Accessibility links

logo-print

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე მუშაობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბანკო სისტემა თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც საკმაოდ მყიფე ეკონომიკური სეგმენტი გახლავთ. შესაბამისად, ამ სფეროში არსებული რისკისგან თავის დასაცავად სხვადასხვა მექანიზმები იქმნება.

ბანკის კლიენტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდი ხანია გამოიყენება დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, ალბათ, უმოკლეს ხანში საბანკო დაწესებულებები მსგავსი ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობის წინაშე დადგებიან. რა ფორმით და რა საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით ვარაუდობენ ექსპერტები ამ სისტემის შემოტანას?

ქვეყნებში, სადაც მაღალგანვითარებული საბანკო სისტემა მოქმედებს, ხელისუფლება და თავად საფინანსო ინსტიტუტები დიდ ყურადღებას უთმობენ მეანაბრეებისა და დეპოზიტარების უფლებების დაცვას და მათი დანაზოგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება დეპოზიტების დაზღვევის სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით ფუნქციონირებს.

საქართველოში დღეს მსგავსი ინსტიტუტი არ არსებობს, თუმცა, მეორე წელია, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით, სპეციალისტებმა ინტენსიური მუშაობა დაიწყეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებაზე. ეს სისტემა, ფაქტობრივად, რისკისგან ორმაგი დაზღვევაა: ერთის მხრივ, მეანაბრეებს ბანკის გაკოტრების შემთხვევაში აქვთ გარკვეული გარანტია, რომ მათი დანაზოგი დაცული იქნება, ხოლო მეორე მხრივ, თავად ბანკია დაზღვეული დეპოზიტების მასიური გატანისაგან.

საქართველოში საბანკო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ამასთან, ბანკის სტაბილურ ფუნქციონირებაზე სრულ გარანტიას მსოფლიოში ვერც ერთი საზედამხედველო ორგანო ვერ იძლევა. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები ან ინგლისი, სადაც საბანკო და სადაზღვევო სისტემები განვითარების მაღალ დონეზეა, ყოველწლიურად ათეულობით კომერციული ბანკი კოტრდება. დეპოზიტების დაზღევვის სისტემა ამგვარ კრიზისულ სიტუაციებში ერთგვარი სოციალური ამორტიზატორის როლს ასრულებს.

საბანკო სისტემა იცნობს დეპოზიტების სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის ინსტიტუტებს. დეპოზიტების დაზღვევის შემოღებას ალტერნატივა არა აქვს და ამჟამად საქართველოს ცენტრალური ბანკი მსოფლიო ბანკის ექსპერტების დახმარებით ამზადებს კანონპროექტს, რომელმაც საბანკო სექტორში აღნიშნული მექანიზმის დანერგვას უნდა შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG