Accessibility links

წლის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი


ტრადიციულად, წლის ბოლოს, სოციოლოგიური კვლევის სამსახურები პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შედეგებს აჯამებენ.

2001 წლის ბოლოს საქართველოს საერთაშორისო პრესცენტრმა ჩაატარა ჟურნალისტთა ტრადიციული გამოკითხვა "წლის პოლიტიკოსის" გამოსავლენად. გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის საინფორმაციო საშუალებათა 28 წარმომადგენელი. უკვე მეორე წელიწადია, გამოკითხვა უშედეგოდ მთავრდება - ჟურნალისტების უმრავლესობა "წლის პოლიტიკოსის" წოდებას არავის ანიჭებს.

იმ ფაქტს, რომ არც ჟურნალისტებს და არც პოლიტიკოსებს არ სურთ წლის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსის დასახელება - რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი 26 დეკემბრის "ღამის კურიერის" სტუმარმა ფიქრია ჩიხრაძემ შემოგვთავაზა: ძნელია, წარუმატებელ ქვეყანაში მოიძიო წარმატებული პოლიტიკოსი.

არსებობს სხვა მიზეზიც, რაც უფრო მეტად ჟურნალისტებს ბოჭავს: უეჭველი და თვალსაჩინო წარმატება ამ წელიწადში არავის მოუპოვებია და, ამიტომ, ნებისმიერი გვარის დასახელება - წლის საუკეთესო პოლიტიკოსის კონტექსტში - საკამათოდ და ტენდენციურად ჟღერს. ზოგადად, პოლიტიკოსის წარმატებაზე საუბარი ანალიზის სფეროს აღარ განეკუთვნება და სამოქალაქო გმირობის სახეს იძენს.

მაგალითად, არის თუ არა შესაძლებელი, საინტერესო არგუმენტები მოიძებნოს, თუკი 2001 წლის წარმატებულ პოლიტიკოსად რომელიმე ჟურნალისტი ედუარდ შევარდნაძეს დაასახელებს? რასაკვირველია, ასეთი არგუმენტები მოიძებნება. გავიხსენოთ, რომ ოქტომბრის ბოლოს პარლამენტის შენობის წინ თავმოყრილი ათასობით ადამიანი ედუარდ შევარდნაძის გადადგომას ითხოვდა. შევარდნაძე კი არათუ არ გადადგა, არამედ - მთელი მთავრობა გადააყენა, შემდეგ იგივე მთავრობა ხელახლა დაამტკიცებინა პარლამენტს, ბოლოს კი მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტის მიერ დამტკიცებული მინისტრები; მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე შეურიგებელი ძალები შეარიგა და, რაც მთავარია, საკუთარი ფეხით მივიდა უნივერსიტეტში, მის მიმართ აგრესიით "დახუნძლულ" ახალგაზრდებთან სასაუბროდ.

არაერთი არგუმენტის მოძიება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუკი წლის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად ვინმე სხვას დავასახელებთ, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილს, ასლან აბაშიძეს ან ნუგზარ საჯაიას.

მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც არავის სურს "წლის პოლიტიკოსის" დასახელება, შესაძლოა, სულ სხვა ფაქტორით იყოს განპირობებული. საქმე ისაა, რომ ძირითადი პოლიტიკური პროცესი ბოლო წლების განმავლობაში ერთი და იმავე დრამატურგიით ვითარდება: ეს არის ბრძოლა შევარდნაძის შემდგომი პერიოდის ლიდერობისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ ბრძოლის პერსონაჟებს და ვგრძნობთ საბრძოლო სულისკვეთებას, მაგრამ არ ვიცით ბრძოლის სავარაუდო შედეგიც კი. რადგან ვისაც გუშინ საკუთარი თავი გამარჯვებული ეგონა და ოპონენტები ბეჭებზე დადებული ეგულებოდა, დღეს არაპოლიტიკური საქმეებით უხდება თავის შექცევა. ამიტომ, ფრთხილობენ პოლიტიკოსები და, მათი საქმიანობის შეფასებისას, ფრთხილობენ ჟურნალისტებიც.

საფიქრებელია, რომ ვიდრე საქართველოს ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება, არც ერთი წლის წარმატებული პოლიტიკოსი აღარ დასახელდება.
XS
SM
MD
LG