Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

415-ე გამოშვება


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 415-ე გამოშვებაში გიამბობთ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტზე;

გესაუბრებით ახალ წიგნზე, რომელშიც განხილულია ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უძველესი დროიდან დღემდე; ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ ექცევიან საქართველოში კულტურულ მემკვიდრეობას. შემდეგ მოგასმენინებთ ინტერვიუს ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიასთან, რომელიც ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის შემადგენლობაში, ამჟამად, წმიდა მიწაზე იმყოფება; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას ლეგენდარული გერმანელ მსახიობსა და მომღერალზე, მარლენე დიტრიხზე, რომელსაც 27 დეკემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა. რადიო "თავისუფლების" პრაღის სტუდიაში გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი

დავით კაკაბაძე:
სამი წლის წინათ, 1999 წლის 24 დეკემბერს, თბილისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის დაფუძნებისას, ალბათ, ბევრს ვერ წარმოედგინა, რამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შეძლებდნენ ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გაერთიანებული ენთუზიასტები. ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ერთ-ერთ პროექტზე - აფხაზურენოვან რადიო "ჰარაზე" ჩვენი მსმენელი უკვე ინფორმირებულია. დღეს თამარ ჩიქოვანი სხვა, არანაკლებ წარმატებულ პროგრამებზე მოგითხრობთ.

თამარ ჩიქოვანი:
სამწლიანი იუბილეს აღნიშვნა, ჩვეულებრივ, მიღებული არ არის. თუმცა, სამწლიანი იუბილეც კარგი საშუალებაა იმ შედეგების შესაჯამებლად, რომელსაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტმა მიაღწია. შეგახსენებთ: ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები "დასი", "საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", აგრეთვე, ფიზიკური პირები - როგორც თბილისელები, ისე სოხუმელები.

ინსტიტუტის ხელმძღვანელის ზურაბ შენგელიას თქმით, ინსტიტუტის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. საინფორმაციო, საგამომცემლო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ურთიერთობათა და სამეცნიერო პროგრამებიდან, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავად საგამომცემლო პროგრამის შედეგები გამოიყურება. სამი წლის მანძილზე ინსტიტუტმა 26 გამოცემა მოამზადა და დასტამბა. მათ შორის რამდენიმე ორიგინალური გამოცემაა. მაგალითად, 1999 წლის სექტემბერში პირველად მომზადებულ ქართულ-აფხაზურ სასაუბროზე მოთხოვნილება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ერთი წლის თავზე აუცილებელი გახდა დამატებითი ტირაჟის გამოშვება.

საგამომცემლო პროგრამით მომზადებული წიგნების დიაპაზონი საკმაოდ დიდია, იქნება ეს საქართველოს კონსტიტუცია ქართულ და აფხაზურ ენებზე, თუ ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული "ლეგენდა ამრსკილზე". თუმცა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია არა წიგნების გამოცემა, არამედ ის თანამშრომლობა და ურთიერთნდობა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში აღდგა.

ზურაბ შენგელიას თქმით: [ზურაბ შენგელიას ხმა] "ყველა ჩვენს გამოცემას, 26 გამოცემა გაკეთდა 3 წლის მანძილზე, ყველა ჩვენს გამოცემაში რაღაც ფორმით მონაწილეობდა სოხუმის მხარე ან როგორც მთარგმნელი, ან როგორც რედაქტორი ან კორექტორი ან როგორც იდეის ავტორი ან გამფორმებელი. მე ასე ვიტყოდი: დაპირისპირება და გარკვეული გაღიზიანება ჩვენმა საქმიანობამ გამოიწვია ხელისუფლებაში. ორივე მხარის ხელისუფლებაში, ასე ვიტყოდი."

ეს უკვე პრობლემების სფეროა. ზურაბ შენგელიას განმარტებით, მას უკვე აღარ უკვირს, რომ სახელმწიფო ფონდები ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ამბობენ უარს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის პროექტების განხორციელებაზე. შენგელია ამბობს, რომ ბოლო დროს ახალმა შემაშფოთებელმა ტენდენციამ იჩინა თავი. კერძოდ: [ზურაბ შენგელიას ხმა] "საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ხელისუფლების წარმომადფგენელებმა - ორივე მხარემ - საერთაშორისო ფონდებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან (ურთიერთობა), რომ ასეთი სახის საქმიანობა რეგლამენტირებული იყოს ან მონოპოლიზირებული მათ მიერ."

ამ ახალი ტენდენციის შედეგი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტმა სულ ცოტა ხნის წინათ გამოსცადა საკუთარ თავზე, როცა მისმა ერთ-ერთმა სტაჟიანმა პარტნიორმა - საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ - კონფლიქტში მონაწილე მხარეების ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ უარი თქვა ერთი ახალი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობაზე იმ არგუმენტით, რომ პროექტის განხორციელება სოხუმში სიტუაციას დაძაბავდა. არადა, პროექტი ითვალისწინებს წინასაახალწლო დღეებში სოხუმის ტელევიზიით ქართული ფილმების კვირეულის მოწყობას. სოხუმის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ხელშეკრულება გააფორმა ქართულ-აფხაზურ ინსტიტუტთან ქართული ფილმების კვირეულთან დაკავშირებით, არამედ იმ ფილმების ჩამონათვალიც გამოგზავნა, რომლებსაც კვირეულის მანძილზე ნახავდნენ აფხაზეთის მაცხოვრებლები: "მონანიება", "იავნანამ რა ჰქმნა", "მთვარის მოტაცება", "რეკორდი" - სულ შვიდი ფილმი. ეს პროექტი მაინც განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური დახმარებით, მაგრამ ზურაბ შენგელია ამბობს: [ზურაბ შენგელიას ხმა] "მე კარგად მესმის ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა დამოკიდებულება. მე გაკვირვებული ვარ აქეთა მხარით".

უსიამოვნო გაკვირვების მიუხედავად, უახლოეს ხანში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის, 14-15 წლის ასაკის თბილისელი და სოხუმელი ფეხბურთელების მატჩს. ჩანაფიქრით, ერთი თამაში თბილისში, მეორე კი სოხუმში უნდა გაიმართოს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

წიგნი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ

დავით კაკაბაძე:
აფხაზეთის თემაზე საუბარს შემდეგ მასალაშიც განვაგრძობთ. საამისო საბაბი გახლავთ ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, გიორგი ჟორჟოლიანის ახლახან დასტამბული წიგნი სახელწოდებით "აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკური ფესვები". ნაშრომში განხილულია ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უძველესი დროიდან დღემდე; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის წარმოშობასა და მიმდინარეობას. ახალი გამოცემის შესახებ გიორგი კაკაბაძე გიამბობთ.

გიორგი კაკაბაძე
აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ეფუძნება არა მხოლოდ ქართველ მეცნიერთა, არამედ, უპირატესად, თვით აფხაზ და რუს ავტორთა გამოკვლევებსა და საარქივო მასალებს. წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზე და ძირითადად განკუთვნილია საზღვარგარეთელი მკითხველისათვის, რომელიც განხილული პრობლემატიკის ირგვლივ ობიექტური ინფორმაციის დეფიციტს განიცდის.

დასაწყისში გიორგი ჟორჟოლიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონფლიქტი, ფაქტობრივად, ინსპირირებულია გარეშე ძალის მიერ და რომ ეს პროცესი თითქმის ორ საუკუნეს მოიცავს. საქმე ის არის, რომ რუსეთის იმპერია, შემდეგ კი საბჭოთა კავშირი, მიზანდასახულად ესწრაფოდნენ საქართველოს შენარჩუნებას საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში და საამისოდ ყველა ხერხს მიმართავდნენ, თვით მოძმე ხალხების ერთმანეთზე გადაკიდების ჩათვლით. ასე რომ, ძირძველ ქართულ ტერიტორიაზე, ქართველთა და აფხაზთა საერთო მიწაზე გაღვივებული ეს კონფლიქტი იმთავითვე განპირობებული იყო მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ინტერესებით. ავტორისავე თქმით, თანამედროვე რუსეთის რევანშისტული ძალებიც ვერა და ვერ შეეგუენ ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ.

როგორც ცნობილია, სეპარატისტები განსაკუთრებულ აქცენტს აფხაზთა ეთნოგენეზზე აკეთებენ. ნაშრომში ნათქვამია, რომ აფხაზთა წარმომავლობის საკითხი მარტივი არ არის, მაგრამ ეს არის სამეცნიერო პრობლემა და მისი პოლიტიზება - რასაც სეპარატისტები და მათი იდეოლოგები, სამწუხაროდ, აქტიურად მიმართავენ - ყოვლად დაუშვებელია.

გიორგი ჟორჟოლიანი გულდასმით განიხილავს და, ამასთანავე, დასაბუთებულად უარყოფს სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი ცრუ-მეცნიერების მიერ შეთხზულ თეორიას აფხაზთა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შესახებ, რომელიც, მათი მტკიცებით, 20 საუკუნეზე მეტს ითვლის. ავტორი იზიარებს ქართულ მეცნიერებაში გაბატონებულ თვალსაზრისს ამ საკითხზე და დაასკვნის: აფხაზეთი არის საქართველოს ორგანული, ისტორიულად განუყოფელი ნაწილი;
ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ-კულტურული ერთობა უდავო ფაქტია; თვითმყოფადი აფხაზური ეთნოსის (ერის) ფორმირება მიმდინარეობდა ქართველთა და აფხაზთა ერთიანი ისტორიის პროცესში, ქართულ სახელმწიფოში.

წიგნში მოყვანილია აფხაზი ხალხის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის დიმიტრი გულიას შემდეგი გამონათქვამი: "ჩვენ ვქმნიდით ჩვენს კულტურას ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე, ერთად ვიცავდით ჩვენს ეროვნულ ღირსებას და ჩვენს მიწას. ჩვენ არა მხოლოდ მონათესავე ხალხები ვართ, ჩვენ ერთი ფსიქიკის, ერთი ფსიქოლოგიის, წეს-ჩვეულებების, ერთი მიწის ხალხი ვართ. ვინც ჩვენს ძმობას არღვევს, რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, "იგი თავისა მტერია".

გიორგი ჟორჟოლიანის ნაშრომში ნათლად არის ასახული ჩიხური ვითარება, რომელიც დღეისათვის შექმნილია კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ავტორის თქმით, [გიორგი ჟორჟოლიანის ხმა] "სამწუხაროდ, მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა გასული საუკუნის მიწურულის კონფლიქტებს. ბევრმა დაკარგა მათი მშვიდობიანი გზით მოგვარების რწმენა. ჩვენს საზოგადოებაშიც გამოჩნდნენ ძალისმიერი მეთოდების მომხრენი, რომელთაც ვერაფრით დავეთანხმები. საქმე ის არის, რომ ძალით მოპოვებული მშვიდობა ათწლეულობით და მეტით იქნება ფარული მტრობის საფუძველი. ტრაგედიის შედეგების დაძლევა არადვილია. გზა მშვიდობისაკენ ძევს მონანიებაზე, უნდა ვიფიქროთ მომავალზე და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება ღმერთის ნებით განსაზღვრული ისტორიული გარდუვალობაა და არავის ძალუძს, აღუდგეს მას. უნდა მივდიოთ ჩვენი წინაპრების სიბრძნეს: რაც მტრობას დაუთესია, სიყვარულს უშენებია."

წიგნის ავტორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირება არის დანაშაული ჩვენი წინაპრების ხსოვნის წინაშე, ჩვენი შთამომავლობის წინაშე. გიორგი ჟორჟოლიანის თქმით, ჩვენი შვილები და შვილთაშვილები არ გვაპატიებენ ამ ცოდვას: ვინც დღეს შუღლს აღვივებს ორ მოძმე ხალხს შორის, ადრე თუ გვიან წარდგება ხალხისა და ისტორიის, ღმერთის სამსჯავროზე.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

როგორ ექცევიან საქართველოში კულტურულ მემკვიდრეობას

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო ჟურნალისტებს ძალიან იშვიათად მასპინძლობს. ამიერიდან, როგორც ჩანს, წესი შეიცვლება და ძეგლთა დაცვის უწყება საზოგადოებას ხშირად მიაწვდის პრობლემურ ინფორმაციას. უწყების ახალი ხელმძღვანელი, კახა ტრაპაიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ ერთი კვირის წინათ დანიშნეს, აცხადებს, რომ სამმართველოში მას უამრავი პრობლემა დახვდა და მათი გადაჭრა საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია. პირველი საკითხი, რომელიც ძეგლთა დაცვის სამმართველომ არქეოლოგიური კვლევის ცენტრთან ერთად საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის დარღვევა გახლავთ. ამ შემთხვევაში დარღვევა ნიშნავს თბილისში იმ ტერიტორიის ხელყოფას, სადაც უაღრესად ფასეული არქეოლოგიური მასალაა დაცული. უფრო კონკრეტულად დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

