Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება?


სოზარ სუბელიანი, თბილისი სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა წლების განმავლობაში საქართველოს მართლმსაჯულების ყველაზე მტკივნეული წერტილი იყო.

28 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, სასამართლო აღუსრულებელი გადაწყვეტილებების განხილვა მოეწყო. სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის თქმით, მის ოფისში აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ ათეულობით განცხადება დევს.

საჯარო განხილვისთვის სახალხო დამცველმა შეგნებულად აირჩია ორი ისეთი საქმე, რომელთაგან ერთი ბინიდან გამოსახლების აღუსრულებელ გადაწყვეტილებას შეეხება, მეორე – ბინაში შესახლების ასეთსავე გადაწყვეტილებას. აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები, ძირითადად, სამოქალაქო სამართლის სფეროში გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ გამონაკლისს თენგიზ ასანიძის საქმე წარმოადგენს, როცა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრის გათავისუფლების შესახებ არ სრულდება. ნანა დევდარიანის თქმით, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, აღუსრულებელ სამოქალაქო საქმეებს არანაკლებ მძიმე შედეგი მოსდევს:

[ნანა დევდარიანის ხმა] “საკუთრების უფლება ადამიანის ისეთივე ფუნდამენტური უფლებაა, როგორიცაა პოლიტიკური უფლებები და სიტყვის თავისუფლება; ხოლო როცა ამ უფლების რეალიზება არ ხდება, ეს ადამიანებში საოცარ სამართლებრივ ნიჰილიზმს იწვევს, რადგან უჭირავს ხელში სასამართლოს გადაწყვეტილება და ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი საკუთრებით. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ყოფილა ფიქცია, კანონი ყოფილა ფიქცია, რომ წლობით გაგრძელებული ამდენი სასამართლო ინსტანცია – აპელაცია, კასაცია – ყოფილა სისულელე, რადგან ვიღაცას შეუძლია თვითნებურად გადაწყვიტოს საქმე. ამის იქით უკვე სახელმწიფო მთავრდება.”

სახალხო დამცველის ოფისში განხილული ერთ-ერთი საქმე მართლაც პარადოქსულია, იმდენად აბსურდულად მიმდინარეობს მისი აღსრულება. საქმე შემდეგშია: მოქალაქე ლალი მარჯანიძის ბინაში 3 წლის წინ კაპანაძეების ხუთსულიანი ოჯახი შეიჭრა. მარჯანიძემ, სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, სასამართლოს გზით სცადა საკუთრების დაბრუნება. 1999 წლის 26 აპრილს სასამართლომ დააკმაყოფილა მარჯანიძის სარჩელი და კაპანაძეების ოჯახს გამოსახლება გადაუწყვიტა.

26 ივლისს მარჯანიძეებს ბინა ჩაბარდათ, მაგრამ რამდენიმე დღეში, როგორც კი ისინი სოფელში წავიდნენ, კაპანაძეებმა ისევ დაიკავეს ბინა. მას შემდეგ დაზარალებულებს 28 განცხადება აქვთ დაწერილი პოლიციისა თუ აღსრულების სამსახურის სახელზე, ჩატარდა 7 სასამართლო, მაგრამ კაპანაძეების გამოსახლება მაინც ვერ მოხერხდა. მეტიც, მარჯანიძეებმა რამდენჯერაც სცადეს საკუთარ ბინაში შესვლა, კაპანაძეებმა მათ იმდენჯერვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსრულების პოლიცია აცხადებს, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღასრულეს, ხოლო ამის შემდეგ თუ ვინმე შეიჭრება ბინაში, ეს უკვე პოლიციისა და პროკურატურის საქმეა.

თავის მხრივ, პოლიციამ, არაერთი მიმართვის შემდეგ, 2000 წლის 6 აპრილს საქმე ბინის საკუთრების შელახვის ბრალდებით აღძრა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ძიება იმ მოტივით შეჩერდა, თითქოს პოლიციამ მოძალადეების ნახვა ვერ მოახერხა. არადა, ლალი მარჯანიძის თქმით, კაპანაძეები ამ დროს მის ბინაში ცხოვრობდნენ და მათი ნახვა პრობლემას არ წარმოადგენდა.

2001 წლის 5 მარტს ძიება ისევ განახლდა, თუმცა, სამართლებრივი შედეგი არც ამას მოჰყოლია. ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსის მოადგილე ვოვა მითაგვარია ამ საქმეში პოლიციის ბრალს გამორიცხავს: [ვოვა მითაგვარიას ხმა] “განგიმარტავთ, რომ ჩვენ მასზე მოვიკვლიეთ მასალები და გადავეცით საგამოძიებო ორგანოებს. შემდეგში, რამდენჯერაც განმეორდებოდა მათ შორის ჩხუბი და უთანხმოება, მოპოვებულ მასალებს ვაგზავნიდით ისევ საგამოძიებოში. შემდეგ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საქმე წავიდა პროკურატურაში, ამჟამად ისევ გამოძიებაშია დაბრუნებული. თუ ჩვენთან არ მოვიდა დავალება, რომ პიროვნება წარმოდგენილი იქნას გამომძიებელთან, მე ხომ არ დამესიზმრება, რომ ის სჭირდება გამომძიებელს”.

პროკურატურის გამომძიებლის, კორნელი პატარკაციშვილის თქმით, პროკურატურამ რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ ეს საქმე პროკურატურის ქვემდებარე არ იყო და ისევ პოლიციაში დააბრუნა. ნანა დევდარიანის აცხადებს, რომ წლობით გაგრძელებული მთელი ამ კაზუისტიკის უკან ელემენტარული კორუფცია იმალება: [ნანა დევდარიანის ხმა] “მე გამიჭირდება ამის დოკუმენტურად დამტკიცება, მაგრამ აღმასრულებლები პირდაპირ ეუბნებიან მოქალაქეებს: მომეცით 100 ლარი და აღგისრულებთო. დამიჯერეთ, რომ ეს მართლა ხდება: 100 ლარი მოგეცა და აღგისრულებდი, რას გარბოდი სახალხო დამცველთანო… ეს არ არის მოგონილი და ტყუილი. უამრავი ფაქტია, როცა აღსრულება ხდება მაშინ, როცა ის, ვისაც აღსრულება სჭირდება, გადახდისუნარიანია და არ ხდება მაშინ, როცა გადახდისუუნაროა”.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, მიმდინარე წელს სასამართლო გადაწყვეტილებები 101 პროცენტით აღსრულდა, ნაცვლად შარშანდელი 31 პროცენტისა.
XS
SM
MD
LG