Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახლოებულ შობის დღესასწაულს გლდანელი ბასილ მკალავიშვილი ახალი ენერგიითა და დარბევების ახალი ტალღით შეხვდა.


სოზარ სუბელიანი, თბილისი შობის მოახლოებულ დღესასწაულს გლდანელი ბასილ მკალავიშვილი ახალი ენერგიითა და დარბევების ახალი ტალღით შეხვდა.

გლდანის ეპარქიის მრევლის სამიზნედ ამჯერად ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობის – “სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის – სიცოცხლის ხის” – მიმდევართა შეკრება იქცა. ბასილ მკალავიშვილმა ამ აქციით, ერთგვარად, სამართალდამცავი სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელობის რეაქციასაც მოუსინჯა კბილი.

ამჯერად დარბევა თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მოხდა. კვირას, 23 დეკემბერს, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები შეიჭრნენ რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მდებარე კინოთეატრ “ივერიის” ერთ-ერთ დარბაზში, სადაც “სახარებისეული რწმენის ეკლესიის” ორასამდე მიმდევარი იყო შეკრებილი. ეკლესიის წინამძღვარი კახა ძებისაშვილი ასე აღწერს დარბევის პროცესს: “მოულოდნელად გაისმა ზარის ხმა, გაიღო კარები და დარბაზში სამოცამდე კაცი შემოცვივდა. მათ შეკრებილებს ფიცრებითა და სკამებით დაუწყეს ცემა, დაამტვრიეს პროექტორი, წაიღეს მუსიკალური საკრავი “იამაჰა”, დისტანციური რადიომიკროფონები და შემოწირულობის თანხა. ეკლესიის ზოგიერთ წევრს წაართვეს ჩანთები, ზოგსაც ჯიბეები ამოუტრიალეს. პირადად ჩემი ჩანთა და პასპორტიც წაიღეს.”

თავად ბასილ მკალავიშვილმა და გლდანის ეპარქიის პრესცენტრმა დარბევის ფაქტზე უკვე ტრადიციად ქცეული კომენტარი გააკეთეს, თითქოს მათ მშვიდობიანად დაშალეს სექტანტების შეკრება. თუმცა, ამ განცხადების პარალელურად პრესცენტრმა ერთგვარი მუქარაც გაავრცელა: “კულტურული დარბაზების მფლობელებს ვაფრთხილებთ, არ გამოუყონ სექტანტებს შენობის ფართობი ჩვენი სამშობლოსა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საქადაგებლად.”

დარბევა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა. მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, ენდი მამათელაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ავტომანქანის გამოძახება გახდა საჭირო. სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება რამდენიმე ათეულმა კაცმა მიიღო, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი, ტრადიციულად, სათანადო რეაგირებისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვეს. მეტიც, ძებისაშვილის თქმით, უბნის ინსპექტორმა მათ ურჩია, ექსპერტიზაზე უარი ეთქვათ, რადგან, მისი თქმით, “მსუბუქი დაზიანებების გულისთვის ექსპერტიზის გაკეთება არ ღირდა”.

სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ზაზა ფირალიშვილის აზრით, რელიგიური უმცირესობების დევნის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება დაბალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარეობს: [ზაზა ფირალიშვილის ხმა] “სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სამართალდაცმავ ორგანოებში არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ის, რასაც აკეთებს ბასილ მკალავიშვილი, ქართული სახელმწიფოსთვის კარგია. ეს, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი პოლიტიკური კულტურის ბრალია”.

ფირალიშვილის აზრით, სამართალდამცავები გამონაკლისს არ წარმოადგენენ, რადგან მკალავიშვილი, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოების განწყობას განასახიერებს: [ზაზა ფირალიშვილის ხმა] “ჩვენში მოხდა პარადოქსალური რაღაცა, რაც, ალბათ, ძალიან ცოტა საზოგადოებაში თუ მომხდარა: ერთმანეთისგან გაიმიჯნა ეთნიკური და სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი. წამყვანი როლი, ფუნქცია მოიპოვა ეგრეთ წოდებულმა ეთნიკურმა პატრიოტიზმმა, რომელიც ძალიან ხშირად საფუძველშივე უპირისპირდება სახელმწიფოებრიობის იდეას. სწორედ ამის წყალობით, ჩვენთან პოპულარული ხდება სახელმწიფოებრივი აზროვნების თვალსაზრისით ისეთი მარგინალური მოძრაობები, როგორიცაა ბასილ მკალავიშვილის მოძრაობა და კიდევ ბევრი სხვა”.

აქ გამოთქმულ მოსაზრებას ერთგვარად ადასტურებს ის გამოხმაურებაც, რაც მკალავიშვილის მორიგ აქციას მოჰყვა. ამაზე თუნდაც სააგენტო “ინტერ-პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაურიც მეტყველებს: “მამა ბასილის მრევლი სექტანტებს ამჯერად ცივილურად მოექცა”. როგორც ჩანს, დაახლოებით ასევე ფიქრობენ ქალაქის პირველ საავადმყოფოშიც, სადაც ძებისაშვილის თქმით, როცა დარბეულების ვინაობა გაიგეს, მათ შემოწმებაზეც კი უარი თქვეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე, მიიჩნევს, რომ მკალავიშვილის დაუსჯელობის მთავარი მიზეზი ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ მისი მხარდაჭერაა: [ელენე თევდორაძის ხმა] “პრინციპში, სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის დანაპირებს, რაც ჩადებულია კონსტიტუციაში. ჩვენთან ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ ვუკრძალავთ ადამიანს აღმსარებლობის თავისუფლებას, არ ვქმნით პირობებს, პიროვნების რწმენა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ზემოქმედებისგან. უბედურება ისაა, რომ ბასილ მკალავიშვილს და მის მრევლს ჩვენივე პოლიტიკოსები ასაზრდოებენ…”

შარშან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რელიგიურ უმცირესობათა დევნის გამო კომიტეტის სხდომაზე მიიწვია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები და ამ საკითხის მოსმენა მოაწყო. “სამწუხაროდ – ამბობს თევდორაძე – ამ მოსმენას, პარლამენტის მკვდრადშობილი დადგენილების მიღების გარდა, შედეგი არ მოჰყოლია”. მომავალი წლის დასაწყისში კომიტეტი აპირებს, კიდევ ერთხელ წამოჭრას ეს საკითხი და პასუხს ამჯერად სამართალდამცავი სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელებისგან მოითხოვს.
XS
SM
MD
LG