Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში


რისთვის და როგორ ხარჯავენ სახელმწიფო სტრუქტურები ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს?

ამ შეკითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზით, რომ სახელმწიფო სახელისუფლებო სტრუქტურებს მოხმარებული თანხის მიზნობრიობის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები არ გააჩნიათ. ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვები კანონდარღვევით ხორციელდება. მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ ისაუბრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით მისი ერთი მესამედი, სახელმწიფო შესყიდვებზე იხარჯება. ეს იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი საოფისე, კაპიტალურ და მიმდინარე ხარჯებს ხმარდება. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში შეტანილმა ცვლილებებმა სახელმწიფო შესყიდვების არეალი საგრძნობლად გააფართოვა. შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შევიდა სახელმწიფო დაწესებულებების სპეცსახსრებით, სპეცფონდებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვებიც, აგრეთვე უცხოური კრედიტებისა და დახმარებების ის ნაწილიც, რომლის ხარჯვაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით გათვალისწინებული არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციების საერთო რაოდენობა 800-ს შეადგენს და მათ მიერ განხორციელებული შესყიდვები ყოველწლიურად 250-დან 300 მილიონამდე ლარის ფარგლებში მერყეობს. მაგრამ რისთვის იხარჯება ამ თახის მნიშვნელოვანი ნაწილი, გაურკვეველია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის აზრით, გაურკვევლობას სახელმწიფო უწყებების მიერ კანონის იგნორირება ქმნის. შესყიდვებისთვის, მომწოდებლის ტენდერის საფუძველზე შერჩევის ნაცვლად, რაც კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, ხელშეკრულებები კერძო პირებთან ფორმდება და ამით უკანონო გარიგებებისთვის ფართო ასპარეზი იქმნება. ხოლო უკანონო გარიგებების შედეგი, რომლის შესახებ მთავრობას ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ თემურ ხომერიკმა მიაწოდა, ასეთია:
საქართველოს პარლამენტის აპარატს მიმდინარე წელს დახარჯული აქვს 1,4 მილიონი ლარი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში კი წარდგენილი აქვს მხოლოდ 400 000 ლარის დახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 300 000 ლარის თაობაზე ინფორმაცია შეიტანა, თუმცა მიმდინარე ბიუჯეტიდან და სპეცსახსრებიდან 19 მილიონი ლარი დაუხარჯავს. ანალოგიური სურათია თავდაცვის სამინისტროშიც: დახარჯულია 14 მილიონი, ინფორმაცია კი მხოლოდ 5,3 მილიონის შესახებ არსებობს. შემოსავლების სამინისტროს დახარჯული აქვს 11 მილიონი ლარი, წარმოდგენელი აქვს ინფორმაცია 1 მილიონის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოხმარებული თანხის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ შეუტანია. სამაგიეროდ, თემურ ხომერიკის თქმით, აღნიშნულ სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვადაგადაცილებილი და ჩამოწერილი კონსერვები შეუტანია.

საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ანგარიშს თითქმის არ ახდენენ განათლებისა და კულტურის სამინისტროებიც. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, დარღვევები აქვს თითქმის ყევლა სახელმწიფო უწყებას, მაგრამ ამ უწყებების ხელმძღვანელებმა მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოხსენებაში მითითებული შენიშვნები გადაჭარბებულად ჩათვალეს. თუ ასეა, მათ დახარჯული თანხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შემუშავება მართებთ.
XS
SM
MD
LG