Accessibility links

logo-print

ისრაელი არაფატს ბეთლემში არ უშვებს


პარასკევს რადიკალური ისლამური ორგანიზაცია ”ჰამასის” მიერ ზავის გამოცხადებას ისრაელზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

იგი პალესტინელებისგან ძალის გამოყენებაზე სრულ უარს მოითხოვს.
ახალი სკანდალი წარმოიშვა მას მერე, რაც ისრაელმა პალესტინის ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს, არ დართო ნება დატოვოს თავისი შტაბ-ბინა რამალაში. არაფატს სურს ვერტმფრენით გაფრინდეს ბეთლემში, იესოს დაბადების ადგილას, და მონაწილეობა მიიღოს ღამის მესაში. შაბათს ღამით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, არაფატს არ მისცეს მესაში მონაწილეობის უფლება. ჯერ მინისტრ ზეევის მკვლელები უნდა დააპატიმროს და ისრაელს გადასცესო, მოითხოვენ ისინი. ვინაიდან დამნაშავეთა გადაცემა არარეალურად გამოიყურება, როგორც ჩანს, ამ დილემიდან გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება.

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს არაორაზროვნად მიანიშნა, რომ იგი საჯაროდ გამოხატავს უკმაყოფილებას ისრაელის მოქმედებით, თუკი არაფატს არ დართავენ ბეთლემში მოგზაურობის ნებას.

”ჰამასის” ინიციატივას ისრაელი გულგრილად მოეკიდა. მით უმეტეს, რომ მეორე რადიკალურმა ორგანზაციამ, ”ისლამურმა ჯიჰადმა” გამოაცხადა, რომ გააგრძელებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას. მართალია, ”ჰამასის” – უმთავრესი ისლამური ოპოზიციის – მხრიდან ზავი არაფატს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, მაგრამ ისრაელი მოითხოვს ძალადობაზე უარს საერთოდ, და არა დროებით.

იერუსალიმში სინანულს გამოთქვამენ, რომ არაფატმა კიდევ ერთხელ მოახერხა თავი აერიდებინა გამოცდისათვის, რომელშიც მას უნდა გამოევნინა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნება და უნარი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ პალესტინელებთან დიპლომატიური მოლაპარაკებები არ განახლდება, სანამ არ შესრულდება ისრაელის მოთხოვნა ძალადობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების აუცილებლობის თაობაზე.

ტერორისტები და მათ უკან მდგარი ადამიანები უნდა დაპატიმრებულ იქნენ, იარაღის კონფისკაცია უნდა მოხდეს, ტერორისტული ორგანიზაციების ინფრასტრუქტურები უნდა განადგურდეს და მათი ხელმძღვანელები დაპატიმრებულ იქნენ. ისრაელს მიაჩნია, რომ არაფატმა ძველებურად მხოლოდ კოსმეტიკურ მეთოდებს მიმართა და გარდატეხა ვერ თუ არ შეიტანა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთ კოსმეტიკურ მეთოდად ჩაეთვალა არაფატს, მაგალითად, ”ჰამასის” პოლიტიკური ხელმძღვანელის, აბდელ-აზიზ რანტისის შინა პატიმრობაში ყოლა.
XS
SM
MD
LG