Accessibility links

logo-print

პოლიტიკური გაეთიანება „ერთობის“ მეორე ყრილობა


ჯუმბერ პატიაშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას ირგვლივ გაერთიანებულ თანამოაზრეთა რიცხვი თანდათან ფართოვდება.

ამაზე მოწმობს მათი პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთობის“ მეორე ყრილობა, რომელიც 27 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ყრილობის ერთად-ერთ საკითხს, საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისადმი, ერთობის დამოკიდებულების გაცხადება წარმოადგენდა.

საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პოლიტიკური ძალის კრიზისმა მიძინებული პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობას აქტუალობა დაუბრუნა. მათ შორის პოლიტიკური წარმატების ყველაზე მეტი შანსი რუსეთზე ორიენტირებულ ძალებს აქვთ, რადგან მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან გაიგივებული მედასავლეთეების იდეამ, ხელისუფლებასთან ერთად, პოპულარობა დაკარგა.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გაწამებული მოსახლეობის სიმპატიების მოსახვეჭად, გააქტიურებულ პრორუსულ ძალთა პოლიტიკურ მარათონში, ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალისტურ პარტიასთან ერთად, ჯუმბერ პატიაშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას მოძრაობა „ერთობაც“ ჩაერთო.

27 დეკემბერს გამართულ „ერთობის“ ყრილობას, საქართველოს 52 რაიონის პარტიული რგოლებიდან არჩული, 1 800-მდე დელეგატი ესწრებოდა. ყრილობაზე, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის საპროგრამო პრინციპები ალექსანდრე ჭაჭიამ გამოაცხადა. მისი მოხსენების დიდი ნაწილი შექმნილი პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ანალიზსს და ამ კრიზისის ძირითადი მიზეზის - ხელისუფლების კრიტიკას მიეძღვნა. ანუ ყველაფერში დამნაშავე დასავლეთზე ბრმად ორიენტირებული შევარდნაძეა. მასთან ერთად ახალგაზრდა რეფორმატორებად წოდებული მოქალაქეთა კავშირის ნაწილი, ქართულ ტრადიციებს სპობს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისაგან მხოლოდ მილსადენის მომსახურე პერსონალს აყალიბებს და სხვა ამდაგვარი.

იქვე ჭაჭია „ერთობის“ დროშის ქვეშ დარაზმულ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემის მალამოსაც სთავაზობს.

[ჭაჭიას ხმა] „რუსეთი წარმოადგენს ერთადერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რომლის ობიექტური გეოპოლიტიკური ინტერესები აბსოლიტურად ემთხვევა საქართველოს ობიექტურ გეოპოლიტიკურ ინტერესებს... რუსეთ-საქართველოს დღევანდელი მძიმე ურთიერთობები იმით არის განპირობებული, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში სახელმწიფოებრივად ორიენტირებული, საღად მოაზროვნე ადამიანი მოვიდა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი ქვეყნის ობიექტური ინტერესები. ხოლო საქართველოს ისევ დარჩა უცხო ძალების მიერ ანგაჟირებული მორჩილი და უუნარო ხელისუფალი, რომელმაც დღემდე ვერ გაიცნობიერა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები...(ტაში).“

ასეთივე ტაშის გრიალში, ალექსანდრე ჭაჭიამ, აფხაზეთის დასაბრუნებლად საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

დასავლეთის გინებითა და რუსეთის ქება-დიდებით, პრომოსკოვური პოლიტიკური პარტიები ჩრდილოეთელი მეზობლის დასაყრდენი ძალის ადგილისათვის იბრძვიან. ისინი ფიქრობენ, ამ ბრძოლაში პირველობა, მათ ხელისუფლებაში მოსვლის საფუძველს შეუქმნის.
XS
SM
MD
LG