Accessibility links

სახალხო დიპლომატია - აუმოქმედებელი რეზერვი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში


სექტემბერ - ოქტომბერში კოდორის ხეობასა და გალის ტერიტორიაზე დესტრუქციული ძალების წაქეზებით დაწყებული საბრძოლო შეტაკებების შედეგი, მოსალოდნელზე უფრო სავალალო აღმოჩნდა.

- კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი თითქმის გამოუვალ ჩიხში მოექცა. არადა ამ მოვლენებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კარგი შანსი, რომ დაეჩქარებინა ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგების პროცესი. თუმცა ამისთვის მას ორი პირობა უნდა შეესრულებინა - სახალხო დიპლომატიის მომხრეთა პოზიციების გაძლიერებით გაენეიტრალებინა ეგრეთწოდებული "ომის პარტიის" აქტივობა.

აფხაზი ეროვნების ლორიკ მარშანია, თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. მაგრამ ასეთი მაღალი თანამდებობის მიუხედავად იგი აშკარად დისიდენტივით გამოიყურება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სხვა წარმომადგენალთა ფონზე, რომლებიც გადაჭრით უჭერენ მხარს ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენას სეპარატისტულ ავტონომიის ტერიტორიაზე. მათგან განსხვავებით ლორიკ მარშანია აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნების თანამიმდევრული მომხრეა და ურყევად სჯერა, რომ თუ არა თბილისსა და სოხუმში მოქმედ "ომის პარტიათა" მერკანტილური ინტერესები, სახალხო დიპლომატიის გზით ქართველი და აფხაზი ხალხები რამდენიმე წლის წინ მოახერხებდნენ შერიგებას.
[ლორიკ მარშანიას ხმა]"მე პირადად აფხაზი კაცი ვარ და ვიძახი: მე თუ ექვსი ოჯახის წევრი დამიხოცეს, მე არ ვამბობ, რომ ომით უნდა წავიდე და სისხლით. მე ვამბობ, რომ ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. დავივიწყოთ ყველაფერი ვისი ბრალია, რა მოხდა და საიდან მოდის ეს ყველაფერი და ეს მერე ვილაპარაკოთ, როცა ყველა ნორმალური ქართველი და აფხაზი, ვისაც არც ერთი დანაშაული არ მიუძღვის, დაბრუნდეს უნდა"

ლორიკ მარშანია ამტკიცებს, რომ აფხაზი ხალხი და მისი სახელოვანი წარმომადგენლები უკვე გამოვიდნენ ომის შემდგომი წლების ეიფორიიდან და ისინი ინტენსიურად ეძებენ ქართველებთან დაახლოების გზებს. ამის დამადასტურებლად იგი იშველიებს აფხაზი წარმოშობის ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, დოქტორ ინალ კაზანის მაგალითს. ინალ კაზანმა, რომელიც თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აფხაზთა ლიდერის არძინბას პირადი წარმომადგენელი იყო, მიმდინარე წლის ივლისში წერილით მიმართა თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტს. მიმართვაში აფხაზი პროფესორი ილუზიას უწოდებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას და მოუწოდებს პარლამენტარებს საქართველოს ფარგლებში ფართო ავტონომიაზე იფიქრონ.

თავის მხრივ ინალ კაზანი წერილი სახალხო მოძრაობის დაწყების ერთგვარ სიგნალად იქცა. აგვისტოს დასაწყისში საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო გაერთაინება და ცალკეული პოლიტიკოსები "აფხაზეთის თანხმობის, ერთობისა და აღორძინების კავშირში" გაერთიანდნენ და თავის ძირითად მიზნად სახალხო(სამოქალაქო) დიპლომატიის გზით აფხაზეთის მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტების დამყარება განიზრახეს.
[ლორიკ მარშანია ხმა]"ჩვენ ყველგან მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, უკრაინაში ბევრ ქალაქში გვყავს ჩვენი წარმომადგენლები სახალხო დიპლომატიის. ერთმანეთს ტელეფონზე ურეკავენ, წერილებს წერენ, ხვდებიან და უკვე ეს ყველაფერი ამოტივტივდა, თურმე ჩვენ ერთი ვყოფილვართ კაცო, უბრალოდ ეს ვიღაცამ გაგვიკეთა, და ვიღაცამ ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში"

აღსანიშნავია, რომ ქართველ და აფხაზ ხალხთა კიდევ უფრო დაახლოების მიზნით სექტემბრის თვეში თურქეთსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ და აფხაზ დიასპორათა შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ გალის რაიონსა და კოდორის ხეობაში "ომის პარტიათა" გააქტიურებამ დიდი ხნით შეაფერხა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართული სამოქალაქო დიპლომატიის ძალისხმევა.
XS
SM
MD
LG