Accessibility links

ქართული პოლიტიკის შიდა სტრუქტურა


2001 წელს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ქართული პოლიტიკის შიდა სტრუქტურა ნაწილობრივ შეიცვალა.

ამავდროულად, უცვლელი დარჩა პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედი ფიგურების ძირითადი მიზნები. დღეს გესაუბრებით ქართულ პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებზე.

ბოლო წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური სივრცე სამი უცვლელი სეგმენტისგან შედგებოდა: პრეზიდენტი, "რეფორმატორებად" წოდებული გუნდი და ამ გუნდთან დაპირისპირებული ბანაკი. თავად რეფორმატორების გუნდი ორ მიკროგუნდად იყოფოდა: ჟვანიას თანამოაზრეები და სააკაშვილის თანამებრძოლები. ამ გუნდის ლიდერად ერთმნიშვნელოვნად იყო აღიარებული ზურაბ ჟვანია, ხოლო შიდა სეგმენტებს შორის მხოლოდ პირობითი ზღვარი არსებობდა.

ოპონენტების ბანაკს კი სამი ძლიერი ჯგუფი კრავდა: თარგამაძე-ჩხარტიშვილის, ნუგზარ საჯაიას და ასლან აბაშიძის მომხრეები.

თარგამაძე-საჯაია-აბაშიძის ბანაკს ერთიანი ლიდერი არასოდეს ჰყოლია; ჯგუფებს შორისაც, როგორც წესი, ძნელად იძებნებოდა საერთო ენა: საჯაია და თარგამაძე გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ, ხოლო ასლან აბაშიძე საკუთარი წესებით თამაშობდა. გასული წლების განმავლობაში ეს სამწევრიანი სეგმენტი ერთიან ბანაკად არც ჩამოყალიბებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, სამივე ლიდერი ემზადებოდა იმ დღისთვის, როცა, ადრე თუ გვიან, მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეოდა და გააძლიერებდა.

თავად პრეზიდენტი რჩებოდა მიუკერძოებელ არბიტრად და ათასი ხერხით ემიჯნებოდა მისი მემკვიდრეობისთვის ორ ბანაკს შორის გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. პასიურობის გამო, ბევრმა კიდეც დაიჯერა შევარდნაძის დაბერება და დაძაბუნება.

1995 წლიდან მოყოლებული, ერთხანს ჟვანია-სააკაშვილის გუნდი მართლაც იბრძოდა რეფორმების გასატარებლად, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები ძველი წესრიგის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

მოგვიანებით, ორივე ბანაკმა ახალი, უფრო საიმედო ტაქტიკა აირჩია და იერიში პირდაპირ პრეზიდენტზე მიიტანა. ამას სერიოზული მიზეზი ჰქონდა: ყველა ხედავდა, რომ შევარდნაძე არ აპირებდა, ერთი რომელიმე სეგმენტი მეორეზე მეტად გაეძლიერებინა. ბოლოხანს ხშირად ამბობენ, რომ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ მეტისმეტად იჩქარა პრეზიდენტის შევიწროება. მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტის კარზე თარგამაძე- ჩხარტიშვილის ძალაუფლება გაცილებით შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ჟვანიას ან სააკაშვილის გავლენა. კანცელარიის ჩინოსნებსაც კი უკვირდათ, როგორ ცინიკურად აცხადებდა საკუთარ კაბინეტში ვანო ჩხარტიშვილი, რომ, თუ მოისურვებდა, "ბაბუს" ხელს მოაწერინებდა ყველაფერზე, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზეც კი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო ბევრისთვის მოულოდნელი, მაგრამ პოლიტიკური ლოგიკის თვალსაზრისით კანონზომიერი პროცესი: ორმხრივ წნეხში მოყოლილმა პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, ვეღარ გაუძლო, გამოიჩინა კეთილი ნება და გამარჯვებული გამოაცხადა. როგორც კი შევარდნაძემ ჟვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, პირადად მას წნეხი ორივე მხრიდან მოეხსნა, ხოლო თარგამაძე, საჯაია და აბაშიძე ჟვანიას პირისპირ გაერთიანდნენ.

რა მოხდა ამის შემდეგ? ზვავის ქვეშ მოყოლილი ჟვანია იძულებული გახდა, დაეტოვებინა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი; გაიზარდა დისტანცია ჟვანიასა და სააკაშვილის მომხრეებს შორის და, რაც მთავარია, გაჩნდა კითხვის ნიშანი ლიდერთან დაკავშირებით: ჟვანია თუ სააკაშვილი? მოკლედ, რეფორმატორების ბანაკში გაუგებრობის ბურუსი ჩამოწვა.

კიდევ მეტი დანაკარგით გამოვიდა ბრძოლის ველიდან მეორე ბანაკი. თარგამაძე გადადგა, ჩხარტიშვილი გადააყენეს და მათი საზოგადოებრივი რეიტინგი თითქმის გამორიცხავს ამ ფიგურების დაბრუნებას პოლიტიკაში.

მოკლედ, საშემოდგომოდ ორივე ბანაკი საგრძნობლად დასუსტდა, პრეზიდენტის ძალაუფლება კი გაიზარდა. წლის ბოლოს ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ისევ - შევარდნაძის კეთილი ნების შესაბამისად. ბრძოლის ასპარეზზე დარჩენილი სამივე "სისხლმდინარე" ფიგურა, ერთი მხრივ ზურაბ ჟვანია, მეორე მხრივ კი ნუგზარ საჯაია და ასლან აბაშიძე - პრეზიდენტმა გულუხვად დაასაჩუქრა: ჟვანიას შევარდნაძის პარტიული მემკვირდეობა ერგო, საჯაიას - ძალოვანი პოსტები და კონტროლის პალატა, ხოლო ასლან აბაშიძეს - კარტ-ბლანში აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებისთვის.

ახალი წლის დამდეგს ქართული პოლიტიკა ისევ სამსეგმენტიანია: პრეზიდენტი, რომელიც ჩვეულ საბრძოლო ფორმაშია; საჯაია-აბაშიძის ბანაკი, რომელიც შეთხელდა, მაგრამ ახალი ბერკეტებით გაძლიერდა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდი, რომელმაც ხელიდან გაუშვა გამარჯვების შანსი, მაგრამ ჩამოიშორა უძლიერესი პოლიტიკური მეტოქე.

საფიქრებელია, რომ მომდევნო ორი ან სამი წლის განმავლობაში საჯაია და აბაშიძე შეეცდებიან, გახლიჩონ ჟვანია-სააკაშვილის გუნდი და დააპირისპირონ ლიდერები; ჟვანია კი შეეცდება, ერთიანი წნეხის ქვეშ აღარ მოიყოლოს თავი და თანმიმდევრობით გადალახოს ორივე ბარიერი: ჯერ საჯაია დაასუსტოს, შემდეგ კი გზიდან ჩამოიშოროს აბაშიძე.

მიმდინარე წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მარათონს ჰგავს და მას მოიგებს არა სხვებზე სწრაფი, არამედ - სხვებზე ჭკვიანი.
XS
SM
MD
LG