Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მხარე არ აჩქარებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მართალია, მოქალაქეთა კავშირის შაბათს გამართულმა ყრილობამ მოსალოდნელი სკანდალის გარეშე ჩაიარა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სკანდალური ყრილობაზე არაფერი თქმულა.

უფრო ზუსტად, დიდია იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების შენარჩუნების შესახებ პრეზიდენტის განცხადებას პარლამენტის მძაფრი რეაქცია მოჰყვეს.

როგორც გახსოვთ, ოქტომბერში პარლამენტმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ. იმავე პერიოდში სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ გამართულ აფხაზეთიდან დევნილთა აქციაზე მისული პრეზიდენტი შევარდნაძე დევნილებს დაჰპირდა, რომ შეასრულებდა მათ უმთავრეს მოთხოვნას და აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობო ნაწილების გაყვანას მიაღწევდა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, მოთხოვნისთანავე დატოვოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონა. თუმცა, როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი უახლოეს ხანში ასეთ მოთხოვნას დღის წესრიგში არ დააყენებს.

პრეზიდენტი შევარდნაძე გაუმართლებლად მიიჩნევს გალის რაიონში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას, რადგან, მისი აზრით, გამორიცხული არ არის, ასეთ შემთხვევაში გალის 1998 წლის მოვლენების განმეორება როცა აფხაზთა შეიარაღებულმა ნაწილებმა ამ რაიონში დაბრუნებული ქართული მოსახლეობა ისევ გადმორეკეს ენგურს გადმოღმა და ისევ ცეცხლს მისცეს წვალებით აღდგენილი სახლ-კარი. სხვათაშორის, მაშინ ოფიციალური თბილისი მომხდარში ადანაშაულებდა სწორედ რუსეთის სამხედროებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ნაცვლად აფხაზებთან ერთად მონაწილეობდნენ სადამსჯელო ოპერაციაში. 22 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოხსნა ვეტო გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტს საქართველოსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ, გაჩნდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი შანსი. გარდა ამისა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სხვათაშორის, პუტინის სიტყვებია: არანაკლებ სჭირდება საქართველო რუსეთს. არანაკლებ სჭირდება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი საქართველო, რადგანაც რუსეთის სამხრეთის საზღვარი ყველაზე მტკივნეული საზღვარია. პირდაპირ მისი სიტყვებია და არაფერი საიდუმლო არ არის ამაში – არაფერი აფხაზეთში არ გვესაქმება, არაფერი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ დაგვაინტერესებს აფხაზეთი მაშინ, როცა ის გახდება საქართველოს შემადგენელი ნაწილი.”

რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისადმი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის შეცვლა ყრილობაზე გააპროტესტა მოქალაქეთა კავშირის აფხაზეთის დეპუტაციამ. თუმცა, როგორც ჩანს, პროტესტი უფრო ფართო იქნება - უკვე ორშაბათს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები”, რომელიც აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სამშვიდობო ნაწილების სამომავლო ბედთან დაკავშირებით. ამ ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე პრეზიდენტისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს ამ საკითხის ირგვლივ.

სავარაუდოა, რომ ასეთივე პროტესტს გამოთქვამენ სხვა ფრაქციებიც –ტრადიციონალისტები, აფხაზეთის და ახალი აფხაზეთის დეპუტაციები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ცისფერჩაფხუტიანების მიმართ სიმპათიით არადროს ყოფილან განწყობილნი. ანუ წლის ბოლოს, რომლის განმავლობაში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით მოლოდინი ისევ არ გამართლებულა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ისევ მოუწევს აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის განსახილველად დანიშნულ საგანგებო სხდომაზე რომ მკვეთრი განცხადებები გაკეთდება - ეჭვს არ იწვევს.

XS
SM
MD
LG