Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია ''ალდაგი'' პარლამენტის სპიკერსა და პროკურორებს სასამართლოში უჩივის


დავით პაიჭაძე, თბილისი სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესა და მთავარ სამხედრო პროკურორს. "ალდაგის" ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ნინო ბურჯანაძის, ბადრი ბიწაძისა და გია ჯიქიას უპასუხისმგებლო განცხადებებმა შელახა კომპანიის საქმიანი რეპუტაცია და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას. "ალდაგის" სარჩელი მოითხოვს, ამ პირებს სასამართლომ ფინანსური კომპენსაცია დააკისროს.

პოლიტიკით დაინტერესებულმა ჩვენმა ყველა თანამოქალაქემ იცის: გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბადრი ბიწაძემ ე.წ. “ალდაგის საქმე” მაშინ ახსენა, როცა ამ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ პროტესტი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის მაღალ პოსტზე დანიშვნის გამო. “ალდაგის” ხელმძღვანელობა და ადვოკატი წინააღმდეგნი არიან თავად “ალდაგის საქმის” ცნებისა და განმარტავენ, რომ სამხედრო პროკურატურამ საქმე აღძრა არა კომპანიის ან მისი რომელიმე თანამშრომლის, არამედ თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ თანამშრომელთა წინააღმდეგ. მეტიც, “ალდაგმა” ერთი კვირის წინ ოფიციალურად მიმართა გენერალურ პროკურატურას და სთხოვა, ეცნობებინა, კომპანიაზე ხომ არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რასაც პროკურატურა დუმილით პასუხობს. ხსენებული საქმე კი აღიძრა ამა წლის 17 სექტემბერს; “ალდაგის” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ მეზურნიშვილმა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ძიებისას დადასტურდა: კომპანიას კანონი არ დაურღვევია; მხოლოდ გამყრელიძის განცხადების შემდეგ ყოფილმა სამხედრო პროკურორმა, ბადრი ბიწაძემ საქმე პოლიტიკური შანტაჟისთვის და კომპანიის სადისკრედიტაციოდ გამოიყენა.

25 დეკემბერს სამხედრო პროკურატურამ ისანი-სამგორის სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა სადაზღვევო კომპანია “ალდაგიდან” იმ დოკუმენტაციის ამოღებასა და რევიზიაზე, რომელიც საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის ხსენებული საქმის მსვლელობას. სასამართლომ პროკურატურას შუამდგომლობაზე უარი უთხრა. თუმცა, თენგიზ მეზურნიშვილის თქმით [მეზურნიშვილის ხმა]: “ამას არ გაუჩერებია ისინი; რამდენადაც ვიცი, გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ემზადება სხვადასხვა საშუალებებით რაიმე საქმის შესაქმნელად. ამ საქმეს მერე ალბათ წამოწევს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან სამხედრო პროკურორი. გაისმა ბრალდებაც პირადად ჩემს წინააღმდეგ, თითქოს მთავარი სამხედრო პროკურორისთვის ქრთამი შემეთავაზებინოს”. თენგიზ მეზურნიშვილი აცხადებს, რომ სამხედრო პროკურატურის თანამშრომლები აკითხავენ “ალდაგის” კლიენტ იურიდიულ პირებს, რომელთაც სამხედრო სფეროსთან საერთო არაფერი აქვთ, და მოითხოვენ სადაზღვევო კომპანიასთან მათი ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

“ალდაგში” მიაჩნიათ, რომ ძალოვან უწყებათა ასეთი ქმედება კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს, კანონს ეწინააღმდეგება, ზიანს აყენებს კომპანიის საქმიანობას და აბრკოლებს მის განვითარებას. სწორედ ამიტომ “ალდაგი” სასამართლოში უჩივის პარლამენტის თავმჯდომარეს მეუღლითურთ და მთავარ სამხედრო პროკურორს. კომპანიის ადვოკატების თქმით, “ალდაგი” მოითხოვს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. ზარალს ახლო მომავალში დაიანგარიშებენ.
XS
SM
MD
LG