Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის შეიძლება ენდო ქართულ პოლიტიკაში?


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკოსებისადმი მოქალაქეთა ნდობა ეფუძნება პოლიტიკოსთა სიტყვებს, რომელთაც ისინი საქმედ აქცევენ.

რას აპირებდნენ ქართველი პოლიტიკოსები 2001 წელს, რა შეასრულეს და რა ვერ განახორციელეს?

პოლიტიკოსთა სიტყვები ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დავყოთ: რას დაპირდნენ ისინი მოსახლეობას და რის გაკეთებას აპირებდნენ პოლიტიკაში. დაპირებათა შესრულებაზე, სჯობს, არ ვილაპარაკოთ; რაც შეეხება განზრახვებსა და შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს, გასული წლისთვის თვალის გადევნება ერთ უნუგეშო დასკვნამდე მიგვიყვანს: ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს არათუ მოსახლეობისთვის მიცემული სიტყვის, არამედ თავისი სურვილების ასრულება, დასახული მიზნების მიღწევაც არ შეუძლია. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძირითადად სუსტი პოლიტიკოსებისგან შედგება. სუსტები არიან აქტიური პოლიტიკოსები, რომ არაფერი ვთქვათ ჩრდილში მდგომებზე. სუსტები არიან ისინი, ვისაც რეფორმატორებს ეძახიან და ისინი, ვისაც რეტროგრადებად იცნობენ. პოლიტიკურად სუსტები არიან როგორც არჩეული, ისე დანიშნული ადამიანები.

დავიწყოთ პირველი პირით: პრეზიდენტის წინადადება, პარლამენტს ემსჯელა მინისტრთა კაბინეტის შემოღებაზე, ჩავარდა. შევარდნაძის კანონპროექტი ჯერაც განუხილველად დევს საკანონმდებლო ორგანოში. სექტემბერში დაწყებული კრიზისისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ძველი უმრავლესობის დაშლის შემდეგ შეიქმნებოდა ახალი. მაგრამ პარლამენტი ჯერაც უმრავლესობის გარეშეა, შესაბამისად, შევარდნაძეს არ აქვს საიმედო დასაყრდენი პარლამენტში. პრეზიდენტი რჩება პოლიტიკური სვლების ოსტატად და მისი ძალა საკმარისია უფრო სუსტი პოლიტიკოსების დასაძლევად. რაც შეეხება დიდ მიზნებს (თუკი ასეთი აქვს), შევარდნაძე სხვასავით უძლურია.

წლის დასაწყისში პარლამენტში უკვე მერამდენედ ალაპარაკდნენ ლუსტრაციის კანონის მიღებაზე. მოქალაქეთა ფრაქციის მაშინდელი თავმჯდომარის, რეზო ადამიას ძალისხმევა ამაო გამოდგა: კანონი მიღებული არ არის. წელსვე შესამჩნევად დასუსტდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; დასუსტდა როგორც პრეზიდენტისათვის სასურველი არაპოპულარული გადაწყვეტილებების გატანით (გავიხსენოთ თუნდაც ნულოვანი ვარიანტი), ისე ვერგატანითაც. თუმცა, უკიდურესი დასუსტებისას, ანუ გადადგომის დროს, ერთი ანდაზისა არ იყოს, ისე არ დაცემულა, რომ ბარე ორის არაქათი აღარ ჰქონოდა; სუსტი ჟვანიას გადადგომამ გადაიყოლა მისი ისეთი ოპონენტები, რომელთაც თითქოს არც ძალა აკლდათ, არც გავლენა, არც ფინანსები, და რომელთაგან ერთი მანამდე რკინის კაცობას იჩემებდა. სისუსტე დაადასტურა ფინანსთა მინისტრმაც, რომლის ღირსება მხოლოდ პენსიებისა და ხელფასების მეტ-ნაკლებად დროულ დარიგებამდე დავიდა. სუსტები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც კორუფციასთან ბრძოლას აპირებდა და სუსტები, ოღონდ ბევრნი არიან კორუმპირებულებიც. სუსტია ოპოზიცია, რომელმაც ფუნქცია და ადგილი დაკარგა. ქართული პოლიტიკური სპექტრი არ იცვლება. გაისიდან ჩვენ კვლავაც მოგვიწევს იმავე ხალხის ცქერა და მოსმენა, გასული წელი ძირითადად უნაყოფო ჭიდილში რომ გალიეს.
XS
SM
MD
LG