Accessibility links

ბადრი პატარკაციშვილის საზოგადოებრივი იმიჯი


უკვე მრავალი კვირის განმავლობაში, ქართული პრესის ფურცლებზე უწყვეტად ჩნდება ერთი და იგივე სახელი და გვარი: ბადრი პატარკაციშვილი.

მკითხველი ამ სახელ-გვარს ხვდება გაზეთების პირველ გვერდებზე, სათაურებში, ქვესათაურებში. ქვეყნდება მასალები, რომელთა ავტორად ცხადდება “ბადრი პატარკაციშვილის სამდივნო”. მოკლედ, კარგა ხანია, ქართულ პრესას ასე აქტიურად არც ერთი პოლიტიკური ფიგურის საზოგადოებრივ იმიჯზე არ უმუშავია.

“დილის გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა დაახლოებით ერთი თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მისი გაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებელია. თუ ამ გაზეთის თითოეულ ნომერს ყურადღებით მივადევნებთ თვალს, ადვილად განვსაზღვრავთ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ გემოვნებასაც და მისი იმიჯმეიკერების ტექნოლოგიურ სვლებსაც. თუ სხვა პოპულარულ გაზეთებსაც გავეცნობით, იმასაც შევნიშნავთ, რომელი მათგანი იმეორებს “დილის გაზეთის” პოზიციას კვირის წამყვან თემებთან დაკავშირებით.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანს “დილის გაზეთთან” სრული თანხვედრით მუშაობს “ახალი თაობა”. ზოგჯერ მათ უერთდება “საქართველოს რესპუბლიკაც”. ეს თანხვედრა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ორი კვირის წინ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა, თბილისის მერიის ნაცვლად, “საქგაზს” ერთი მილიონი დოლარი გადაურიცხა.

თუ პოლიტიკურ გემოვნებას ვიკითხავთ, “დილის გაზეთისა” და “ახალი თაობის” ფურცლებზე ერთსულოვნებაა “ახალი მემარჯვენეების” მხარდაჭერის თვალსაზრისით; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა ფაქტი: ორივე გაზეთი მკითხველს არწმუნებს, რომ დიტერ ბოდენს საქართველოდან გაძევება ემუქრება; რომ აფხაზეთის პრობლემას გაერო, ეუთო ან ნატო კი ვერ მოაგვარებენ, არამედ - რუსეთის კეთილი ნება.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის შექმნას: ყველაზე მარტივი სვლა ისაა, რომ ბევრი იწერება პატარკაციშვილის სიმდიდრესა და მეცენატობაზე; უფრო ხშირად - სიმდიდრეზე: მკითხველს მუდმივად აუწყებენ, ამჯერად რა შენობა ან დაწესებულება შეიძინა დიდმა ბიზნესმენმა. სხვათა შორის, გასული თვეების განმავლობაში ყოველ ორშაბათს “კვირის პალიტრაშიც” ქვეყნდებოდა სტატია პატარკაციშვილის ახალი შენაძენების შესახებ. იქვე იბეჭდებოდა ინტერვიუები იმ ადამიანებთან, ვინც ბადრი პატარკაციშვილმა დაასაქმა.

იყო უფრო რთული სვლებიც იმიჯტექნოლოგიების კუთხით. მაგალითად, ამგვარი: 10 დეკემბერს “ახალ თაობაში” და 11 დეკემბერს “ალიაში” დაიბეჭდა სტატიები, რომლებიც გვიამბობენ “ნეზავისიმაია გაზეტაში” განვითარებულ კონფლიქტზე. კერძოდ, გაზეთი დაატოვებინეს მთავარი რედაქტორის მოადგილეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის განყოფილების ხელმძღვანელს ალან კასაევს. იგი, თურმე, უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოზე მხოლოდ დადებითი მასალის გამოქვეყნებას აიძულებდნენ. რატომ იბეჭდებოდა აგრესიულობით განთქმულ “ნეზავისიმაია გაზეტაში” ბოლო ხანს მხოლოდ დადებითი პუბლიკაციები საქართველოს შესახებ? გვატყობინებენ, რომ გაზეთის მთავარი რედაქტორი ტატიანა კოშკარიოვა ბადრი პატარკაციშვილის ძველი მეგობარია; კერძოდ, ისინი დიდხანს ერთად მუშაობდნენ OPT-ში. ციტატა “ალიადან”: “ამბობენ, რომ “ნეზავისიმაია გაზეტას” ფურცლებზე საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური იმიჯის შექმნაში ბადრი პატარკაციშვილს ნაკლები მონაწილეობა არ მიუღია, ვიდრე გაზეთის ხელმძღვანელობას”.

გასული კვირის ოთხშაბათს “საქართველოს რესპუბლიკამ” “ნეზავისიმაია გაზეტადან" გადმობეჭდა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვრცელი ინტერვიუ. ეს არის წმინდა პროქართული, მაგრამ რუსეთის მიმართ კორექტული ინტერვიუ, გამოქვეყნებული პოპულარული რუსული გაზეთის ფურცლებზე.

სამაგიეროდ, ზუსტად იმავე დღეს, “დილის გაზეთი” ბეჭდავს ინტერვიუს მოსკოვის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორთან, სერგეი მარკოვთან. ეს მარკოვი, თურმე, პუტინის მთავარი პოლიტტექნოლოგის მეგობარიც ყოფილა, თანაც, ახლა თავის გუნდთან ერთად უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებსაც ამზადებს. ჰოდა, ამ ადამიანის შეფასებით, საქართველო არის მცირე იმპერია, რომელსაც ჯიუტად არ სურს, გაითვალისწინოს აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთისა და აჭარის ინტერესები. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სერგეი მარკოვი შემდეგ რეცეპტს გვთავაზობს: საქართველოში რუსული ენა მცირე სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადდეს, ლარი რუბლს მიებას და, რაც მთავარია, უკან უნდა დაბრუნდეს რუსეთის ჯარი.

საბოლოოდ, რა გამოდის? არსებობს ორი გაზეთი, სადაც ბადრი პატარკაციშვილს ძლიერი გავლენა აქვს: ერთი ქართული და ერთიც – რუსული. ქართულ გაზეთში იბეჭდება პრორუსული ინტერვიუ, ხოლო რუსულ გაზეთში - პროქართული ინტერვიუ. შემდეგ პროქართული ინტერვიუ რუსული გაზეთიდან გადმოიბეჭდება ქართულ გაზეთში და ჩვენ გვეცოდინება, როგორ გულითადად ემსახურება ბადრი პატარკაციშვილი რუსეთში ქართულ საქმეს. სამაგიეროდ, არ გვეცოდინება, ემსახურება თუ არა იგივე ადამიანი საქართველოში რუსეთის ინტერესებს. მაგალითად, აქვს თუ არა ვინმე მარკოვთან რაიმე კავშირი პატარკაციშვილს, არავინ იცის და, ალბათ, არც არავის ეცოდინება მანამ, სანამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება არ დაიწყება და ეს მარკოვი ჩვენთვისაც არ მოიცლის.
XS
SM
MD
LG