Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ თენეიშვილის მემუარების პრეზენტაცია


ამ დღეებში თბილისის კინოს სახლში მოეწყო პრეზენტაცია წიგნისა, რომელმაც, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც გაანთავისუფლოს პოსტკომუნისტური საზოგადოება ერთი აკვიატებული აზრისგან.

ეგრეთ წოდებული “კულტურის ცენზორები” ყოველთვის როდი აფერხებდნენ ხელოვნების განვითარებას.

საკავშირო გაერთიანება “სოიუზინფორმკინოს” გენერალური დირექტორი ოთარ თენეიშვილი, რომლის მემუარები ახლახან დაიბეჭდა მოსკოვში, იმ ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელი არ გაიტეხეს და კარჩაკეტილი საბჭოთა მაყურებელი მსოფლიო კინოს შედევრებს აზიარეს.

“ის საკუთარ თავზე და ჩვენ მის შესახებ” – ასე ჰქვია ქართველი კინომცოდნის, ოთარ თენეიშვილის მემუარებს, რომელიც ავტორის ქალიშვილმა, თამარ თენეიშვილმა, მოსკოვში გამოსცა. არ არის შემთხვევითი, რომ წიგნის პრეზენტაცია თბილისში, კინოს სახლში მოეწყო. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ საღამოს უამრავი ხალხი დაესწრო. მათ შორის ყოფილი პარტიული ელიტაც. 1984 წელს, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, ოთარ თენეიშვილი მოსკოვიდან, სადაც იგი მძლავრ საკავშირი გაერთიანებას, “სოიუზინფორმკინოს” ხელმძღვანელობდა, თბილისში გადმოიყვანეს და მეგობრობის მუზეუმის დირექტორად დანიშნეს. თუმცა, მის მემუარებში ამ პერიოდზე თითქმის არაფერია ნათქვამი.

ოთარ თენეიშვილი მეგობრებს, კოლეგებს, დაამახსოვრდათ უფრო როგორც დახვეწილი გემოვნების, განათლებული კინემატოგრაფისტი-ჩინოვნიკი, რომლის ძალისხმევით 70-იან წლებში მსოფლიომ იხილა საუკეთესო საბჭოთა, მათ შორის ქართული ფილმებიც, რომლის ძალისხმევით, ხელისუფლების წინაღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირში სამუშაოდ ჩამოვიდნენ აკირა კუროსავა და მიქელანჯელო ანტონიონი, ვიტორიო დე სიკა და ტონინო გუერა. ოთარ თენეიშვილის მემუარეები სწორედ ამ წინაღმდეგობაზე გვიამბობს. პრინციპში ეს წიგნი “უძრაობის ხანის” საბჭოთა კინოწარმოების ისტორიაცაა, რომლის წაკითხვის შემდეგ ნათელი ხდება, რომ თენეიშვილმა იმხანად შეუძლებელს მიაღწია: იგი ფაქტობრივად პირველი და, შესაძლოა, ერთადერთი საბჭოთა კინოჩინოვნიკია (თუ გნებავთ ცენზორიც), რომელმაც საბჭოთა კინოკულტურისთვის უცხო, პროდიუსერის როლი იტვირთა. იგი მოსკოვში ერთადერთი და გამორჩეული კინოიდეოლოგი იყო, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა ყველაფერი, რაც მსოფლიო კინოში ხდებოდა და ახერხებდა, ნაწილობრივ მაინც დაეახლოვებინა ერთმანეთთან დასავლური და საბჭოთა კინოხელოვნება.

დღეს მოსკოვში ოთარ თენეიშვილს იგონებენ, როგორც “პროგრესულ პარტიულ მუშაკს”, საქართველოში, როგორც პატიოსანსა და განათლებულ ადამიანს. ასე იგონებენ მას მეგობრებიც წერილებში, რომელიც ამ წიგნშია ჩართული. წიგნში, რომელიც, თავის მხრივ, პოსტსაბჭოთა კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს ანგრევს, ნათელი ხდება, რომ კომუნისტურ იდეოლოგიას ზოგჯერ თავად კომუნისტი-იდეოლოგებიც უპირისპირდებოდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG