Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


სალომე ყანჩელის დაბადებიდან 80 წელი გავიდა.

ქართულ საზოგადოებას ცნობილი ქართველი მსახიობის იუბილე წესით მაისში უნდა აღენიშნა. მაგრამ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართულ მოსახლეობას გადაავიწყდა რუსთაველის თეატრის იმ ვარსკვლავის გახსენება, რომელმაც თავისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი- ხანუმა, ორასჯერ ითამაშა, რომლის სახელს ქართული-საბჭოთა თეატრისა და კინოს მრავალი გამარჯვება უკავშირდება. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნე" დღეს სწორედ სალომე ყანჩელის შემოქმედებას ეძღვნება.

თეატრი ლიტერატურა, ან ფერწერა არაა ავტორის შემოქმედებით ევოლუციას რომ გავეცნოთ, დავინახოთ, როგორ ბრძენდება მხატვარი, რას უარყოფს და რას იტოვებს თავის თავში. თეატრის ისტორია შეიძლება აღვადგინოთ მხოლოდ მაყურებლის ნაამბობით, საგაზეთო რეცენზიებით, ძველი ფოტოსურათებით... და ეს რომც შევძლოთ, თეატრის მსახიობის ევოლუციაზე საუბარი მაინც გაგვიჭირდება. თანაც, მსახიობს გააჩნია...

მართლაც, წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ არქივში შენახულია ყველა იმ სპექტაკლის გადაღებული მასალა, რომელშიც 60-იანი, 70-იანი წლების რუსთაველის თეატრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობს, სალომე ყანჩელს უთამაშია - "ჭინჭრაქა", "ბებერი მეზურნეები~, "ზაფხულის ღამის სიზმარი", "ხანუმა", "რიჩარდ მესამე", "მეფე ლირი~, "ბერნარდა ალბას სახლი" და სხვა - იმისათვის, რომ ჩავწვდეთ სალომე ყანჩელის სტილის თავისებურებას, ვეზიაროთ გზას, რომელიც მან რუსთაველის, მარჯანიშვილის, სოხუმის, და, ბოლოს, 1956 წლიდან - გარდაცვალებამდე - ისევ რუსთაველის თეატრში გაიარა, ფირზე აღბეჭდილი თუნდაც ყველა ამ სპექტაკლის ნახვა არ იქნება საკმარისი... და არა მარტო იმიტომ, რომ ფირზე, ფაქტობრივად, მთლიანად იკარგება წარმოდგენის სტილისტიკა და შესაბამისად, მსახიობის თამაშისგან მიღებული შთაბეჭდილება ძალზე ზედაპირულია. ეს ისედაც ცხადია... უბრალოდ სალომე ყანჩელია განსაკუთრებული სტილის არტისტი, რომელსაც ერთი და იგივე როლი, ფაქტობრივად, არასდროს უთამაშია ერთნაირად. თეატრმცოდნეები, ვისაც ყველა ზემოთჩამოთვლილი სპექტაკლი ახსოვს, და ვისაც ეს სპექტაკლები რამდენჯერმე უნახავს, როგორც წესი, პირველ რიგში მსახიობის პლასტიკას იხსენებენ და ამტკიცებენ, რომ მისი მოძრაობები ყოველ წარმოდგენაზე იცვლებოდა. ამ თვალსაზრისით, მსახიობის შემოქმედების ახალი ეტაპის მაუწყებელი მიხეილ თუმანიშვილის "ჭინჭრაქა" იყო - ჭყიპინა მზეთუნახავის როლი - დახატული სულ რამდენიმე შტრიხით.

უცნაურია, თეატრმცოდნეები სალომე ყანჩელის პლასტიკურ მონაცემებზე საუბრობენ, და, ამავე დროს, განუწყვეტლივ მიუთითებენ გამომხატველობით საშუალებათა სიძუნწეზე, რომელიც ყანჩელს სხვა მსახიობებისგან გამოარჩევდა. სხვათა შორის, ამ მსახიობის ხელწერის ეს თავისებურება კინოშიც კარგად ჩანს - მართალია, სალომე ყანჩელს კინემატოგრაფი მაინც და მაინც არ წყალობდა, ეპიზოდურ როლშიც კი, რომელიც ელდარ შენგელაიას ~არაჩვეულებრივ გამოფენაში" განასახიერა, მან მოახერხა შეექმნა დასამახსოვრებელი ხასიათი - გროტესკი და ამავე დროს, რაიმე მკვეთრი ხაზების უარყოფა, საოცრად შეერწყა მის გმირში.

