Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრო საქართველოშიც შეაბიჯებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ევროს ზონაში შემავალი ქვეყნების ახალი წლის შემდგომი სავალუტო მოლოდინი გარკვეულწილად საქართველოს საფინანსო ბაზარსაც შეეხება.

რას გვპირდება ქართული "ევრომარათონი" და როგორ განხორციელდება გადაცვლითი ოპერაციები?

2002 წლის 1 იანვრის შემდეგ საქართველოს სავალუტო ბაზარზე ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ფინეთის ვალუტების ადგილს ერთიანი ევროპული ვალუტა - ევრო დაიკავებს. 21-ე საუკუნისა და ევროპის ინტეგრაციის ნაყოფი, ერთიანი ევროვალუტა, ბუნებრივია, საქართველოშიც "შემოაბიჯებს", თუმცა, რა თქმა უნდა, არა იმ სტატუსით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში.

ევროს ზონაში შემავალი ქვეყნების ვალუტები სრულფასოვანი საგადამხდელო საშუალების ფუნქციას ჯერ კიდევ შეასრულებენ 2002 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ძველი ფულადი ნიშნების ოფიციალური გადაცვლა ევროზე ევროს ზონის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში მომავალი წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ევროვალუტების ხვედრითი წილი საქართველოს შიდა სავალუტო ბაზრის ბრუნვაში, სადაც ძირითადად აშშ-ის დოლარი დომინირებს, 10-12%-ს აღემატება. ამდენად, საბანკო ექსპერტების ვარაუდით, ერთიანი ევროვალუტის შემოღება ქვეყნის საფინანსო ბაზრებზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს, ყოველ შემთხვევაში, პირველ ხანებში მაინც.

ევროს ზონაში შემავალი სახელმწიფოების ფულადი ნიშნების ევროზე გადაცვლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ კომერციულ ბანკებში, რომელთაც 2002 წლის იანვრის პირველი რიცხვებიდან უკვე ექნებათ ერთიანი ევროვალუტის ბანკნოტები.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკიდან ჯერ კიდევ 15 დეკემბერს მიიღეს მითითება იმის შესახებ, რომ ცენტრალური ბანკი მზად არის, საბანკო დაწესებულებებში ევროპის ცალკეული ქვეყნების ვალუტებში არსებული საკასო ნაშთები ეროვნულ ბანკში გახსნილსა და ევროში დენომინირებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ჩარიცხოს. ნაახალწლევს კომერციულ ბანკებს საკუთარი ანგარიშებიდან ევროს ბანკნოტების გატანის შესაძლებლობა მიეცემათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულიას განმარტებით, საბანკო ოპერაციები ევროს ზონის სახელმწიფოებთან ამჟამად არსებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად განხორციელდება. აქვე საგულისხმოა, რომ საქართველოს ბანკები ევროპის კორესპონდენტი ბანკების საშუალებით უნაღდო ანგარიშსწორებას უკვე დიდი ხანია, აწარმოებენ. შესაბამისად, ევროთი ანგარიშსწორებისას საქართველოში დიდ გაუგებრობებს არ უნდა ველოდეთ.

ევროვალუტის შემოღებამ ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვის ფორმირებაშიც შეიტანა კორექტივები. ამიერიდან ეროვნული ბანკი ქვეყნის სავალუტო რეზერვის 30 პროცენტს სწორედ ევროში განათავსებს, ხოლო დარჩენილი 70 პროცენტი კვლავ "უბერებელ" დოლარს დაეთმობა.
XS
SM
MD
LG