Accessibility links

როგორ აფასებენ მიმომხილველები პრეზიდენტ ბუშის მოღვაწეობას თეთრ სახლში


ანდრო ეული, პრაღა გასულ იანვარს, როცა ჯორჯ ბუში შეერთებული შტატების პრეზიდენტად აკურთხეს, მას საქმით უნდა დაემტკიცებინა, რომ იმსახურებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას.

და მრავალი მიმომხილველის აზრით პრეზიდენტმა ბუშმა წარმატებით შესძლო ამის გაკეთება, როცა ღირსეული პასუხი გასცა 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას;
ალბად განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო გაჭიანურებით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ შეუდგა რა საქმიანობას თეთრ სახლში ჯორჯ ბუშმა იმ საშინაო პრობლემებს დაუთმო მთელი ყურადღება, რაც მის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დომინირებდა, და უწინარესად ეს ფედერალური გადასახადის შემცირებას ეხება. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 11 სექტემბრის მოვლენებამდე საგარეო პოლიტიკა ბუშისთვის თითქოსდა უკანა პლანზე იყო გადასული. მაგრამ ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმებმა რადიკალურად შეცვალა ვითარება. სულ მალე, თეთრი სახლის ადმინისტრაციის თაოსნობით შეიქმნა მოკავშირე სახელმწიფოთა კოალიცია, რომელმაც ომი გამოუცხადა ტერორიზმს.
პრეზიდენტ ბუშის ანტი - ტერორისტული კამპანია
დიპლომატიური და სამხედრო სფეროებით არ შემოფარგლულა. სულ მალე ბუშმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეთა დახმარებით ფინანსურ ომს იწყებს ტერორიზმის წინააღმდეგ და რომ ალ ყაიდისა და ამ ტერორისტული ორგანიზაციის დამხმარე ყველა დაჯგუფების საბანკო ანგარიშები გაიყინება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ დღეისათვის
60 მილიონ დოლარსა აქვს უკვე დადებული ყადაღა.
ჯორჯ ბუშმა განაცხადა ამასთანავე, რომ შეერთებული შტატების მიერ წამოწყებული ანტი - ტერორისტული კამპანია ისლამის წინააღმდეგ სულაც არაა მიმართული.
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 9 დღე იყო გასული, როცა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ჯორჯ ბუშმა განაცხადა:
"მინდა დღეს მაჰმადიანებსაც მივმართო მთელს მსოფლიოში. ჩვენ პატივსა ვცემთ თქვენს რელიგიას, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს ამერიკაში და კიდევ უფრო მეტი იმ ქვეყნებში, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს ამერიკას. ისლამი სიკეთესა და მშვიდობას ჰქადაგებს. ხოლო ისინი, ვინც ბოროტებას სჩადის ალაჰის სახელით, ჩირქსა სცხებს ამ სახელს".
ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელს სტივენ ჰესს მიაჩნია, რომ 11 სექტემბრის მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ჯორჯ ბუშის, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოღვაწეობა. თუ ადრე ბუში ნაკლებ დაინტერესებას იჩენდა ნატოს კავშირთან მჭიდრო ურთერთობით, 11- მა სექტემბერმა მყისვე შეცვალა მისი ეს პოზიცია. ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ნატომ, პირველად თავისი არსებობის მანძილზე აამოქმედა ამ კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც ნატოს ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა ამ კავშირის ყველა წევრზე თავდასხმად უნდა იქნეს მიჩნეული. ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტისათვის დეკემბრის პირველ რიცხვებში მიცემულ ინტერვიუში სტივენ ჰესმა განაცხადა:
"ნატო მეტად მნიშვნელოვანი მოკავშირე ხდება, ვინაიდან ჩვენცა და პრეზიდენტიც - საერთაშორისო კოალიციის შექმნის პროცესში ვართ. და ამ მხრივ ევროპას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ტონი ბლერი მთავარ პარტნიორად მოგვევლინა ამ წამოწყებაში. მისი ახალი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და გამომდინარე შედეგები ნატოსთვის უდიდეს როლს შეასრულებს ამ კავშირში".
სტივენ ჰესი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ჯორჯ ბუშმა საკმაოდ გამოცდილი და უნარიანი მრჩევლები შემოიკრიბა სახელმწიფო მდივნის ქოლინ პაუელის, თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდისა და კონდოლიზა რაისის სახით, რომელიც ეროვნული უშიშროების საკითხებს განაგებს. სტეფან ჰესს ამ საკითხში ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ისტორიკოსი დევიდ ლუბლინი ეთანხმება. ხოლო სტივენ ჰესის კოლეგას, იმავე ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორს ალენ ლიხტმანს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკელ ხალხთან ურთიერთობის შთამბეჭდავი უნარი გამოავლინა
XS
SM
MD
LG