რუსთაველის თეატრში მან განსხვავებული როლები ითამაშა (სხვათა შორის, თეატრში გატარებული 40 წლისთვის არც თუ ისე ბევრი), მაგრამ ქართული თეატრის ისტორიაში სალომე ყანჩელი მაინც ორი დიდი როლით დარჩა, - ერთია ბერნარდა თემურ ჩხეიძის "ბერნარდა ალბას სახლში" და მეორე - ხანუმა რობერტ სტურუას "ხანუმაში". ორივე წარმოდგენის სანახავად მაყურებელი რამდენჯერმე მიდიოდა. ყანჩელი ყოველთვის განსხვავებული იყო.

"ბერნარდა ალბაში" იგი ნაკლებად მოძრაობდა და ცოტას ლაპარაკობდა. ასეთი უნდა ყოფილიყო პირქუში დედის სახე. მაგრამ სწორედ ამიტომ ყოველი მისი გადაადგილება სცენაზე, ყოველი მისი სიტყვა მნიშვნელოვანი ხდებოდა. მისი სასოწარკვეთილი ძახილი "მუცელი დაუშანთეთ" - მეორე მოქმედების ბოლოს და მისი შეკივლება -"არ შევალ" - წარმოდგენის ფინალში. [ხმა. ნაწყვეტი სპექტაკლიდან "ბერნარდა ალბას სახლი"]

ყველაზე უცნაური ისაა, რომ მაყურებელი თანაუგრძნობდა "მდედრი ხელისუფლების" ამ სიმბოლოს. შესაძლებელია იმიტომ, რომ ეპოქა იყო ასეთი - "უძრაობის ხანა~, ამ შემთხვევაში აღბეჭდილი ლორკას გმირების სახით, შესაძლებელია ბერნარდა - ძალიან ახლობელი იყო ქართული მენტალიტეტისთვის. ჯობს ნუ განვაზოგადებთ - ზუსტად ასევე პოპულარული, უფრო მეტად პოპულარულიც აღმოჩნდა სალომე ყანჩელის ხანუმა - სტურუას სპექტაკლში. პოპულარობის მიზეზი რა თქმა უნდა არა სახე, მისი მენტალიტეტი, არამედ თავად სალომე ყანჩელი იყო.

"ხანუმა" კი, დედას რომ მახინჯი შვილი უყვარს, ისე მიყვარს"- აღნიშნა რობერტ სტურუამ 1973 წელს, სპექტაკლის დადგმიდან 5 წლის შემდეგ, როცა სალომე ყანჩელმა, ეროსი მანჯგალაძემ, რამაზ ჩხიკვაძემ და სხვებმა ხანუმა უკვე ორასჯერ ითამაშეს, როცა ინტელექტუალები სტურუას "უხამსობაში", "ცუდ გემოვნებაში" სდებდნენ ბრალს, მაყურებელი კი ისევ დადიოდა თეატრში და ყოველი წარმოდგენის შემდეგ გაკვირვებული რჩებოდა - გმირების რეპლიკები ზეპირად იცოდა, უნდოდა, რომ მსახიობებს საყვარელი რეპლიკები გაემეორებინათ, ისინი კი სულ სხვას ამბობდნენ და ისევ აცინებდნენ პუბლიკას, ამ, ახალ რეპლიკებს ამახსოვრებინებდნენ. "მე მგონია, ამ სპექტაკლის წარმატება იმდენად ჩემი დამსახურება არაა, რამდენადაც მსახიობებისა... ეტყობა, მაყურებელი მოწყურებულია ასეთ კოლორიტულ სცენურ სახეებს, მხიარულ სანახაობას, მსახიობთა იმპროვიზაციას" - აღნიშნავდა რობერტ სტურუა.

