Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ახლა კი გესაუბრებით წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილის შესახებ, რომელიც საქართველოს პრობლემატიკას უკავშირდება.

19 დეკემბრის გაზეთი "ვრემია მნ"-ი განიხილავს საქართველოს წყლის რესურსების საკმაოდ მწვავე მდგომარეობას. წერილში ნათქვამია, რომ ყველაზე დაბინძურებული მდინარეებია-მტკვარი, რიონი, ყვირილა, ღალიძგა, ენგური და გუბისწყალი. გაზეთის თქმით:

მტკვრის დაბინძურებამ თბილისის მიდამოებში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ასე, მაგალითად, ორგანული ნივთიერებებით დაბინძურება ერთნახევარჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს, ფენოლით დაბინძურება-11-ჯერ, ამონიუმის ნიტრატით კი-4-ჯერ. ეს მდინარე რუსთავის მიდამოებში ბინძურდება მატალურგიული და ცემენტის ქარხნებისა და ქიმიური საწარმოს "აზოტის" მიერ.

ბოლო წლებში მტკვრის დაბინძურების ძირითად ფაქტორად იქცა თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც პრაქტიკულად გასუფთავების გარეშე იყრება მდინარეში, რაც უკვე ბიოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს.

როგორც ცნობილია, მტკვარი მიედინება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არის სასმელი წყლის ძირითადი წყარო ბაქოსთვის, სუმგაითისთვის და აფშერონის ნახევარკუნძულისთვის. მტკვრის გასუფთავებაზე აზერბაიჯანი უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს.

"ვრემია მნ"-ი წერს, რომ მძიმე მდგომარეობაშია სხვა მდინარეეების აუზებიც. ასევე მეტად არასახარბიელოა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა, განსაკუთრებით კი, ბათუმის, ფოთისა და სოხუმის მიდამოებში. გაზეთის თქმით, შავი ზღვის სანაპირო ზონის ქიმიური და ბაქტერეოლოგიური დაბინძურება ამცირებს მის რეკრეაციულ ფასეულობას.

"ვრემია მნ"-ის ამავე ნომერში დაბეჭდილია წერილი სათაურით "ჩრდილოვანი ეკონომიკა". მასში კერძოდ ნათქვამია:

მსოფლიო ბანკის გამოკითხვით, ქართველ მეწარმეთა დაახლოებით 65% გარკვეული რეგულარობით იხდის არაოფიციალურ გადასახადებს და თითოეული მათგანი ყოველთვიურად გაიღებს ქრთამის სახით საშუალო თანხას, რომელიც 120 დოლარის ეკვივალენტურია. თუ ამ რიცხვს გავამრავლებთ მოქმედი საწარმოების რაოდენობაზე ანუ დაახლოებით 50 ათასზე, მაშინ მიღებული თანხა წელიწადში შეადგენს 72-მილიონ დოლარზე მეტს. მაგალითად, 1999 წელს, უხეში გაანგარიშებით, კერძო მეწარმეებმა 72 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის გადახდის გზით მიიღეს "ინდულგენცია" (ბრჭყალებში) გადასახადების დაფარვაზე ერთნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით.

19 დეკემბრის გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან ჟან მიშელ ლაკომბთან. ეუთოს მისია თავის ძირითად საქმიანობას ეწევა ცხინვალის ზონაში. ელჩი ლაკომბი ვრცლად საუბრობს ამ თემაზე, თუმცა ინტერვიუ არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართულ-ოსური პრობლემატიკით. მაგალითად, ჟან მიშელ ლაკომბი ამბობს:

აფხაზურ კონფლიქტში წამყვან როლს მოლაპარაკებების პროცესში ასრულებს გაერო, ჩვენ კი, მოანაწილეობას ვიღებთ მოლაპარაკებებში და შეგვაქვს წინადადებები. აფხაზეთში ჩვენ ვმოქმედებთ ძირითადად ადამიანის უფლებათა სფეროში. მაგალითად, გავაგზავნეთ იქ ერთობლივი მისია გალის რაიონში სიტუაციის შეფასებისთვის. მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება დასკვნას, რომ გალში აუცილებლად უნდა გაიხსნას ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი. ეს იმისათვის, რომ თვალი ვადევნოთ ლტოლვილთა დაბრუნებას, რომელიც უსაფრთხო და ღირსეული უნდა იყოს.

"კრასნაია ზვეზდა" აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტმა გამოიწვია გარკვეული დაძაბულობა საქართველოში და რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით ეუთოს, რომ ამ ორგანიზაციას საზღვარზე მონიტორინგი ჩაეტარებინა.

ჟან მიშელ ლაკომბის თქმით, საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის განყოფილება დაკომლექტებულია 42 საერთაშორისო დამკვირვებლით და ატარებს დაკვირვებას საქართველოს ტერიტორიის რუსეთთან საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე შეადგენს 81,5 კილომეტრს. დაკვირვება ტარდება ქვეითი პატრულების მიერ, ავტომობილებითა და ვერტმფრენებით, ზამთარში კი, მოთხილამურეების მიერ.

დამკვირვებლები ყოველდღიურად ატარებენ ორ პატრულირებას თითოეული ბაზიდან. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ დამკვირვებელთა საგუშაგოები ღამითაც მოქმედებს.

დაწყებული 2000 წლიდან მონიტორინგის ოპერაციის მსვლელობაში არ დაფიქსირებულა საზღვრის ქვეითად გადალახვის არც ერთი ფაქტი.
XS
SM
MD
LG