ამჯერად ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, კობა ლიკლიკაძე შემოგთავაზებთ, საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას ეხება. 2002 წელს უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობის რიცხოვნობისა და შემადგენლობის ერთდროული სტატისტიკური სურათის შექმნა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო აღწერა საქართველოში 13 წელია არ ჩატარებულა, წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევები ნათლად მეტყველებს, რომ განვლილ პერიოდში ცხოვრების პირობების გაუარესების გამო მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა, კერძოდ გაიზარდა სიკვდილიანობა, შემცირდა შობადობა და, აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ბუნებრივი მატების პროცესი. ახლა კი კობა ლიკლიკაძეს მოუსმინეთ.

მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა – ახალი ეროვნული საფრთხე საქართველოსთვის

2002 წელს უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობის რიცხოვნობისა და შემადგენლობის ერთდროული სტატისტიკური სურათის შექმნა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო აღწერა საქართველოში 13 წელია არ ჩატარებულა, წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევები ნათლად მეტყველებს, რომ განვლილ პერიოდში ცხოვრების პირობების გაუარესების გამო მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა, კერძოდ გაიზარდა სიკვდილიანობა, შემცირდა შობადობა და, აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ბუნებრივი მატების პროცესი.

“მოსახლეობის აღწერა სოციოლოგიური გამოკვლევაა, სოციოლოგიური მეცნიერების მთავარ მიზანს კი ხალხის ბედნიერება წამოადგენს. აღვწეროთ, დავითვალოთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ შეგვხვდება შიშველ-ტიტველი ადამიანი, მაშინ მათი დახმარება, ყველა შესაძლო მეცნიერებაზე, ყველა შესაძლო გამოკვლევაზე უფრო მნიშვნელოვანია”, 120 წლის წინ ასეთი სიტყვებით გამოეხმაურა ლევ ტოლსტოი მოსკოვის მოსახლეობის აღწერის ისტორიულ ფაქტს.

და თუკი ვინმეს სჭირდება დიდი რუსი მწერლის ამ მოწოდების შეხსენება, საქართველოს ხელისუფლებაცაა, რომელიც მომავალ წელს კიდევ ერთხელ, ამჯერად მეცნიერულად ორგანიზებული პირველი საყოველთაო აღწერის შედეგით დარწმუნდება, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობა ცალკე აღებულ ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს.

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დემოგრაფიული სტრუქტურის შესწავლის თვალსაზრისით ბოლო ხანს ჩატარებული თითქმის ყველა სპეციალური კვლევა ცხადყოფს, რომ განსაკუთრებული საშიშროება მოსახლეობის ბუნებრივი მატების პროცესს ემუქრება. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბუნებრივი მატების დონე საქართველოში 1000 კაცზე 0,1-ს უდრის. შედარებისთვის: ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში 9-ს, ხოლო სომხეთში 3,3 კაცს შეადგენს.

მეცნიერთა გაანგარიშებით ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოეს წლებში ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს. დეპოპულაციის საშიშროებაზე რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, იოსებ არჩვაძემაც გაამახვილა ყურადღება: [იოსებ არჩვაძის ხმა] ”1990 წელს დაბადებულთა რაოდენობა 92 000 იყო, ხოლო გასული წლის მდგომარეობით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით და დაზუსტებით, ახალშობილთა რაოდენობის სიდიდე არ აღემატებოდა 49 ათასს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 38-40-42 ათასის ფარგლებში 90-იანი წლების დასაწყისში. ასე რომ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. გასული წლის მონაცემებით მისი სიდიდე დაახლოებით 44 ათასზე ოდნავ მეტი იყო. ჩვენ დემოგრაფიულ სიტუაციას ამძიმებეს არა იმდენად სიკვდილიანობის გაზრდა, რამდენადაც მოსახლეობის ბუნებრივი მატების, მოსახლეობის შობადობის მაჩვენებლების მკვეთრი დაცემა. ეს ორი მაჩვენებელი ფაქტიურად ერთმანეთს უახლოვდება და დემოგრაფიული მატება გასულ წელს ნულის ტოლი იყო.”

საგულისხმოა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ბუნებრივი მატების თვალსაზრისით საქართველოსთვის სარეკორდო იყო 1963 წელი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დაიბადა 106 000 ბავშვი. და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა პიკურ მაჩვენებელთან შედარებით მილიონნახევრით ნაკლები იყო.

მოსახლეობის დეპოპულაციის ტენდენციას სპეციალისტები ძირითადად ეკონომიკური კონიუნქტურითა და შიდა მიგრაციული პროცესების ინტენსიურობით ხსნიან. იოსებ არჩვაძის განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში კატასტროფულად შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა საქართველოს მთიან რეგიონებში, რომლებსაც ტრადიციულად არა მხოლოდ სამეურნეო, არამედ საზღვრის დაცვის ფუნქციაც ეკისრებათ.

[იოსებ არჩვაძის ხმა] ”ჩვენ 2001 წლის სექტემბერში მაღალმთიან ზონებში ჩავატარეთ აღწერა: ხევსურეთი, უკანა ფშავი და ომალოს საკრებულოები და, რა თქმა უნდა, ყაზბეგი, ლენტეხი, მესტიის რაიონები და აღმოჩნდა, რომ ამ რაიონებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია არა მარტო 1989 წელთან, არამედ 1998 წლის მონაცემებთანაც შედარებით. როცა ჩვენ შევძელით აღწერის ჩატარება მაღალმთიან ზონაში. ესე იგი აშკარად აქვს ადგილი მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას.”

გარდა ამისა, 90-იანი წლები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც მასობრივი მიგრაციის პერიოდი. სხვადასხვა პერიოდულობით ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ წასვლის ძირითადი მიზეზი ამ შემთხვევაშიც წმინდა ეკონომიკურია.

ცნობისთვის: თუკი 1989 წლის აღწერით მოსახლეობაში ქართველთა წილი დაახლოებით 69% იყო, წლების მიხედვით წასულთა შორის ქართველთა რაოდენობამ, ცალკეული გამოკვლევების მიხედვით, ნახევარზე ოდნავ მეტი, დაახლოებით 52-55% შეადგინა. მეცნიერები შიშობენ, რომ მიგრაციის ინტენსივობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ეკონომიკურ განვითარებას, ვინაიდან წასულთა შორის, როგორც წესი, ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოსახლეობა გამოირჩევა.

სერიოზულ საფრთხეს ქმნის ისიც, რომ თანდათანობით მცირდება იმ ეკონომიკური კავშირების ინტენსივობა, რომელიც არსებობს საქართველოში დარჩენილ ოჯახსა და მის საქართველოდან წასულ წევრებს შორის. თუკი ორი-სამი წლის წინ ეკონომიკური კავშირები არ ჰქონდა ოჯახიდან წასულთა დაახლოებით 5 პროცენტს, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა და უკვე 16-17 % შეადგინა.

დაბოლოს: დემოგრაფიული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ არა კატასტროფული. ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებად სპეციალისტები ახალგაზრდა ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სტიმულირების კარგად აპრობირებული მექანიზმების ამოქმედებას მიიჩნევენ. საქართველოში, სადაც მრავალშვილიან დედებს ყოველთვიურად, ბრძოლით უხდებათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ისედაც მწირი შემწეობების მიღება, ქმედითი სტიმულირების ფორმების შემოღება, სამწუხაროდ, ძალზე შორეული პერსეპექტივაა.
XS
SM
MD
LG