Accessibility links

რეალურ ვალუტად ევროს ქცევის ზოგიერთი ასპექტი


ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ ევროპის ინტეგრაციისათვის საკვანძო მნიშვნელობის მოვლენაზე: პირველი იანვრიდან ევროს რეალურ ვალუტად ქცევაზე.

მაშასადამე, კიდევ უფრო მივუახლოვდით იმ დღეს, როცა ევროკავშირის 12 სახელმწიფოში ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდება ახალი, საერთო ფულადი ერთეული. ახლა დაპირებისამებრ განვაგრძობთ ევროზე საუბარს, რათა შევაფასოთ გავლენა, რომელსაც ის იქონიებს ევროზონაში არშემავალ ქვეყნებზე. თუმცა, ჯერ ერთ საფრთხეზე გიამბობთ.

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ელეგანტურად გამოწყობილი ბიზნესმენი მაღაზიის სალაროსთან დგას და ძვირფასი შენაძენის საფასურს ყალბი ბანკნოტებით იხდის. ან კიდევ: ნიღბიანი ბანდიტები თავს ესხმიან დაჯავშნულ ავტომანქანას და ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებს იტაცებენ – აი, ასეთი და არა მარტო ასეთი დანაშაულების საფრთხე უკავშირდება ევროს შემოღებას.

[ვილი ბრუგემანის ხმა] ”ახლა სახიფათო პერიოდია, ვინაიდან ევროს დისტრიბუცია უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, იწყება ძველი ფულის შეგროვება. ასე რომ, უშიშროებასთან დაკავშირებული რისკი იზრდება და საფრთხე განსაკუთრებით დიდია ახალი წლის პირველ დღეებში” – ამბობს ევროკავშირის პოლიციის, ევროპოლის დირექტორის მოადგილე, ვილი ბრუგემანი, რომელიც ევროს გაყალბების პრობლემასაც ეხება. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო ზონად ითვლება ბალკანეთი, პირველ რიგში მაკედონია და კოსოვო. ბრუგემანის თქმით, ევროპოლისთვის ცნობილია, რომ იქ უკვე მუშაობენ ევროს ყალბი ბანკნოტების დამზადებაზე.

რაც შეეხება კანონიერ ბიზნესს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, მართალია, უშუალოდ არ მონაწილეობენ ევროს შემოღების გიგანტურ პროექტში, მაგრამ სიახლე, ცხადია, მათაც შეეხება; თუნდაც იმის გამო, რომ ევროკავშირი ბევრი მათგანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. აი, რა უთხრა ჩვენი რადიოს თანამშრომელს, ბრეფნი ო’რურკს სოფიაში განთავსებული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კრასენ სტანჩევმა:

[კრასენ სტანჩევის ხმა] ”რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში ვაჭრობის 65 პროცენტი ევროკავშირზე მოდის. ბალკანეთის ქვეყნებს ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჰყავთ: გერმანია და იტალია. ახლა, ევროს შემოღების შედეგად, რახან ანგარიში საერთო ვალუტით იწარმოებს, საბანკო ოპერაციები ყველასთვის გაიაფდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.”

სტანჩევის ვარაუდით, აღმოსავლეთევროპელებს არ უნდა გაუჭირდეთ ახალ ვალუტასთან შეგუება. ის შეგვახსენებს, რომ არაერთ ქვეყანაში დღესაც იხმარება ამერიკული დოლარი არაოფიციალურად თუ გერმანული მარკა. ხოლო იუგოსლავიაში შემავალ ჩერნოგორიაში, აგრეთვე, კოსოვოს პროვინციაში, გერმანული მარკა ოფიციალური ფულადი ერთეულია.

ჩერნოგორიაში, სადაც გერმანული მარკა სულ ცოტა ხნის წინ ჩაენაცვლა დინარს, ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტი, დრაგანა ოსტოიჩი ამბობს: [დრაგანა ოსტოიჩის ხმა] ”ჩვენ გამოცდილი გვაქვს ორმაგი ვალუტის სისტემა. ერთი წელი, მას შემდეგ რაც გერმანული მარკა შემოვიღეთ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ეს გვიმტკიცებს რწმენას, რომ სისტემა ამჯერადაც კარგად იმუშავებს.”

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა იმედიანი და გახარებული არ მოელის იმ დღეს, როცა რეალური ევრო ძველი ვალუტების განდევნას დაიწყებს – ფულადი ერთეული ხომ ყოველი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ნოსტალგია ვერაფერს შეცვლის: ევროზონაში შემავალი 12 ქვეყნის მოსახლეები, სურთ თუ არა, უნდა გამოეთხოვონ მარკას და დრაჰმას, პესეტასა და ესკუდოს, ფრანკსა და მარკას, ლირასა და ყველა დანარჩენ, ხანგრძლივი თუ ხანმოკლე ისტორიის მქონე ვალუტას.
XS
SM
MD
LG