Accessibility links

როდის შევა ძალაში AES-თელასის სამომხმარებლო ხელშეკრულება.


AES-თელასსა და მის აბონენტებს შორის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურებისა და მოხმარების პირობები

(ანუ სამომხმარებლო ხელშეკრულება), წესით, 2002 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ასევე წესით, ამერიკულ კომპანიას 2001 წლის 31 დეკემბრამდე ინდივიდუალური ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული თითოეულ მომხმარებელთან, მაგრამ ეს აშკარად ვერ მოესწრება, რადგანაც პროცესი ჯერ არცკი დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ 27-პუნქტიანი ხელშეკრულების პროექტი საქართველოს ენერგეტიკის ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ სექტემბერში დაამტკიცა, მაგრამ, როგორც ჩანს,
AES-თელასი პოზიციების დათმობას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინათ კომპანიამ წერილობითი მოთხოვნით მიმართა სემეკს და დააფიქსირა თავისი სურვილი “სამომხმარებლო საკითხის” 2002 წლის 1 ივლისამდე გადავადების თაობაზე. აშკარაა, რომ AES-ი ცდილობს მაქსიმალურად აარიდოს თავი იმ ხელშეკრულებას, რომელიც იმთავითვე არასასურველი იყო მისთვის დღემდეც ასეთად რჩება.

შეგახსენებთ, რომ, კომპანიისთვის ხელსაყრელი ზოგიერთი ჩასწორების მიუხედავად, ხელშეკრულების პირობებში კვლავაც მკაცრად იკითხება სადავო პუნქტი, რომელიც დედაქალაქს ელექტროენერგიის 24-საათიანი მოწოდების გარანტიას აძლევს.
AES-თელასის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერის, ვალერი ფანცულაიას განცხადებით, ზემოხსენებული პუნქტი კვლავაც ძირეულ გადახედვას საჭიროებს და არ შეიძლება კომპანიას მოსთხოვო ის, რაც მის ძალებს აღემატება. ანუ თელასი ფიზიკურად ვერ გაანაწილებს იმ ელექტროენერგიას, რომელსაც მას არ მიაწვდიან.

სხვათა შორის, ყოველივე ეს დღეს თბილისში ლამის ბავშვებმაც ზეპირად იციან, მაგრამ მოსახლეობას უკვე დიდი ხანია აბსოლუტურად აღარ აინტერესებს მიზეზები და ძირითადად შედეგებით მსჯელობს. შედეგები კი, თავადაც მოგეხსენებათ, როგორი გვაქვს.

საინტერესოა, რის იმედი აქვს AES-თელასს, როდესაც ის სამომხმარებლო ხელშეკრულების გაფორმების 1 ივლისამდე გადავადებას მოითხოვს. ამაზე
ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა 6-თვიანი თადარიგი კომპანიას (სულ მცირე) იმის შანსს მაინც მისცემს, რომ ზამთრის აურ-ზაურს აარიდოს თავი. თორემ, ხელშეკრულების 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში, მოსახლეობა მას სასამართლო პროცესებს ნამდვილად არ მოაკლებს, რადგანაც დენის უქონლობით გამწარებულ აბონენტებს თავიანთი უფლებების დაცვის იურიდიული საყრდენი ექნებათ.

მოახერხებს თუ ვერა AES-თელასი ზამთრის აურ-ზაურისთვის თავის არიდებას, ამას სემეკის სხდომა გადაწყვეტს, რომელიც, წესით, 28 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. წინასწარი მონაცემებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამერიკელი ინვესტორის სურვილს დააკმაყოფილებს და ამით, მოსახლეობა 24-საათიანი განათების იურიდიულად მოთხოვნის შანსს კიდევ 6 თვით დაემშვიდობება.

თუმცა ამჟამად, აფეთქებული მე-10-სა და დაინვალიდებული მე-9 ბლოკების შემხედვარე თბილისელები 24-საათიან განათებაზე მეტად, დენის შედარებით მსუბუქ გრაფიკზე უფრო ოცნებობენ. ამასთან, მსგავსი ავარიების შემთხვევაში,
AES-თელასს ელექტროენერგიის შეწყვეტისათვის პასუხი, ცხადია, არც (მის მიერ დაწუნებული) ხელშეკრულების მიხედვით მოეთხოვება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მე-10 ბლოკის სრულფასოვან აღდგენას 20 მილიონი დოლარი და ერთი წელიწადი დასჭირდება. ერთი სიტყვით, ამ ვითარებაში AES-თელასისთვის მუდმივი დენის მოთხოვნა უხერხულიც არის და უიმედოც. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დროა იმისათვის, რომ სემეკმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუმცა როგორი დროც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლება მაინც აუცილებლად გაუწევდა ანგარიშს იმ ამერიკულ კომპანიას, რომლის ინვესტიციაც მას თვალის ჩინივით ეძვირფასება და რომელიც მას ერთხელ უკვე კინაღამ გაექცა.
XS
SM
MD
LG