Accessibility links

logo-print

2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა და შესრულების პერსპექტივები


მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში 2002 წლის ბიუჯეტის განხილვა გადაიდო, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს შემთანხმებელი კომისია შეიქმნა.

კომისიამ ჩამოყალიბების პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა და მისმა წევრმა პარლამენტარებმა ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ თავიანთი შენიშვნები და სურვილებიც გამოთქვეს. დეპუტატთა უმრავლესობა ბიუჯეტის გაზრდას მოითხოვს, ხოლო მთავრობა იძულებულია, ამ მოთხოვნებს დათანხმდეს.

2002 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს დროულად, ჯერ კიდევ 3 თვის წინ წარუდგინა. მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს არც ერთ კომიტეტს მისი განხილვით თავი არ შეუწუხებია. თუმცა, განსახილველი, კაცმა რომ თქვას, ბევრი არაფერი ყოფილა. საფინანსო გეგმის პროექტში ჩადებული არარეალური, საფუძველს მოკლებული პარამეტრები დეკემბრის დამდეგს, საქართველოში სტუმრობისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაიწუნა და ჩვენს მთავრობას ბიუჯეტის რეალური პროექტის შემუშავება ურჩია. სავალუტო ფონდის ფინანსური ტრანშების მომლოდინე საქართველოს მთავრობა მორჩილად დაჰყვა ფონდის მოთხოვნას და სახელდახელოდ ახალი პროექტი მოამზადა. ამ პროექტმა პარლამენტამდე მხოლოდ 27 დეკემბერს მიაღწია.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძის აზრით, ეს კანონის დარღვევაა. [რომან გოცირიძის ხმა] „პრეზიდენტს არ აქვს დოკუმენტის შეცვლის უფლება. და პრეზიდენტს არც გამოწვევის უფლება აქვს წარმოდგენილი კანონპროექტის. პარლამენტმა უნდა განიხილოს, უნდა თქვას, რომ ეს დოკუმენტი არ მოსწონს და დაუბრუნოს მთავრობას. ეხლა ერთი დოკუმენტი იდო, რომელზედაც 3 თვე იმუშავა პარლამენტმა, შემოიტანეს მეორე დოკუმენტი რომელიც კაციშვილს არ წაუკითხავს. ანუ ბიუჯეტის მოხდა ჩასწორება, რაც არ არის კანონიერი.“

პარლამენტში ამაზე ყურადღება ნაკლებად თუ გაამახვილა ვინმემ. დეპუტატები მხოლოდ იმას აღნიშნავდნენ, რომ კანონპროექტს არ იცნობენ და ამ მიზეზით მოითხოვდნენ განხილვის გადადებას. მთავრობის გაჯიუტების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნა გარდაუვალი იყო, რადგან წვრილ ფრაქციებად დაშლილი უმრავლესობის ხმების მობილიზება, მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად, რამდენიმე საპარლამენტო საათში ვერ მოხერხდებოდა. შესაბამისად, ორმა ხელისუფლებამ, ერთმანეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შექმნა შემთანხმებელი კომისია, რომლის პირველი სხდომა, დახურულ კარს მიღმა, 28 დეკემბერს გაიმართა.

[რომან გოცირიძის ხმა] „ეხლა მიდის ვაჭრობა უბრალოდ და ამ ვაჭრობაში ყველა შეეცდება, რაც შეიძლება მეტი თანხა ჩადოს. და ეს უმრავლესობა რომ არა ჰყავს პრეზიდენტს, აი ეს გამოჩნდება ამ ბიუჯეტში, როდესაც ბიუჯეტს მაშინ დაამტკიცებენ, თუკი დაუკმაყოფილებს ყველა ფრაქციას ინტერესებს და დაკმაყოფილებაში იგულისხმება ბიუჯეტში ხარჯების მომატება ლობირებული კუთხით. დაიწყება ვაჭრობა, ჩალიჩი, და საბოლოო ჯამში იქნება გაბერილი ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. მერე მოხდება სეკვესტრი, მაგრამ ამ სეკვესტრში, ბუნებრივია, რაღაცას მაინც გამორჩებიან ისინი, ვინც დამატებით მუხლებს ჩადებენ.“

შემთანხმებელი კომისიის პირველ სხდომაზე მოქალაქეთა კავშირის წევრებით დაკომპლექტებულმა ფრაქციამ „ალიანსი ახალი საქართველოსთვის“ მასწავლებელთა ხელფასების ორჯერ გაზრდა მოითხოვა, ხოლო „მრეწველებმა“, მრეწველობის ასაღორძინებლად, ბიუჯეტში 50 მილიონი ლარის გათვალისწინების საკითხი დააყენეს. ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენელმა ვიტალი ხაზარაძემ მოქალაქეების მოთხოვნა ასე ჩამოაყალიბა: [ვიტალი ხაზარაძის ხმა] „ჩვენ ვითხოვთ 100 მილიონით გაზრდას საშემოსავლო ნაწილისა. ეს შეეხება ძირითადად საგადასახადო შემოსავლებს და შეეხება არასაგადასახადო შემოსავლებს. ეს არის არგუმენტირებული და საფუძვლიანი. მთავრობა დაგვეთანხმება. ვფიქრობთ, რომ მათ უფრო აინტერესებთ შემოსავლების მოძებნა და გაზრდა, ვინემ პარლამენტს, რადგან მათ აქვთ დაუფინანსებელი ისეთი დიდი პროგრამები, როგორიც არის თუგინდ განვითარება ქვეყნის.“

ახალმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტართა ეს სურვილები მოისმინა და განაცხადა, რომ დამუშავების შემდეგ მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს საკმაოდ სახეცვლილ ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. ანუ მთავრობა პარლამენტართა მოთხოვნებს გაითვალისწინებს, რადგან თუ ასე არ მოხდა, მომავალი წლის საფინანსო გეგმას პარლამენტში ჩავარდნა ემუქრება, ეს კი სავალუტო ფონდისგან დახმარების მიღებას კიდევ უფრო საეჭვოს გახდის.

თუ სახელმწიფო მინისტრი ცვლილებების აუცილებლობას მაინცდამაინც ვერ გრძნობს, შემთანხმებელი კომისიის სხდომაზე უიმედოდ გამოიყურებოდა ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომლის ზურგზეც გადაივლის როგორც გაზრდილი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ისე მისი შესრულებაც. სიჯიუტით გამორჩეული ნოღაიდელი იძულებულია, პარლამენტართა მოთხოვნებს დათანხმდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლიური ფრაქციაც კი გადაყენებით ემუქრება.

ასეთი კომპრომისების პირობებში მიღებულ 2002 წლის ბიუჯეტს რომან გოცირიძე კარგს ვერაფერს უწინასწარმეტყველებს: [რომან გოცირიძის ხმა] „გაიზიარებს ალბათ ამ ბიუჯეტის ბედს. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს. ბიუჯეტი 340 მილიონით გაირღვა, ანუ ბიუჯეტი მესამედით არ შესრულდა. ეს ისეთივეა, რომ ადამიანის გარეგნობა 30 პროცენტით შეცვალო, მიიღებ თხას. დაახლოებით ასე მოუვიდა ჩვენს ბიუჯეტს, წარმოადგინეს ხარი და მიიღეს თხა.“

ასეთი პერსპექტივის მქონე 2002 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას 20 იანვრისთვის ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG