Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამორიცხული არ არის, ახალ წელს ქვეყანა სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე შეხვდეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით, პარლამენტი მხოლოდ დეკემბრის ბოლოს იწყებს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

27 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტს სწორედ ამ დოკუმენტის განხილვა მოუწევს. ამავე დროს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს 2001 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. არადა, ექსპერტების ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ისევ დადგეს 2001 წლის არაერთხელ სეკვესტრირებული ბიუჯეტის შემცირების საკითხი.

[დავით გამყრელიძის ხმა] “ჩვენ ამ თვეს ან სეკვესტრი მოგვიწევს, ან წელს დავამთავრებთ ძალიან სერიოზული გარღვევით. ამ თვეში გარღვევა დარჩენილია. დასაფინანსებელია 125 მილიონი და, პრაქტიკულად, არც ერთ თვეს, თუ არ ჩავთვლით ბოლო თვეს, 54-55 მილიონზე მეტი არ დაფინანსებულა. ჩავთვალოთ, რომ 60 მილიონი დააფინანსოს ბატონმა ზურაბმა და ფინანსთა სამინისტრომ. რეალურად, მარტო ცენტრალურ ბიუჯეტში გარღვევა 125 მილიონი გვრჩება წლის ბოლოს.”

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ამ პროგნოზს, რომელიც მინისტრთა დამტკიცებისას გაკეთდა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისიც იზიარებს. როგორც სააგენტო “ინტერ-პრესს” განუცხადა ამ სამსახურის უფროსის მოადგილემ მირონ ტუღუშმა, გარდაუვალია წლევანდელი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება, თუმცა, ბოლო წლების ტრადიციის გათვალისწინებით, დაცული მუხლები 2002 წლის ბიუჯეტს დააწვება მძიმე ტვირთად.

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კი პარლამენტში საკმაოდ რთული მდგომარეობა შეინიშნება. მართალია, ორიოდე დღის წინათ დამტკიცებული სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე წარმოდგენილი პროექტის შესრულებაზე მთელს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ბოლო კულუარული ინფორმაციით, პარლამენტართა საკმაო რაოდენობისთვის სახელმწიფო მინისტრის კაცური სიტყვა საკმარისი არ არის და ისინი რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის სერიოზული რევიზიისთვის ემზადებიან. როგორც ირკვევა, ბიუჯეტის პროექტში არ შესულა ის ცვლილებები, რომლებზეც თითქოს შეთანხმებას მიაღწიეს წინასწარი განხილვებისას კომიტეტებსა და ფრაქციებში. მაგალითად, ფრაქცია “ერთიანი საქართველო” მასწავლებლების ხელფასების გაზრდას მოითხოვს. პარლამენტართა ნაწილი უკმაყოფილოა ძალოვნების დაფინანსებისა და სპეცალური ხარჯების ოდენობის კლებით. საინტერესო ნიუანსი: ბიუჯეტის პროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებელ თანხებს. არადა, 2001 წლის შემოდგომისთვის დაგეგმილი და 2002 წლის გაზაფხულისთვის გადატანილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის თანხები რომ აუცილებლად იქნება საჭირო, უეჭველია.

მოკლედ, არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ბიუჯეტის განხილვა დროში გაიწელოს და წელს არც მოესწროს. არადა, კონსტიტუცია სხვა “რეჟიმს” ითვალისწინებს ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის მომზადებისთვის. კონსტიტუციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 3 თვით ადრე უნდა წარუდგინოს. მართალია, წელს ოქტომბერ-ნოემბერში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ორგანოებს კონსტიტუციის მოთხოვნებისთვის არ ეცალათ, მაგრამ ბიუჯეტის პროექტი უფრო მშვიდ ვითარებაშიც იმდენად გვიან შედის პარლამენტში, რომ პარლამენტარებს მისი გაკეთილშობილებისთვის დრო არ რჩებათ. არადა, საბოლოოდ, ბიუჯეტის რეალისტურობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.
XS
SM
MD
LG