დავით პაიჭაძე:
საქმე ეხება თბილისში, კერძოდ დიღომში, წმინდა ნინოს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას, არქეოლოგთა დაზუსტებით, სოფელ დიღმის ასახვევიდან სასტუმრო "უშბამდე". არქეოლოგიაში ეს ადგილი თრელი-გორების სახელით არის ცნობილი. თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, მიხეილ აბრამიშვილის თქმით [მიხეილ აბრამიშვილის ხმა]: "ეს არის მთელ კავკასიაში უნიკალური და ყველაზე დიდი ბრინჯაო-რკინის ხანის ნასახლარი; ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულიდან მოყოლებული, ადრეფეოდალური ხანის ჩათვლით, ამ ტერიტორიაზე, ამ ნასახლარზე, არის ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების კვალი. ნასახლარი არის უძველესი სავაჭრო და საიარაღო გზების გადაკვეთაზე და სწორედ ამ მნიშვნელობის გამო 1991 წელს გამოცხადებულ იქნა კულტურის ძეგლის დაცვით ზონად."

ასეთ ზონად გამოცხადება კრძალავს ტერიტორიაზე ყოველგვარ მშენებლობას და, ცხადია, მის გასხვისებასაც. მიხეილ აბრამიშვილი ამბობს, რომ ამ ტერიტორიის გასხვისება დღემდე გრძელდება: [აბრამიშვილის ხმა] "იქ, სადაც ადრე ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეების სამეფო სამარხები იქნა აღმოჩენილი, გამართეს ბენზინის გასამართი სადგურები და ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა რესტორნების მშენებლობა... ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სწორედ ამ მშენებლობათა ქვეშ დანამდვილებით არის განლაგებული კიდევ არაერთი უმდიდრესი სამარხი სამეფო დონისა. ასევე, თვითონ თრელი-გორების ნასახლარზე იქნა გაჭრილი საძირკველი, რომელმაც დააზიანა ბრინჯაო-რკინის ხანის ფენები და ნაწილობრივ დაანგრია კიდევაც."

უკანონო მშენებლობათა და ხსენებული ტერიტორიის კერძო მფლობელობაში გადაცემის შეჩერება არქეოლოგებსა და ძეგლთა დაცვის სამმართველოს სასწრაფოდ გადასაჭრელ ამოცანად მიაჩნიათ.

არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა, საზოგადოებას შეახსენა რამდენიმე დებულება კანონიდან "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ". კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე ვალდებულია ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრში ექსპერტიზისთვის წარადგინოს მშენებლობის პროექტი. კანონის ამ მუხლს ჩვენში, წესისამებრ, უგულებელყოფენ. ვახტანგ ლიჩელის თქმით, გამორჩეულ გულგრილობას მაინც თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტი იჩენს, რომელიც თითქმის არასოდეს უთანხმებს პროექტებს დასახელებულ უწყებებს: ბოლო სამი წლის მანძილზე არქეოლოგიური კვლევის ცენტრში მხოლოდ თხუთმეტმა იურიდიულმა პირმა წარმოადგინა პროექტი ექსპერტიზის გასავლელად. ბენზინის გასამართი სადგურების 90% თბილისში უნებართვოდ და უკანონოდ არის აშენებული, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს, ქალაქის შესაბამის სამსახურებს, სამართალდამცავებს, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. თბილისის მერიაში დაიბლოკა სპეციალური დადგენილება, რომელიც აამოქმედებდა კანონს და წერტილს დაუსვამდა უკანონო მშენებლობებსო, აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა.

არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სხვა ფაქტებიც მოიყვანეს. იმავე ვახტანგ ლიჩელის თქმით, [ვახტანგ ლიჩელის ხმა] "ეს გახლავთ უკანონო გათხრები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ტერიტორიაზე, სვანეთის ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთში იყო ასეთი ფაქტები და სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ გორის რაიონშიც დაუწყიათ მსგავსი სამუშაოები... პრაქტიკულად, ნადგურდება არქეოლოგიური მასალა, ნადგურდება ისტორიული ინფორმაცია, რომელიც შემონახულია მიწაში და ეს ნივთები, რომელიც ამოდის მიწის ზედაპირზე, იყიდება სხვადასხვა მიმართულებით: გააქვთ სომხეთში, გააქვთ თურქეთის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ნაწილი იყიდება აქვე; ამას აკეთებს მოსახლეობა".

არქეოლოგებმა და "ძეგლთა დაცვის" თანამშრომლებმა შეფასებათა გარეშე ილაპარაკეს. აქ მართლაც ზედმეტია ყოველგვარი შეფასება და, მით უმეტეს, პათეტიკა: ჩვენი საზოგადოების საგრძნობი ნაწილი ბნელი და გაუნათლებელია, არაფრად ვაგდებთ საკუთარ წარსულს, ვვაჭრობთ ჩვენივე ისტორიით, ვყიდით და ვანგრევთ ისტორიულ ძეგლებს... საუბედუროდ, ეს გადაჭარბება კი არა, ფაქტის კონსტატაცია გახლავთ.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ დავით ხოშტარიასთან

დავით კაკაბაძე:
ქართულ სიძველეთა დაცვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არის საჭირო. ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის შედევრები ხომ ქვეყნის გარეთაც იქმნებოდა. შუა საუკუნეებში კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო იერუსალიმში, სადაც ამჟამად მუშაობს ქართულ სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია. ბიძინა რამიშვილი მის ერთ-ერთ წევრს, ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიას, ჩვენი გადაცემის წინ დაუკავშირდა ტელეფონით.

იხ. აუდიოვერსია

დავით კაკაბაძე:
ბიძინა რამიშვილს იერუსალიმიდან, ჯვრის მონასტრიდან, ესაუბრებოდა ქართულ სიძველეთა შემსწავლელი ექსპედიციის წევრი, ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია.
თქვენ უსმენთ რადიო "თავისუფლების" "მეათე სტუდიას".

[მუსიკა]


მარლენე დიტრიხი - 100

დავით კაკაბაძე:
მრავლისმეტყველმა ღიმილმა და დამცინავმა, ცოტა არ იყოს, თავხედურმა მზერამ ის ლეგენდად აქცია, გამორჩეულმა ნიჭმა, ეროტიკულმა ხიბლმა და რკინისებრმა დისციპლინამ - კინოს ღვთაებად. მარლენე დიტრიხი დღემდე ითვლება ერთადერთ მსოფლიო მასშტაბის კინოვარსკვლავად გერმანელ ვარსკვლავებს შორის. მარიამ ჭიაურელი გაიხსენებს მითად ქცეულ ქალს, რომელიც მეოცე საუკუნის ყველაზე მომაჯადოებელი კადრებიდან შემოგვცქერის.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
"მითი?- რა სისულელეა. ეროტიკული არასოდეს ვყოფილვარ. მხოლოდ ვთამაშობდი. მსახიობი მის როლში ნუ აგერევათო" - დაუდევრად უთქვამს მარლენე დიტრიხს სიცოცხლის ბოლოს, როცა თავბრუდამხვევი კარიერა კარგა ხნის დასრულებული ჰქონდა.

მის თვალში წარმატება მოვალეობის რიგიანად შესრულების ლოგიკური ნაყოფი იყო. ასე ჰქონდა ჩანერგილი ბავშვობიდან: ბერლინში, შეძლებულ ოჯახში გატარებული წლებიდან. "ვინც თავის გრძნობებს ამჟღავნებს, ცუდი მანერები აქვსო" - ეს შეგონება მარლენე დიტრიხს არაერთხელ სმენია დედისაგან, რომელმაც შვილებს პრუსიული დისციპლინა ჩაუნერგა. მოგვიანებით კინოვარსკვლავს არაერთი კოლეგა განუცვიფრებია თავისი მოწესრიგებულობითა და პროფესიონალიზმით: ის არასოდეს იგვიანებდა გადაღებებზე, მორჩილად იმეორებდა სცენას, თუ რეჟისორს უკმაყოფილებას შეატყობდა.

დიტრიხმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაავლო ზღვარი პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის. სულ 11 წლისამ თავისი ორი სახელი, მარი და მაგდალენე, მარლენედ გადააკეთა. ეს ოფიციალური, ასე ვთქვათ, საჯარო ვარიანტი იყო, თორემ ოჯახის წევრები მას მუდამ ლენას ეძახდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონა კონსერვატორიაში შევიდა, მაგრამ მყესის ანთების გამო მალე გამოეთხოვა მევიოლინის კარიერას და 21 წლისა, ანუ 1922 წელს, სახელგანთქმული რეჟისორის, მაქს რაინჰარდის სამსახიობო სასწავლებელში შევიდა. სამიოდე თვეში მარლენე დიტრიხი უკვე თეატრის სცენაზე იდგა.

1923 წელს ის დაქორწინდა პროდუსერ რუდოლფ ზიბერზე, რომლისგანაც მომდევნო წელს ქალიშვილი მარია შეეძინა. სხვათა შორის, ცოლ-ქმარი არასოდეს განქორწინებულა, მიუხედავად იმისა, რომ მალე დაშორდა ერთმანეთს და, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთის ერთგულებით არ გამოირჩეოდა.

მარლენე დიტრიხის ვარსკვლავად ამობრწყინება 1930 წლით თარიღდება: ეს იყო კინოფილმი "ცისფერი ანგელოზი", რომელიც გენიალურმა კინორეჟისორმა, იოზეფ ფონ შტერნბერგმა გადაიღო ჰაინრიხ მანის რომან "პროფესორ უნრატის" მიხედვით. როგორც ამბობენ, დიტრიხი მეტისმეტად რთულ ამოცანად მიიჩნევდა ვარიეტეს მომღერალ ლოლას განსახიერებას და როლზე უარის თქმას აპირებდა. მაგრამ რეჟისორმა არ დაანება. დღეს იოზეფ ფონ შტერნბერგს "პიგმალიონად" მოიხსენიებენ: კინოვარსკვლავი მარლენე დიტრიხი მისი ქმნილებაა, მარლენე დიტრიხის მითად გადაქცევა - მისი დამსახურება. თუმცა, მსახიობი სიცოცხლის ბოლო წლებში არათუ გულგრილად, აგდებულადაც კი იხსენებდა "ცისფერი ანგელოზის" წარმატებას.

[მარლენე დიტრიხის ხმა] "ცისფერი ანგელოზი ყელში მაქვს ამოსული, გაგონებაც არ მინდა. მართლა გეუბნებით. სასაცილოა. გახსოვთ, კასრზე ვზივარ... დღეს ყველგან ფოტოსურათები იყიდება. იმიტატორებიც კი გამომიჩნდნენ: კასრზე შემოსკუპდებიან და მბაძავენ. სასაცილოა." [მუსიკა, მარლენე დიტრიხი]

სწორედ "ცისფერი ანგელოზის" პრემიერის დღეს, მარლენე დიტრიხმა ჰოლივუდს მიაშურა, სადაც წარმოშობით ავსტრიელი ფონ შტერნბერგი უკვე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა. მის ფილმებში შეიქმნა უკარება და თან მაცდური, ეროტიკული და თან ანდროგინული ქალის სახე: ხშირად მამაკაცის ტანისამოსში გამოწყობილი მარლენე დიტრიხი თავდაყირა აყენებდა წარმოდგენას ქალისა და მამაკაცის როლებზე. მარლენე დიტრიხის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რიცხვი ორმოცდაათს აღემატება, მათგან ყველაზე გახმაურებულია "ნიურნბერგის პროცესი", "მაროკო", "ბრალდების მოწმე", "შანჰაის ექსპრესი", "ქერა ვენერა". თავის დროზე გახმაურებული იყო, აგრეთვე, მარლენე დიტრიხის სასიყვარულო ურთიერთობები არაერთ ცნობილ პიროვნებასთან: ჟან გაბენთან, ერიჰ მარია რემარკთან, თვით იოზეფ ფონ შტერნბერგთანაც.

1939 წელს მარლენე დიტრიხი შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. როგორც ამბობენ, თვით ადოლფ ჰიტლერმაც კი რამდენიმეჯერ გამოთქვა კინოვარსკვლავის გერმანიაში დაბრუნების სურვილი, მაგრამ ამაოდ. მსახიობს სძულდა ნაცისტები და ომის შემდეგაც კი, 1960 წლამდე, უარს ამბობდა სამშობლოში ჩასვლაზე. იმ პერიოდში უკვე დაწყებული იყო მარლენე დიტრიხის ახალი, შანსონების მომღერლის კარიერა, რომელმაც 1976 წლამდე გასტანა. იმ წელს მარლენე დიტრიხი, რომელიც რახანია, ცოცხალ ლეგენდად ქცეულიყო, საბოლოოდ გამოეთხოვა სცენას, კინოს, საზოგადოებრივ ცხოვრებას, და საბოლოოდ თქვა უარი ფოტოსურათების გადაღებაზე: საკმარისია, რაც გადამიღესო.

[მარლენე დიტრიხის ხმა]

ხუთშაბათს, 27 დეკემბერს, მარლენე დიტრიხს 100 წელი შეუსრულდებოდა.

[მუსიკა]

წამყვანი: "მეათე სტუდია", და მასთან ერთად, ჩვენი დღევანდელი პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა. რადოიჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.
XS
SM
MD
LG