Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულმა ტელეარხმა მაყურებელს ბინ ლადენის ვიდეოფირი უჩვენა


ანდრო ეული, პრაღა არაბულმა დამოუკიდებელმა ტელეარხმა ”ალ-ჯაზირამ” 27 დეკემბერს უჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც ოსამა ბინ ლადენი პასუხს სცემს იმათ,

ვინც მისი ბედითაა დაინტერესებული და ყველას ამცნობს, რომ ცოცხალია. ჩანაწერი, რომელიც, თუ ბინ ლადენის ნათქვამს ვენდობით, დეკემბრის დასაწყისშია გაკეთებული, არ იძლევა არანაირ საფუძველს დავასკვნათ, რა მოხდა შემდგომ, ან კიდევ ჯერაც ცოცხალია თუ არა საუდის არაბეთში დაბადებული მილიონერი.

”ძირითადი მიზანი, რომელიც ბინ ლადენს ამ ფირის ჩაწერისას ამოძრავებდა, ვფიქრობ, ის არის, რომ მას სურს, ამცნოს მთელს მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ამერიკელებს, რომ ცოცხალია” – უთხრა ”რეიტერის” სააგენტოს კორესპონდენტს პაკისტანელმა ჟურნალისტმა ჰამიდ მირმა, რომელმაც 8 ნოემბერს, ავღანეთში საიდუმლო შეხვედრისას,
უკანასკნელად ჩამოართვა ინტერვიუ ბინ ლადენს.

ხუთშაბათს გადაცემულ ვიდეოფირზე ბინ ლადენი ამბობს: ”სამი თვეა გასული უცხოტომელ ურჯულოებსა და მათს ლიდერზე, შეერთებულ შტატებზე განხორციელებული კურთხეული თავდასხმიდან, ხოლო ისლამის წინააღმდეგ ბოროტი აგრესიის დაწყებიდან – ორი თვეო”.

ვიდეოფირი ისეა გადაღებული, რომ შეუძლებელია მიხვდე, სად იმყოფება ბინ ლადენი. ჰამიდ მირმა, რომელმაც რამდენჯერმე ჩამოართვა ინტერვიუ ბინ ლადენს, ”რეიტერის” კორესპონდენტს განუცხადა: ”ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან მითხრა: ამჯერად მეთაურის ქურთუკი მაცვია, მაგრამ როცა ყანდაარში ვიყავი, ეს ქურთუკი თან არ მქონდა, ხოლო მანამდე, ჯალალაბადში, თეთრ მოსასხამს ვატარებდი. და როცა ჩემთან მოხვალ, სხვა ტანსაცმელში იყავი ყოველთვის გამოწყობილი, რათა შენმა ინტერვიუმ არავინ დააეჭვოსო”.

ჰამიდ მირმა განაცხადა აგრეთვე, რომ 8 ნოემბერს, როცა მან ინტერვიუ ჩამოართვა ბინ ლადენს, ეს უკანასკნელი მხნედ, ჯანმრთელად გამოიყურებოდა. არადა, უკანასკნელ ვიდეოფირზე საერთაშორისო ტერორისტი მეტად გამხდარი და დასუსტებული ჩანს. თანაც, ამჯერად მას თან არ ახლავს უახლოესი თანმებრძოლი და ”ალ ყაიდის” მთავარი სტრატეგი, ეგვიპტეში დაბადებული აიმან ალ-ზავაჰრი. ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბინ ლადენიცა და ზავაჰრიც, თორა ბორის მთიანი კომპლექსის ინტენსიური დაბომბვისას, სხვებთან ერთად დაიღუპნენ.

შეძლებული ეგვიპტელის ოჯახში დაბადებული 50 წლის ყოფილი ქირურგი აიმან ალ-ზავაჰრი 1998 წელს ამოუდგა მხარში ბინ ლადენს შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ბრძოლის გასაჩაღებლად და ვიდეოჩანაწერებში ბინ ლადენს ედგა გვერდში თითქმის ყოველთვის.

ეგვიპტის გაზეთ ”ალ-აჰრამში” 8 დეკემბერს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ზავაჰრის მეუღლე და შვილები ავღანეთში დაიღუპნენ.

ვიდეოფირზე თავის გამოსვლას კი ბინ ლადენი ამ სიტყვებით ამთავრებს: ”ჩვენი ტერორიზმი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კურთხეულია და გამიზნულია მჩაგვრელის დასათრგუნად, რათა ამერიკამ შეწყვიტოს ისრაელის მხარდაჭერა.”
XS
SM
MD
LG