Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმების გაგრძელებას აპირებს


სოზარ სუბელიანი, თბილისი მომავალი წლის ბიუჯეტში იუსტიციის სამინისტროსთვის 9 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული

. ეს მაშინ, როცა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემის წყლისა და ეელექტროენერგიის დავალიანება სამნახევარ მილიონ ლარს აღწევს. მთლიანობაში, სასჯელაღსრულების სისტემა ყველაზე რთული უბანია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო. 26 დეკემბერს სასჯელაღსრულების სისტემის კურატორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე კახა კობერიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ მიქაძე საზოგადოების წინაშე სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ერთგვარი ანგარიშით წარსდგნენ.

კახა კობერიძის თქმით, სამინისტრომ მომავალი წლის დაფინანსებისთვის განაცხადი 31 მილიონ ლარზე შეიტანა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ თანხა გაუმესამედა და 9 მილიონ ლარზე ჩამოუყვანა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ რა პრობლემებს უქმნის პენიტენციურ სისტემას დაუფინანსებლობა, მინისტრის მოადგილეს რამდენი მაგალითი მოჰყავს:

[კახა კობერიძის ხმა] “იმ დღეში ვართ, რომ პერიმეტრის გასანათებლად ნახმარ საბურავებს უკიდებენ ცეცხლს დაწესებულების ხელმძღვანელები და იმით ანათებენ პერიმეტრს. სამედიცინო მომსახურება: 4000 ლარზე ოდნავ მეტია გამოყოფილი თვეში მედიკამენტებისთვის, მაშინ, როცა სისტემაში 8500 პატიმარია. წარმოიდგინეთ ახლა, რა რჩება – 50 თეთრი თვეში ერთ პატიმარზე. იმასაც ხომ ვერ ვიღებთ, არა? საშუალოდ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, თითოეულ პატიმარზე მედიკამენტებისთვის თვეში 30 თეთრი გვაქვს. კვება: თითო პატიმარზე 23 ლარი და 50 თეთრი თვეში. აქედან თითქმის ნახევარი მიაქვს პურს, რჩება დღეში 40 თეთრი ერთი პატიმრის კვებისთვის”.

ყოველივე ზემოთქმულს გათბობის პრობლემა და შენობების ტექნიკური მდგომარეობაც ემატება. 25 დეკემბერს რუსთავის ნომერ მეორე კოლონიაში გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც ბარაკებში მოთავსებული 175 პატიმარი სასწრაფოდ სხვაგან გახდა გადასაყვანი. კობერიძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს მომავალშიც არაერთხელ უნდა ველოდოთ: [კახა კობერიძის ხმა] “შენობები ამორტიზებულია და ეს ხანძრებიც ამიტომ ხდება. გათბობის კუსტარული საშუალებები აქვთ – რა ქნან, ხომ არ დაიხოცებიან, არა? მთელი ელექტროგაყვანილობა 50-60-იან წლებშია გაკეთებული. ეს გაცვდა მორალურადაც და ფიზიკურადაც, აღდგენის საშუალებაც არ არის”.

არადა კაპიტალური ხარჯებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში მხოლოდ 200 ათასი ლარია ჩადებული. მიმდინარე წელს ამ მიზნით 700 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც, საბოლოოდ, სეკვესტრმა შეიწირა. ეს მაშინ, როცა ერთადერთი ნორმალური შენობის, რუსთავის ახალი ციხის დამთავრებისთვის, სულ ცოტა, მილიონნახევარი ლარია საჭირო.

სამინისტროს ხელმძღვანელობა აპირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შექმნას პატიმართა დახმარების ფონდი, რომელიც, პირველ რიგში, ბავშვთა კოლონიაზე იზრუნებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში ამ კოლონიის ხონიდან ავჭალაში გადმოყვანაა დაგეგმილი: [კახა კობერიძის ხმა] “ამ ფონდში მთელი მოძრაობა უნდა წავიდეს იმ მიმართულებით, რომ ბიზნესმენებმა და იმ ხალხმა, ვისაც მეცენეტობის და ქველმოქმედების რაღაც სურვილი აქვს, არასრულწლოვანთა კოლონია მაინც მოგვიწყოს პირველ ეტაპზე. იქ, მაქსიმუმ, 30 არასრულწლოვანი გვყავს, პერიოდულად ორი ბავშვი ემატება ან აკლდება და ამ 30 კაცს როგორმე უნდა მოვუაროთ. იმიტომ, რომ იქ მყოფი ის არასრულწლოვანი თუ გაბოროტდა და ზრდასრული დამნაშავე გამოვიდა, ეს იქნება დიდი ცოდვა, რასაც ჩვენ ჩავიდენთ.”

კიდევ ერთი მემკვიდრეობითი პრობლემა ახალი კადრების მომზადებაა, რაც სერიოზულ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. სამაგიეროდ, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობაც ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეულმა ადამიანებმა უნდა დაიცვან, რაც დაცვის მდგომარეობას ზედმეტი ხარჯების გარეშე გააუმჯობესებს.
XS
SM
MD
LG