Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ახალი წლის ზეიმისთვის ემზადება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრობლემების მიუხედავად, ახალი წლისთვის მზადებას საქართველოში რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, ახალი წლის მოსვლას ქართული სტანდარტების შესაბამისად დახვდნენ,

ტრადიციული კერძებითა და ტრადიციული სურვილების ჩათქმით. ჩვენც ხომ ცოტა გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ როგორც გავატარებთ ახალი წლის პირველ დღეს, ისეთივე იქნება მთელი წელიწადი.

მეოთხე დღეა, თბილისელების მიერ “დეზერტირების ბაზრად” წოდებული ცენტრალური სუპერმარკეტის მისასვლელები ბატალურ სცენას წააგავს რომელიმე ”ბლოკბასტერიდან”. ისინი, ვინც ბაზარში ხალხის ნაკადს აყოლილები არა მხოლოდ შედიან, არამედ ყიდვასაც ახერხებენ, სიძვირეზე ჩივიან. მართლაც, სიტუაცია საკმაოდ “შთამბეჭდავად” გამოიყურება თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ დავუშვათ, ნიგოზი – საახალწლო კერძების აუცილებელი კომპონენტი - 15 ლარი, პენსიონერის ერთი თვის პენსიაზე ოდნავ მეტი ღირს, რაც, ალბათ, დიდ უსამართლობად არ გამოიყურება სხვა ფასებთან შედარებით. მაგალითად, ახალ წლამდე ორიოდე დღით ადრე პრაქტიკულად გაიყიდა ყველა ბილეთი იმ რესტორნებში, სადაც თბილისის ახალ ელიტას ახალი წლის ღამეს –რეკლამას თუ დავესესხები – “წარუშლელი შთაბეჭდილება ელის” სულ რაღაც 100 დოლარად.

ბუნებრივია, გულუბრყვილობა იქნებოდა სოციალურ სამართლიანობაზე საუბარი – ნებისმიერ ქვეყანაში არსებობენ ღარიბები და მდიდრები. ოღონდ, საქართველოში 2001 წელს ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდნენ, მდიდრები კი კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

წინასაახალწლო მძიმე სოციალური განწყობა პარლამენტშიც ცნობილია. მრეწველთა ფრაქციის წევრის დავით სალარიძის განცხადებით: [დავით სალარიძის ხმა] “გადით ერთი, რა ხდება. ხალხი არის მშიერი. ბაზარში შედით - ხალხს ფული არა აქვს. დაახლოებით 30 %წ-იანი სიძვირეა ბაზარში, ეს ინფლაცია ხალხს ცოტა სხვანაირად ესმის... აი, ასეთ ვითარებაში, ელემენტარულად, ბავშვისთვის არ შეუძლიათ ერთი კილო ხორცი იყიდონ. ასეთი მდგომარეობაა აქედან გამომდინარე.”

პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამოყენება სურდათ პრეზიდენტისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლების ტალღის ასაგორებლად. თუმცა, მსოფლიო ბანკის ბოლო კრედიტმა ზემოთხსენებულ ძალებს ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად საფუძველი გამოაცალა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოიყო 35 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი, რომელიც ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება. კიდევ ერთი “საახალწლო საჩუქარი” ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან – 10 მილიონი დოლარი – გაზისა და ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას. წინა დღით, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ყველაზე ბედნიერი დღე უწოდა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 დეკემბერს, როცა გაირკვა მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დამატებითი კრედიტის გამოყოფის შესახებ. სხვათაშორის, ამავე ტელეკომპანიის გამოკითხვით, ყველაზე სასურველ მეკვლედ დასახელდა არა თოვლის პაპა, ან სანტა კლაუსი, არამედ სწორედ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
XS
SM
MD
LG