Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აღმშენებლობითი პროცესი დაიწყო


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს 26 დეკემბერს, ქაბულში ავღანეთის ახლახან არჩეული დროებითი ადმინისტრაციის მეორე სხდომა გაიმართა

. ომით გაჩანაგებული ეკონომიკის აღდგენის გარდა დროებითი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა ერთიანი არმიის შექმნა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებათა ათეულათასობით მებრძოლს, ადამიანებს, რომლებიც ერთი მეორეს უპირისპირდებოდნენ დრო და დრო ხანგრძლივი სამოქალაქო ომის მსვლელობისას;

მას შემდეგ, რაც შაბათს ქაბულში ჰამიდ კარზაის დროებითი ადმინისტრაციის კურთხევის ცერემონიალი გაიმართა, პაკისტანში გახიზნული ავღანელი ლტოლვილები თანდათანობით სამშობლოში ბრუნდებიან. ”მარტო სამშაბათს, პაკისტანის ქალაქ ქუეთადან და სხვა საზღვრისპირა რაიონებიდან ავღანელ ლტოლვილთა 800 ოჯახი დაბრუნდა სამშობლოში”-უთხრა რეიტერის სააგენტოს პაკისტანელმა მესაზღვრემ.

ამასობაში, ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები და ანტიტერორისტულ კოალიციაში შემავალი რაზმები მორიგი ოპერაციისთვის ემზადებიან თორა ბორის მთიან მასივში გამოქვაბულებისა და გვირაბების შესამოწმებლად, რათა გაირკვეს, სად იმყოფება ან რა ბედი ეწია საერთაშორისო ტერორისტს ბინ ლადენს, რომელიც გაუჩინარდა და როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, მათ წარმოდგენა არა აქვთ, მკვდარია ბინ ლადენი, ცოცხალი, თუ გაქცეულია საერთოდ ავღანეთიდან. კოალიციური ძალების წარმომადგენელმა კენტონ კითმა განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, ბინ ლადენი ერთ-ერთი დაბომბვის დროს იქნა მოკლული. დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს შეუძლიათ იმდენ ხანს დარჩნენ ავღანეთში, რამდენიც ბინ ლადენის მისაკვლევად გახდება საჭირო. სამშაბათს კარზაიმ, ეთნიკური უზბეკი აბდულ რაშიდ დოსტუმი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა დროებითი მთავრობის 30-წევრიან კაბინეტში.

ქალაქ ყანდაარში, შაშხანებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული ”ალ ყაიდის” 8 დაჭრილი არაბი მებრძოლი საავადმყოფოს პალატაშია გამაგრებული და არ ტოვებს შენობას, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერმა გულ აღამ მათი გაძევება უბრძანა შეიარაღებულ რაზმს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ქაბულის ქუჩებში მართლაც იგრძნობა, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურ პირობებს უბრუნდება თალიბების ხუთწლიანი რეპრესიული მმართველობის შემდეგ. ქაბულის ცენტრალურ სტადიონზე გამართულმა ფეხბურთის მატჩმა ბევრი მაყურებელი მიიზიდა; ფეხბურთელები ტრადიციულ სპორტულ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და თანაც წვერი ჰქონდათ მოპარსული; ერთიც და მეორეც აკრძალული იყო თალიბების მმართველობის დროს.
XS
SM
MD
LG