Accessibility links

logo-print

გამოიკვეთა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელების რეალური კონტურები


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ.

აზერბაიჯანი პროექტის რეალიზაციისათვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მომავალი წლის დასაწყისში მეზობელი სახელმწიფოს მთავრობა შექმნის მილსადენის მშენებლობის კომპანიას, რომელიც უშუალოდ განახორციელებს “საუკუნის პროექტს”.

ამ პროექტმა, რომლის შესახებაც ამდენს საუბრობენ საქართველოში და რომელზეც ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს, როგორც ჩანს, რეალური კონტურები შეიძინა. 2002 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში შეიქმნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის მილსადენი კომპანია სახელწოდებით BTC Co.

სანქციას მშენებლობისთვის BTC დაახლოებით 2002 წლის მეორე კვარტლის ბოლოს მიიღებს, თავად ნავთობსადენი კი 2005 წლის დასაწყისში უნდა იყოს მზად, რათა კასპიის საბადო “აზერიდან” ნავთობის პირველი მოცულობები მიიღოს. 2002 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ვარაუდობენ პირველი სატენდერო წინადადებების მიღებას ნავთობსადენის მშენებლობაზე. როგორც ჩანს, პროექტის ღირებულების 30%-ს დააფინანსებენ პროექტის მონაწილე სანავთობო კომპანიები, დანარჩენ ნაწილს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მსოფლიო ბანკის სტრუქტურასთან – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან. პროექტის პოტენციურ ინვესტორთა რიცხვში ასევე ასახელებენ იაპონიისა და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკებს.

საინტერესოა ბოლოდროინდელი ცნობა იმის თაობაზე, რომ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს რუსეთის ნავთობკომპანია LUKoil-ი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისადმი რუსეთის არცთუ პოზიტიური დამოკიდებულების გამო პროექტში რუსეთის სანავთობო გიგანტის ჩართვა საყურადღებო დეტალად აღიქმება.

როგორც ჟურნალისტებს LUKoil-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევან ჩელოიანცმა აცნობა, კომპანიაში ამჟამად შეისწავლება ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლიანობა, რომელიც კომპანია “ბრითიშ პეტროლეუმმა” წარადგინა. ჯევან ჩელოიანცის შეფასებით, პროექტის რენტაბელობა გაიზარდა: ახლა იგი 24%-ს შეადგენს წინა 17%-თან შედარებით. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში LUKoil-ის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია რუსეთის მთავრობის პოზიციაზე: მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნავთობსადენის მშენებლობაში რუსეთის კომპანიების მონაწილეობის მიზანშეწონილობაზეო, ხაზი გაუსვა ჯევან ჩელოიანცმა.

2,4 მილიარდი დოლარის ფიქსირებული ღირებულების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, საორიენტაციოდ 2005 წლიდან, გათვლილია კასპიის 50 მილიონ ტონამდე ნავთობის ყოველწლიურ ექსპორტზე. AIOC-ის პროგნოზით, 2002 წლის შუა პერიოდიდან საბოლოოდ გაირკვევა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის 100-კილომეტრიანი დერეფნის საკითხი, რომელზეც მომავალში გაივლის ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიც. იგი ბაქო-ჯეიჰანის კვალად აშენდება, რათა 2005 წლისთვის საქართველოს ტერიტორიით თურქეთში კასპიის საბადო “შაჰდენიზიდან” ბუნებრივი გაზის მიწოდება უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG