Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის მე-6 არაფორმალური შეხვედრა ქართულ-აფხაზური სემინარ-დიალოგის ფარგლებში.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 16-დან 21-დეკემბრამდე ბერლინში გაიმართა რიგით მე-6 არაფორმალური შეხვედრა ქართულ-აფხაზური სემინარ- დიალოგის ფარგლებში.

ამ პროექტში კერძო პირების სტატუსით მონაწილეობენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისიდან და სოხუმიდან.
საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორია პაატა ზაქარეიშვილი.

ბერლინის მე-6 სემინარ-დიალოგი გარკვეული დაძაბულობით გამოირჩეოდა, რაც კოდორის ხეობაში ოქტომბერში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, ამიტომ სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით ის გაცილებით უფრო პრინციპულ ხასიათს ატარებდა. პაატა ზაქარეიშვილი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ ორივე მხარის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა პირველად გაიმართა, თუმცა გულწრფელობა და გულახდილობა ნამდვილად არ აკლდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დამსახურებადაც შეიძლება ჩაითვალოს[ზაქარეიშვილის ხმა]"ჩვენი საუბრის დროს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო კოდორის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და აღმოჩნდა, რომ არც აფხაზებმა არ იცოდნენ სრული ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია კოდორის ხეობაში ესკალაცია და მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვა, ჩვენი დამოკიდებულება და აღმოჩნდა, რომ არც ჩვენ არ ვიცოდით ბევრი რამე-მათი დამოკიდებულება ამის მიმართ და ამიტომ მოხდა ინფორმაციის ჩვენებური და მათებური გაცვლა და რაღაც საერთო სურათი შეივსო ამ შეხვედრის შემდეგ".

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ კოდორის ხეობაში ვითარების დაძაბვა საქართველოს ხელისუფლების სინდისზეა და რომ ეს იყო უნიჭოდ და წინდაუხედავად დაგეგმილი ოპერაცია:[ზაქარეიშვილის ხმა]"ვინც დაგეგმა, ან არ ესმოდა, რას აკეთებდა, თუ ესმოდა, არის საქართველოს მოღალატე, ელემენტარულად იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად დასწია უკან ქართველების მიმართ ნდობა აფხაზეთში. ისედაც ნდობა პრაქტიკულად არ არსებობდა, მაგრამ კიდევ უფრო გაათკეცა ეს დამოკიდებულება. მხოლოდ უგუნური და მართლა მტერი, საქართველოს მტერი, თუ ჩაიფიქრებდა ასეთი ღონისძიების განხორციელებას".

სემინარზე არსებული დაძაბულობის მიუხედავად, მონაწილეები უფრო ღრმად ჩაწვდნენ კონფლიქტის არსს, აფხაზური მხარის წარმომადგენლები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი კონსტრუქციულ მიდგომას ავლენს კონფლიქტის მოგვარების მიმართ, მაგრამ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდების მომხრენი არიან. სემინარის მონაწილეთა ერთსულოვანი აღიარებით კი, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ყოვლად მიუღებელია ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების განხორციელება არა მხოლოდ აფხაზეთს დაგვაკარგვინებს, არამედ საქართველოს სრულ ფრაგმენტაციასაც გამოიწვევს.

საერთოდ კი, ბერლინის შეხვედრის მსვლელობამ აჩვენა, რომ დღეისათვის მხარეები არ არიან მზად კომპრომისისათვის:[ზაქარეიშვილის ხმა]"იქ იყო რამოდენიმე ვარიანტი გათამაშებული, მაგალითად, სიმულაცია სიტუაციას მოწესრიგების, ანუ გამოდიხარ შენი როლიდან, გამოდიხარ პირობებიდან და იწყებ მოვლენის სიმულაციას, აბა, როგორ მოვიქცეოდი იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, არ ვაყენებ აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირობას, ანდა, სიტყვაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირობას-გამოვიდეთ ამ პირობებიდან და პირობის გარეშე დავსხდეთ და ვისაუბროთ. ადრე გამოდიოდა ეს და ამ შეხვედრაზე არ გამოვიდა".



სემინარ-დისკუსიის ორგანიზატორებია ბერლინის ბერგჰოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ბრიტანეთის ორგანიზაცია სახელწოდებით "შერიგების რესურესები". ამ ორგანიზაციების ექსპერტთა აზრით, მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხური მდგომარეობის გამო სულ უფრო ძნელი ხდება კონფლიქტის დინამიკაზე კონსტრუქციული ზემოქმედების ფორმების გამოძებნა.
XS
SM
MD
LG