Accessibility links

logo-print

"ეროვნულ ძალთა გაერთიანება" გაეროს მიმართავს მოწოდებით, შეაჩეროს აფხაზეთის ფედერალური სტატუსის განხილვა


მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში მომზადებულ პროექტს ჯერ მელანიც არ შეშრობია,

დოკუმენტის მიმართ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა უნდობლობა დღითიდღე იზრდება. 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე "ეროვნულ ძალთა გაერთიანების" ლიდერებმა გაავრცელეს სპეციალური პრესრელიზი, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ მოწოდებით, არ დაუშვან საქართველოს მიერ აფახაზეთის დაკარგვის იურიდიული გაფორმება.

სამი დღის წინ საპარლამენტო ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის საქართველოდან გაძევების მოთხოვნით გამოვიდნენ. ამის მიზეზი გახდა გერმანელი დიპლომატის რეკომენდაცია კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ.

"ეს არის შეგნებული პროვოკაცია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საჯარისო ნაწილები კოდორს დატოვებენ, იქ, შესაძლოა, საშინელი მოვლენები დატრიალდეს, რაც დამთავრდება იმით, რომ კოდორს დავკარგავთ", განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში "ახალი მემერჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კოდორის ხეობის გამო საყვედური საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და არა გაეროს წარმომადგენელს. რადგან 1994 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სწორედ საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით დაიშალა ხეობაში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფები, ხოლო ხეობა დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა.

მაგრამ თუ დიტერ ბოდენის მოღვაწეობას "ახალი მემარჯვენეები" მხოლოდ ერთ ეპიზოდში აფასებენ ნეგატიურად, "ეროვნულ ძალთა გაერთიანებაში" შემავალი პოლიტიკური ორგანიზაცია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გერმანელი დიპლომატის საქციელის შეფასებაში კიდევ უფრო რადიკალურია: [ნოდარ ნათაძის ხმა] "იქცეოდა პირდაპირ, როგორც შუბლში საქართველოს მტერი. ბოდენთან მე მქონდა კამათი პრესაში მე მას ვუწოდე, ჩვენი ორჯონიკიძეა-მეთქი."

"ეროვნულ ძალთა გაერთიანების" წარმომადგენლები განსაკუთრებით აღაშფოთა გაეროს უშიშროების საბჭოში მომზადებულმა პროექტმა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ, რომლის ავტორადაც სწორედ დიტერ ბოდენს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს დღის სინათლე ჯერ არ უხილავს, "ეროვნულ ძალთა გაერთიანებაში" დარწმუნებული არიან, რომ საქმე ეხება საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას, რომლის მიზანია, საქართველოს მიერ აფხაზეთის დაკარგვა იურიდიულად დააკანონოს.

თუმცა, ჩვენთან საუბარში საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ არ იზიარებს ასეთ მოსაზრებას და ა პრიორი სჯერა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ქვეყნები მხარს არ დაუჭერდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საზიანო პროექტს.

გარდა ამისა, დიტერ ბოდენის ასეთ შეფასებას არ იზიარებს თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლორიკ მარშანია. მისი აზრით, თუ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დროულად არ გაირკვა და არ დაიწყო სამშობლოში ლტოლვილთა ორგანიზებული დაბრუნება, მაშინ გაზაფხულისთვის იმედგადაწურული დევნილები, ყველას დაუკითხავად, თავად გადავლენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG