Accessibility links

logo-print

ინდოეთი და პაკისტანი ომისთვის ემზადებიან


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს ინდოეთმა განაცხადა, რომ მისი რაკეტები მზადყოფნაშია მოყვანილი.

სამხედრო თვითმფრინავები ყოველ რადენიმე წუთში ერთხელ უახლოვდება პაკისტანის საზღვარს, ორივე ქვეყნის ჯარები საზღვრისკენ დაიძრა. ამასთან, პაკისტანიც და ინდოეთიც, ორი ბირთვული ქვეყანა, ირწმუნება, რომ ომის თავიდან აცილება სურს.

ინდოეთის კაბინეტის უშიშროების კომიტეტი ოთხშაბათს საღამოს განიხილავს პაკისტანზე დიპლომატიური ზეწოლის ნაბიჯებს, მათ შორის პაკისტანის თვითმფრინავებისთვის ფრენის აკრძალვას, წყალგანაწილების ხელშეკრულების გაუქმებას, საელჩოების დონის დაქვეითებას და პაკისტანისთვის “უპირატესი სავაჭრო პარტნიორის“ სტატუსის შეჩერებას.

ჩვენი სარაკეტო სისტემა მზადყოფნაშიაო, განაცხადა ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა. ინდოეთის არსენალი შეიცავს საშუალო რადიუსის მოქმედების რუსეთის წარმოების რაკეტებს და ინდოეთის წარმოების “Prithvi 1” რაკეტას, რომლის გასროლა მობილური გამშვები დანადგარიდან შეიძლება 150 კმ-ის სიშორეზე.

პაკისტანისა და ინდოეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პაკისტანის ჩინური წარმოების საშუალო რადიუსის რაკეტები აგრეთვე მზადყოფნაშია მოყვანილი. ორივე ქვეყნის სარაკეტო სისტემები შეიძლება გადაკეთდეს ბირთვული ქობინების გამშვებად, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, დაიწყეს თუ არა მხარეებმა ეს სამუშაოები.

დაძაბულობა გაიზარდა ინდოეთის პარლამენტზე თვითმკვლელური ტერაქტის შემდეგ 13 დეკემბერს. ინდოეთი ადანაშაულებს ორ ექსტრემისტულ ჯგუფს, რომელთაც, დელის სიტყვით, პაკისტანის საიდუმლო სამსახურები უწყობს ხელს. ეს ჯგუფებია “ლაშქარ-ი-ტაიაბა” და “ჯაიშ-ი-მოჰამედი”, რომლებიც ქაშმირის პროვინციაში ინდოეთის მმათრველობის გაუქმებას მოითხოვენ. ბოლო დრომდე ეს ჯგუფები ღიად მოქმედებნენ პაკისტანში: აგროვებდნენ ფულს და საკუთარ რიგებში ახალ წევრებს იზიდავდნენ.

პაკისტანმა გადადგა ნაბიჯები ამ ჯგუფების წინააღმდეგ: გაყინა მათი აქტივები და დახურა ისლამაბადში მათი ოფისები. მოითხოვა პაკისტანის მთავარ ქალაქებში მათი დროშების მოხსნა და აკრძალა შემონაწირის შეგროვება. ამჟამად ამ ჯგუფების საქმიანობა მხოლოდ ქაშმირის პროვინციაშია დაშვებული.

დელის ეს არასაკმარისად მიაჩნია. ის მოითხოვს ამ ჯგუფების საქმიანობის სრულიად აღკვეთას, მეთაურების დაპატიმრებას და ინდოეთისთვის მათ გადაცემას.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დაგმო პარლამენტზე თავდასხმა, მაგრამ არავითარი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, სანამ არ ექნება ექსტრემისტების წინააღმდეგ დამამტკიცებელი საბუთები. ის უარყოფს აგრეთვე, რომ პაკისტანის მთავრობა ეხმარება ან აკონტროლებს მათ საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც 1947 წელს ინდოეთი და პაკისტანი გაიყვნენ და მიიღეს დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან, მათ სამჯერ იომეს, ორჯერ ქაშმირისთვის. ეს უმთავრესად მაჰმადიანური პროვინცია, ორ ქვეყანას შორის არის გაყოფილი და ორივე მის მთლიანად დასაკუთრებას ლამობს. ყველაფრის მიუხედავად, არც ერთ მხარეს აშკარად არ სურს ახალი ომის დაწყება.

არ მგონია, რომ ინდოეთში ან სუბკონტინენტზე ვინმეს უნდოდეს ომიო, თქვა ოთხშაბათს ინდოეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გუჯრალმა. ინდოეთის სამხედრო წრეების სიტყვით, მათ ურჩევნიათ ზამთრის პირობებში ომის თავიდან აცილება.

აღსანიშნავია, რომ აზიის შვიდი ქვეყნის ლიდერების სამიტი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ატალ ბეჰარი ვაჯპაისა და პაკისტანის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის მონაწილეობით, არ გაუქმებულა. შეხვედრა დანიშნულია 4-6 იანვრისთვის კატმანდუში და, ნეპალის განცხადებით, მასზე დასწრებას ორივე ლიდერი აპირებს.
XS
SM
MD
LG