ქართველებს ერთფეროვნება ძალიან მალე რომ ბეზრდებათ -ეს უკვე ჩვეულებრივი განზოგადება არაა, ფაქტია... და ისიც ფაქტია, რომ "უძრაობის ხანაში", როცა მთელი საბჭოთა კულტურა სწორედ უძრაობა-ერთფეროვნებამ მოიცვა, სტურუასეული ვარიაციები ცაგარელის "ხანუმას" თემაზე ერთფეროვნების ჭაობში დამხრჩვალი საზოგადოების განტვირთვა იყო. ამ საზოგადოების წევრები იყვნენ მსახიობებიც, რომელთაც, ბუნებრივია, ასევე უნდოდათ სულის მოთქმა სცენაზე მაინც... და სწორედ "ხანუმა" აღმოჩნდა რუსთაველის თეატრისთვის თავისებური არტ-თერაპიული სეანსი, სადაც არავის არაფერს ასწავლიდნენ, მსახიობები ნასწავლ ტექსტებს აღარ კითხულობდნენ. ვიღაცამ იმხანად, სპექტაკლის სტილისტიკა ფიროსმანის ტილოებს შეადარა და უთუოდ არ შეცდა - რადგან სტურუას მიერ შექმნილი ხელოვნური გათამაშებანი, არა უხამსობა, არამედ უხამსობის სტილიზაცია, ჩვეული მაშტაბების განუწყვეტელი ნგრევა და სიტყვათა შეუსამაბო აქცენტებით თამაში - აქ სწორედ რეალობის ფიროსმანისეული რეკონსტრუქცია იყო. "ხანუმას~ შეფასებისას კრიტიკოსები დღეს უფრო ადვილად გამოიყენებდნენ მოდურ სიტყვას "პოსტმოდერნიზმი", მიუთითებდნენ რა წარმოდგენაში გამოყენებულ მრავალრიცხოვან ციტატებზე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს სიტყვა მაინც და მაინც არ იყო დამკვიდრებული ჩვენში, საპატარძლოს მზითვების წაკითხვის სცენა თეატრმცოდნეებმა ლადო გუდიაშვილის სურათს შეადარეს - სალომე ყანჩელი-ხანუმა, ეტრატით ხელში, კრიტიკოსებს ნინო გუდიაშვილის პორტრეტს აგონებდა. ერთი განსხვვებით, მსახიობი ქართველი მოდერნისტი მხატვრის ტილოს სტილიზაციას მიმართავდა და ისევე როგორც ამ წარმოდგენის ყველა სცენაში - მაყურებელიც შეჰყავდა თამაშის, უტრირების, სტილიზაციის სამყაროში.

"ხანუმა არ გამხატავს დღევანდელი მაყურებლის სულიერ ცხოვრებას...ამიტომ სპექტაკლ "ხანუმასგან" აღძრული სიცილი არაჯანსაღი სიცილია" - წერდა იმხანად კრიტიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია. მაგრამ დრო გავიდა, სტურუამ არა მარტო "მახინჯი შვილი ხანუმა", არამედ მშვენიერი სპექტაკლებიც დადგა, რომლებიც ამავე დროს, მახინჯ დას თუ ძმას - "ხანუმას" ჰგავდნენ. აღმოჩნდა, რომ ხუმრობა ცაგარელის თემაზე, ბრეხტის სტილისტიკის დამკვიდრების რეპეტიცია იყო - იმ თეატრისა, სადაც მსახიობი თითქოს მხოლოდ იმიტომ არსებობს სცენაზე, რომ მაყურებელი გამოაღვიძოს, აზროვნებას შეაჩვიოს, თუნდაც ამ "არაჯანსაღი სიცილის დახმარებით".

შესაძლებელია სალომე ყანჩელი იმიტომაც თამაშობდა ყოველთვის ასეთი ძუნწი გამომსახველობითი ხერხებით, რომ სახის დასრულებას მაყურებელს ანდობდა. შესაძლებელია იმიტომ იყო იგი განსხვავებული ყოველ წარმოდგენაში, იმიტომ გაურბოდა განმეორებას, რომ სწორედ მაყურებელს "ეთამაშებოდა", მას "გადაულოცავდა" ხოლმე თავის გმირებს.

იგი 1985 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ანუ მასთან ერთად ჩვენში დასრულდა ეპოქა "რეალური ცხოვრების იმიტაციისა". სალომე ყანჩელს, 70-იანი წლების რუსთაველის თეატრის მთელი დასის მსგავსად, ასეთი იმიტაციისთვის არ მიუმართავს. ხელოვნურ პათეთიკას იგი ისევ სიცილს, თუნდაც "არაჯანსაღ სიცილს" არჩევდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG