Accessibility links

პარლამენტარები ბიუჯეტის განხილვაზე უარს აცხადებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, როგორც ჩანს, მძიმე ბედი ელის. პარლამენტის ფრაქციათა უმრავლესობა იმ არგუმენტით,

რომ დოკუმენტი მხოლოდ 26 დეკემბერს საღამოს შევიდა პარლამენტში და, შესაბამისად, მის გასაცნობად დრო არ იყო, უარს აცხადებს ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე.

“გამორიცხული არ არის, 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღება მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის გახდეს შესაძლებელი” - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პროგროზი 2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ასეთი განცხადება ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციათა უმრავლესობამ კატეგორიული უარი განაცხადა 27 დეკემბერს დაწყებულ რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე. პარლამენტარები, ერთის მხრივ, აცხადებენ, რომ პროექტი ნაკლულია, მეორე მხრივ კი ამ მნიშვნელოვანი კანონ-პროექტის პარლამენტში დაგვიანებით წარდგენას.

პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად პარლამენტარები პრესკონფერენციებზე თუ ბრიფინგებზე ასაბუთებდნენ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას პრეზიდენტის ხელმოწერით პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტის მიმართ. თავის პირველ პრესკონფერენციაზე ფრაქციამ “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს წარმოდგენილ პროექტს. მიზეზი სხვადასხვა დასახელდა. ფრაქციის თავმჯდომარის კოტე კემულარიას განმარტებით, პროექტი ხელს უწყობს კორუფციის გაღრმავებას სახელმწიფო სტრუქტურებში. ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბიუჯეტით სახელმწიფო შიმშილით სიკვდილისთვის წირავს 6 ათას ინვალიდ პენსიონერს. კობა დავითაშვილი კი პრეზიდენტ შევარდნაძეს შეიარაღებული ძალების გეგმიურ ნგრევაში სდებს ბრალს, პროექტით არმიაზე გამოყოფილი თანხებიდან გამომდინარე.

სხვა არგუმენტები მოჰყავთ ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრებს. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, 2002 წლის ბიუჯეტი თავიდანვე სეკვესტრისთვის არის განწირული. “ეს დოკუმენტი არ არის, ეს არის სიყალბე” - ასე ჟღერს ახალი მემარჯვენეების ვერდიქტი.

არასრულყოფილს უწოდებს ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძე, რომელიც ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ უბიუჯეტობას მაინც უვარგისი ბიუჯეტის ქონა სჯობს. შესაბამისად, იგი აცხადებს, რომ პარლამენტი იძულებულია მხარი დაუჭიროს უვარგის პროექტს, ოღონდ პასუხისმგებლობა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს. პასუხისმგებლობის მთავრობაზე დაკისრების შესახებ საუბრობს გადასახადებისა და შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძეც, რომელიც ასევე არასრულყოფილს უწოდებს ბიუჯეტის პროექტს. კრიტიკული განწყობის მიუხედავად, პარლამენტს მაინც მოუწევს ამ დოკუმენტის განხილვა. თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, მთელი პასუხისმგებლობის სიმძიმე თავად იტვირთოს.
XS
SM
MD
LG