Accessibility links

„იტერასა“ და AES-ს შორის არსებული გაუგებრობის შესახებ


რადიო “თავისუფლების” 22 დეკემბრის გადაცემაში AES-ის მიერ გამოთქმულ იმ მიზეზებზე გესაუბრეთ, რომელთა გამო ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიით თბილისის უზრუნველყოფა სათუო ხდებოდა.

თბილისის თბოელექტროსადგურის მეათე ენერგობლოკის აფეთქებამ ნახსენებ მიზეზებს აქტუალობა დაუკარგა. თუმცა, საინტერესოა იმის გარკვევაც, თბილსრესის ენერგობლოკის აფეთქებამდე რამდენად აქტუალური იყო ელექტროდეფიციტის გამომწვევ მიზეზებად დასახელებული პრობლემები.

თბილსრესის მეათე ენერგობლოკის აფეთქებამდე AES-ის ლობისტმა კომპანიამ, „პირველმა ლობიმ“, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის ექსკლუზიურ მომწოდებელთან, კომპანია „იტერასთან“ თანამშრომლობა, ამ უკანასკნელის მიზეზით, ვერ აეწყო. AES-ის წარმომადგენლები “იტერას” ხელშეკრულების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებდნენ, კერძოდ კი ნოემბრის თვეში გაზის მოწოდების ტარიფების ცვლილების გამო ედავებოდნენ.

ძნელი სათქმელია, რა იწვევდა AES-ის წარმომადგენლების ასეთ შეშფოთებას, რადგან „იტერას“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ პატარიძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ „იტერას“ არასდროს უთქვამს უარი AES-თან თანამშრომლობაზე. ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების ამოქმედების გაჭიანურების მიზეზი კი, გაზის ტარიფის მოულოდნელი ცვლილება იყო, რაც “იტერასგან” დამოუკიდებლად მოხდა: ტარიფი გაზის მომპოვებელმა თურქმენეთის კომპანიამ გაზარდა.

მეტიც: 18 დეკემბერს თბილისში “იტერას” ვიცე-პრეზიდენტის პოტაპენკოს სტუმრობისას “AES მტკვრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ მას და იანვარში გაზის მოწოდება სთხოვეს. პოტაპენკოს აღუნიშნავს, ეს ყველაფერი 15 რიცხვამდე უნდა შეგვეთანხმებინა, ჩვენს კომპანიაში ასეთი წესიაო. მაგრამ 20 დეკემბრამდე, როდესაც საბაჟო სამსახურში განაცხადი უნდა წარვადგინოთ, კიდევ არის დრო და თუ 20-მდე ხელშეკრულებას მომაწოდებთ, იანვარში გაზის იმპორტსაც მოახერხებთო.

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „იტერამ“ AES-ისგან დაგვიანებით გაგზავნილი ხელშეკრულების გაფორმება მაინც შეძლო და იანვარში AES-ის ენერგობლოკების გაზით მომარაგების პრობლემა აღარ არსებობს. თუმცა, ახლა, როდესაც ენერგობლოკები მწყობრიდან გამოვიდა, ძნელი სათქმელია, როგორ მოხდება გაზის ათვისება.

AES-ის ლობისტი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ “იტერასთან” შეთანხმება ჯერ კიდევ სამი დღის წინ მოხერხდა: [ირაკლი მელაშვილის ხმა] „ეს პრობლემა დამთავრდა მოლაპარაკებებით. მასში იმდენად “იტერა” არ იღებდა მონაწილეობას, არამედ იღებდა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აპირებდა ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურებას AES-ისთვის, შემდეგ მიიღებდა ამაში საფასურად ელექტროენერგიას ზაფხულის პერიოდში. ფაქტიურად, ეს პრობლემა გადაჭრილი იყო და ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა მოხსნილი იყო, მაგრამ ეს ფაქტი მოხდა.“

AES-სთან ურთიერთობისას “იტერა” მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებებით რომ ხელმძღვანელობს, ამას თამაზ პატარიძეც ადასტურებს: [თამაზ პატარიძის ხმა] „იტერა არასდროს არ წასულა წინააღმდეგი პირდაპირი ხელშეკრულებების, და არ არის ეს საჭირო, ჩემის გაგებით, პოლიტიკაში გადავიტანოთ ის, რომ არიქა, რა ცუდია “იტერა” და რა დაჩაგრულია, ვთქვათ, სხვა მხარე. არ არის ეს ასე, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მე არ მახსოვს, მესამე წელია უკვე, აქა ვარ.“

მიუხედავად ამისა, AES-ის მხრიდან აჟიოტაჟი მაინც ატყდა. თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს აჟიოტაჟი, ძნელი სათქმელია. თუმცა, ერთი ცხადია: უფულოდ დარჩენილმა AES-მა, ხმაურის შედეგად, წინასწარ მიიღო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5 მილიონი დოლარი და საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3 მილიონი ლარი. თუმცა, ახლა, როდესაც მეათე ენერგობლოკის აფეთქებით AES-მა უზარმაზარი ზარალი განიცადა, რამდენიმე დღის წინანდელი ხმაურით მიღებული ფინანსური რესურსი იმ შედეგს ვეღარ გამოიღებს, რისი მოტანაც აფეთქებამდე შეეძლო. ანუ თბილისს ახალი წლის პირველ თვეებში ელექტროენერგიის მკაცრი გრაფიკით ცხოვრება მოუწევს.
XS
SM
MD
LG