Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის ამზადებენ მარნეულის სამხედრო აეროდრომს?


ორი დღის წინ თბილისიდან 40 კილომეტრით დაშორებული მარნეულის სამხედრო-საავიაციო პოლიგონი კიდევ ერთი დიპლომატიური დავის საგანი გახდა.

სომხეთის სამხედრო წრეების წარმომადგენელთა ვარაუდით, მარნეულის აეროდრომზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, თურქეთის დახმარებით გარემონტდა, მიმდინარეობს მზადება თურქეთის თვითმფრინავების განსათავსებლად, რაც საფრთხეს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას. რა კავშირი აქვს საქართველოს მიერ თურქეთის თვითმფრინავების მიღებას სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, გენერალური შტაბის წარმომადგენლებს, ცხადია, არ დაუზუსტებიათ. სამწუხაროდ, ეს ნიუანსი მხედველობიდან გამორჩა საქართველოს საგარეო უწყებასაც, რომელსაც მარნეულის სამხედრო აეროდრომთან დაკავშირებული აბსურდული ბრალდებების გაბათილება უკვე მეორედ უწევს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთი კავკასიის ორ მეზობელ სახელმწიფოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ვერ შეძლო სრულფასოვანი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დამყარება. თუმცა, კონტაქტები თავდაცვის მინისტრებისა და გენერალური შტაბების უფროსთა დონეზე საკმაოდ ინტენსიურია, რაც პრინციპში უნდა გამორიცხავდეს ისეთ გაუგებრობას, რომელიც მარნეულის სამხედრო აეროდრომთან დაკავშირებით სომხეთის მაღალჩინოსანთა განცხადებას მოჰყვა.

26 დეკემბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიქაელ არუთინიანმა განაცხადა, რომ თუ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ავიაციის განსათავსებლად სინამდვილეს შეესაბამება, ეს საფრთხეს შეუქმნის სომხეთის უსაფრთხოებას.

აღსანიშნავია, რომ ხმაური მარნეულის აეროდრომზე თურქეთის ავიაციის შესაძლო განთავსების ირგვლივ რუსეთისა და სომხეთის სამხედრო წრეებმა ჯერ კიდევ ივლისის თვეში ატეხეს. ამის საბაბი გახდა თურქი სპეციალისტების დახმარებით აეროდრომის ინფრასტრუქტურის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის, მათ შორის სანავიგაციო მართვის იმ პუნქტის გარემონტება, რომელიც საქართველოდან გასვლისას სწორედ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს.

ჩატარებული სამუშაოების სანაცვლოდ, ურთიერთშეთანხმების მიხედვით, თურქეთმა მოიპოვა უფლება, თვეში ორჯერ მარნეულის აეროდრომის მომსახურებით თურქეთის სამოქალაქო თვითმფრინავებსაც ესარგებლათ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც იმაში უნდა იყოს რაიმე მოულოდნელი, თუ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს აეროდრომებზე ჰუმანიტარული მისიით თურქეთის სამხედრო თვითნფრინავები დასხდებიან, რადგან საქართველოს არასოდეს დაუთვლია სომხეთისთვის, თუ რამდენი სამხედრო რეისი სრულდება რუსეთიდან სომხეთში და უკან წლის განმავლობაში.

ღირს გავიხსენოთ, რომ სამი წლის წინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთიდან სამხედრო თვითმფრინავებით მიიღეს ძვირფასი ტვირთი, C-300 ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რითაც აშკარად დაარღვიეს ძალთა თანაფარდობა სამხრეთ საქართველოში. გარდა ამისა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 1993 წელს პილოტ ჟიტნიკოვის მიერ კოპიტნარიდან გატაცებული საქართველოს კუთვნილი СУ-25 ტიპის მოიერიშე ამჟამად სწორედ სომხეთის სამხედრო ძალების შეიარაღებაში იმყოფება.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მინიშნებითაც კი არასოდეს დაუადანაშაულებია მეზობელი სომხეთი რაიმე არამეგობრულ განზრახვაში. მარნეულის აეროდრომთან დაკავშირებული აბსურდული ბრალდებების შემთხვევაში კვლავ მარტივი გამოსავალი მოინახა: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ მარნეულის აეროდრომზე არ მიმდინარეობს არანაირი მზადება თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების მისაღებად; რაც, შესაძლოა, ესიამოვნოს სომხეთს, მაგრამ აშკარად გაანაწყენებს თურქეთს, რომელსაც ამ სამხედრო აეროდრომის მომსახურებით ბოროტად არასოდეს უსარგებლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG