Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 იანვრიდან ევრო რეალური ვალუტა ხდება


სამიოდე დღეც და ევროპის კავშირის საერთო ფულადი ერთეული, ევრო, ”რეალური” ვალუტა გახდება.

თუ ის აქამდე, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, ასე ვთქვათ, ვირტუალური ფორმით არსებობდა საბანკო ოპერაციებსა თუ ბუღალტერიაში, 1 იანვრიდან ჩვეულებრივ, ნაღდ ფულად მოევლინება 12 სახელმწიფოს მოქალაქეებს: არქტიკული ზონიდან ეგეოსის ზღვამდე გადაშლილ ეგრეთ წოდებულ ”ევროზონას”. დღეს ევროპის ინტეგრაციისთვის ამ საკვანძო მნიშვნელობის მოვლენაზე გესაუბრებით.

ამ დღეებში დასასრულს უახლოვდება მზადების მრავალწლიანი და რთული პროცესი: 2002 წლის პირველივე დღეს ბრუნვაში შევა მილიონობით ახალი ბანკნოტი და ასიათასობით ტონა ახალი მონეტა ”ევროზონაში”, რომელიც 12 ქვეყნისგან შედგება. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ფინეთი. მაშასადამე, ამ ეტაპზე ”ევროზონის” მიღმა რჩება 15-წევრიან ევროკავშირში შემავალი სულ სამი სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი, დანია და შვეცია.

უკვე არაერთხელ თქმულა, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტთან: ერთიან სავალუტო სივრცედ უნდა იქცეს 300 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია: თითქმის მთელი კონტინენტი.

”ეს მართლაც უაღრესად მნივშნელოვანი მომენტია. ყველამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ წარმატების მოსაპოვებლად და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება” - ეს სიტყვები ეკუთვნის ევროს შემოღებაზე მთავარი პასუხისმგებელი უწყების, მაინის ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკის პრესმდივანს, ნილს ბუნემანს. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკის თანამშრომელთა საგანგებო ჯგუფი საახალწლო პერიოდშიც იმუშავებს, რათა არ დაუშვას მოსალოდნელი პრობლემების კრიზისში გადაზრდა.

თუმცა, მომავალი დღეები და კვირები ყველაზე რთულ ამოცანებს ბანკებს კი არა, კერძო კომპანიებს უმზადებს. რომ იტყვიან, ფრონტის ხაზზე დგას, მაგალითად, ავეჯის მაღაზიების გიგანტური ქსელი ”იკეა”. ის, მართალია, შვეციის კომპანიაა და, მაშასადამე, შინ რეალურ ევროზე გადასვლა არ მოუწევს, მაგრამ ”იკეის” მაღაზიები ხომ მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ევროზონის ქვეყნებშიც მოქმედებს!

როგორც ჩვენმა თანამშრომელმა, ბრეფნი ო’რურკმა შეიტყო, ახალ ვალუტაზე გადასვლის პერიოდში ”იკეის” კლიენტს გამოართმევენ ძველ ვალუტასაც (ვთქვათ, გერმანულ მარკას თუ ფრანგულ ფრანკს), ოღონდ ხურდას მხოლოდ ევროთი დაუბრუნებენ. იგივეს აპირებენ საცალო ვაჭრობაში ჩართული დანარჩენი ფირმებიც.

ექსპერტთა ვარაუდით, ევროს ამოქმედების პირველივე დღეს ”იკეის” საქონელბრუნვა დაახლოებით 15 მილიონ ევროს შეადგენს, ანუ 13 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ”იკეის” ევრო-პროექტის კოორდინატორი, რაჯ რაი, ირწმუნება, რომ მისმა გუნდმა უზარმაზარი სამუშაო გასწია და თავი არ დაუზოგავს და, მაგრამ... [რაჯ რაის ხმა] ”მაშფოთებს მრავალი საკითხი, რომელიც ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება. ხომ შეიძლება, არ გვეყოს ნაღდი ფული: ევროს ბანკნოტები თუ მონეტები? ან შეფერხდეს კომუნიკაცია? ჩვენ ხომ ერთადერთი კომპანია არა ვართ, ვინც საინფორმაციო ტექნოლოგიის სისტემებზეა დამოკიდებული.”

რაი, რომელიც ოთხი წლის მანძილზე უძღვებოდა ”იკეის” მზადებას ახალ ვალუტაზე გადასასვლელად, ყველაზე დიდ საფრთხედ კომპიუტერულ პრობლემებს მიიჩნევს. ამ დროს, ევროსთვის შეფერხებების გარეშე ბრუნვა სწორედ პირველ ეტაპზეა აუცილებელი: ბოლო ორი წლის მანძილზე, დოლართან მიმართებით, ის 20 პროცენტით გაუფასურდა. ახლა კი, თუ ბანკნოტებისა და მონეტების შემოღება ხარვეზებით ჩაივლის, ევროსადმი საფინანსო ბაზრების ნდობა, არაერთი ექსპერტის შეფასებით, კიდევ უფრო შემცირდება.

მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც: [მანუელა პროიზელის ხმა] ”ჩემთვის გაუგებარია ეროვნული ვალუტების ევროზე გადასვლის გამო ატეხილი აურზაური. ბოლოს და ბოლოს, არაფერი შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან რამდენიმე წელია, ჩვენთან ვირტუალური ევრო მოქმედებს. ასე რომ, ერთადერთი შედეგი ის არის, რომ ყველას, თითოეულ ადამიანს, ხელთ ექნება ევრო, რომელიც მას მოგზაურობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს გაუადვილებს.”

”დოიჩე ბანკის” ექსპერტის მანუელა პროიზელის ამ ოპტიმისტური შეფასებით, დღეს დავასრულებთ ევროს რეალურ ვალუტად შემოღებაზე საუბარს, რომელსაც სულ მალე განვაგრძობთ, რათა ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სხვა ასპექტს შევეხოთ. ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში გესაუბრებით ევროს შემოღების პერიოდში დამნაშავეობის საფრთხეზე და იმ გავლენაზე, რომელსაც ახალი ვალუტისგან ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები უნდა მოელოდნენ.
XS
SM
MD
LG