Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ენერგოკრიზისთან ბრძოლაში პირველ წარმატებებს აღწევს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 22 დეკემბრის საღამოს შემდეგ, როცა მეტნაკლებად ასე ვთქვათ განათებული ზამთრის მოლოდინის ილუზია დაიმსხვა მეათე ბლოკის აფეთქებასთან ერთად.

თბილისელების დიდ ნაწილს მთავრობის პირობა, საახალწლოდ ენერგოსექტორში კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ, დიდად არ დაუჯერებიათ. როგორც ირკვევა, ტყუილად.

უკვე 24 დეკემბრის საღამოდან თბილისში "არაჩვეულებრივი სასწაული" ხდებოდა-საღამოდან თბილისს ისევ მიეწოდებოდა დენი, რომელიც შუაღამესაც არ ჩამქვრალა და დილითაც კი იყო. მოკლედ, გინდა არ გინდა, ადამიანს მთავრობის ილუზიონისტური უნარი უნდა გეღიარებინა, რადგან მართლაც სასწაულად გამოიყურებოდა და გამოიყურება ელექტროენერგიის მთავარი გამომუშავებელი აგრეგატების გაჩერების პირობებში, დედაქალაქისთვის დენის მიწოდება.

ოფიციალური განმარტებებით, ვითარების ნორმალიზებას ხელი შეუწყო მეოთხე ენერგობლოკის ამუშავებამ და ელექტროენერგიის იმპორტმა რუსეთიდან. გარდა ამისა, ენერგიის ნაწილს თბილისი ენგურჰესიდან, ორთაჭალჰესიდან და ზაჰესიდან იღებს. 25 დეკემბრის საღამოდან დაიწყება ელეტროენერგიის იმპორტი სომხეთიდანაც და სიტუაცია კიდევ უფრო სტაბილური გახდება. 25 დეკემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ აი-ეს თელასის სათაო ოფისმა 3 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისთვის. მისივე ოპტიმისტური განცხადებით, საახალწლო დღეებში თბილისს დენი 20 საათის განმავლობაში შეუფერხებლად ექნება. გაახლოებით მსგავს პროგნოზს აკეთებს "AES- თელასიც", რომლის განმარტებით, თუ იმპორტის პროცესში შეფერხება არ იქნა, ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიას უწყვეტად მიიღებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კარგ გადამხდელად ითვლება.

სხვა საკითხია, ვინ იგულისხმება კარგი გადამხდელების კატეგორიაში. თბილისელთა დიდი ნაწილი 25 დეკემბერს სადარბაზოებში საშობაო სიურპრიზს აღმოაჩენდა "AES-თელასისგან". კერძოდ, იმ მომხმარებელთა სიას, რომელსაც AES-ი ურჩ გადამხდელად თვლის და მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დენის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ურჩების კატეგორიაში ერთნაირი წარმატებით აღმოჩნდნენ ისინიც, ვისი დავალიანებაც ას ლარს აღემატება და ისინიც, ვისაც შვიდი ლარის საფასურის ოდენობის ელექტროენერგია აქვთ დახარჯული ბოლო გადახდის შემდეგ. ალბათ, საქართველოს სინამდვილეში, ასეთი მომხმარებლები წლის ბოლოს AES უნდა დაეჯილდოვებინა, როგორც სამაგალითო გადამხდელები, მაგრამ ქართული რეალობა სხვაგვარია - არ არის გამორიცხული, სამაგალითო გადამხდელები დენის გარეშე აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება მეათე ენერგობლოკის აფეთქებას. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად გავრცელებული ცნობებით, ჯერჯერობით არ დასტურდება დივერსიის ვერსია. გამორიცხული არ არის, აფეთქება მაინც ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის შედეგი იყოს. თუმცა, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული მეათე ენერგობლოკის აღდგენას, სულ ცოტა, ერთი წელიწადი მაინც დასჭირდება და ეს სიამოვნება დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაჯდება.
XS
SM
MD
LG