Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკას ეხმაურება.


ნანა დევდარიანი ჟურნალისტებს შეხვდა, წლის მიწურულს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობა შეაჯამა და იქვე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკასაც გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრების" წარმომადგენელმა ნანა კაკაბაძემ , ნანა დევდარიანის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სახალხო დამცველის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრების" წარმომადგენლის ნანა კაკაბაძის შენიშვნა, ერთ კონკრეტულ ფაქტს ეფუძნებოდა. კერძოდ, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნების უცოდინრობის მიზეზით, სახალხო დამცველის რწმუნებულის ქუთაისის მეორე საპყრობილეში შეუშვებლობას. "უბედურებაა, როცა საქართველოს ერთერთ მხარეში სახალხო დამცველის და მისი რწმუნებულის საქმიანობის შესახებ არაფერი არ იციან"-ითქვა აღნიშნულთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი კი მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნას ასე გამოეხმაურა:

[ნანა დევდარიანის ხმა] "ცოტა სირცხვილია, როცა მეუბნები, რომ მე პატიმრებს რაღაცა დავაკელი და არაფერს ამბობ მინისტრზე, რომელსაც ეს სფერო ებარა და არასდროს გაგიკრიტიკებია."

ნანა დევდარიანი განმარტავს, რომ ქუთაისის საპყრობილეში მისი რწმუნებულის შეუშვებლობა, რასაც საპყრობილის ხელმძღვანელების განთავისუფლება მოჰყვა, ამ უკანასკნელებმა მაშინდელ იუსტიციის მინისტრსაც კი დააბრალეს. საპყრობილის ხელმძღვანელებმა "სახალხო დამცველის შესახებ" კანონის მოთხოვნები თუ მართლა არ იცოდნენ, ამის გამო მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ საპყრობილეში სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, პენიტენცილაური სისტემა კი სწორედ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და არის და არა სახალხო დამცველის დაქვემდებარებაში. აი, რატომ თვლის უსაფუძვლოდ ნანა დევდარიანი ნანა კაკაბაძის მიერ გამოთქმულ შენიშვნას.

ზემოთხსენებული ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სახალხო დამცველის რწმუნებულმა ქუთაისის მე-2 საპყრობილეში ერთერთ ბრალდებულთან შეხვედრა დააპირა და საპყრობილის ადმინისტრაციამ ის პატიმრამდე არ მიუშვა, რითაც "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნა დაარღვია. მოგვიანებით, თავისმართლებისთვის მათ კანონის უცოდინრობა მოიმიზეზეს და ეს მაშინდელ იუსტიციის მინისტრსაც კი დააბრალეს.

სინამდვილეში ქუთაისის მე-2 საპყრობილეში სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. იქაურ ადმინისტრაციას შენობის სარდაფში პატიმართა დასასჯელი ადგილი ჰქონდა მოწყობილი, აღნიშნულის გარდა არსებობდა სერიოზული ეჭვი, რომ ამავე საპყრობილედან პატიმართა გაქცევა, საპატიმროს თანამშრომლების ხელშეწყობით იყო მომხდარი. ნანა დევდარიანი თვლის, რომ ქუთაისის მეორე საპყრობლეში მისი რწმუნებულის შესვლის შეფერხება, იქ არსებული დარღვევების გამომზეურების შიშით იყო განპირობებული და არა კანონის უცოდინრობით.

ასეა იყო თუ ისე, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნის იგნორირებისთვის კანონდამრღვევები დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ. ქუთაისის მეორე საპყრობილეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ნანა დევდარიანის მიერ გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობიდან იქნა დათხოვნილი ის პროკურორიც, რომელსაც იმერეთის მხარეში სასჯელთა აღსრულების დაწესებულებების ზედამხედველობა ევალებოდა.

სახალხო დამცველი თვლის, რომ მის სამსახურში ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება მოხერხდა. "მე როცა აქ მოვედი, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ სახალხო დამცველს მათთვის გარკვეული მოთხოვნების წარდგენა შეუძლია, ამ მხრივ სიტუაცია მეტნაკლებად გამოსწორდა’-ამბობს ის და დასძენს, რომ ძალოვანებთან ურთიერთობაში პრობლემები დღესაც ააქვს, განსაკუთრებით პროკურატურასთან.
XS
SM
MD
LG