Accessibility links

logo-print

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში მომავალ წელს?


ანდრო ეული თუ გასული წლის დასაწყისში ამერიკელების მთელი ყურადღება საშინაო პრობლემებისკენ იყო მიპყრობილი,

მომავალ წელს საგარეო პოლიტიკა, სახელდობრ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და შეიარაღებაზე კონტროლის დაწესება იქნება, რაღა თქმა უნდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უმთავრესი საზრუნავი;

ზუსტად ერთი წლის წინ, ამერიკელები, საშინაო პრობლემებით იყვნენ თითქმის მთლიანად დაკავებული, გაჭიანურებული არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტის ინაოგურაციისთვის ემზადებოდნენ სწორედ მაშინ, როცა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდა დასრულდა.

შეუდგა რა თეთრ სახლში მოღვაწეობას, პრეზიდენტმა ბუშმა, ზოგიერთ მიმომხილველს თუ დავესესხებით, ”იზოლაციონისტური” გეზი აიღო, როცა განაცხადა, რომ არ სურს შეერთებული შტატების მონაწილეობა პასუხსაგებსა და ძვირად ღირებულ მისიებში საზღვარგარეთ და რომ პირველ რიგში საშინაო პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

მაგრამ 11-მა სექტემბერმა ყველაფერი შეცვალა და ამერიკელები, დღეს, ერთსულოვნად უჭერენ მხარს ჯორჯ ბუშის მიერ წამოწყებულ ანტი-ტერორისტულ კამპანიასა და სხვა საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს.

ხუთშაბათს, პრეს-კონფერენციაზე პენტაგონში თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა: [რამსფელდის ხმა] ”11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ თვალი გავუსწორეთ რეალობას და გავიცნობიერეთ, რომ მეტად სახიფათო სამყაროში გვიხდება ცხოვრება. მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საუკეთესოდ გაწვრთნილი და ყველაზე კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალები უნდა გვყავდეს. და სწორედ ეს როლი უნდა შეასრულოს ამ რთულ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ”.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის თანამშრომელს ენტონი კორდსმენს, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა თავის დროზე სახელმწიფო დეპარტამენტში, ენერგეტიკისა და თავდაცვის სამინისტროებში, აგრეთვე შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყო ნატოში, ჩვენმა კორესპონდენტმა სთხოვა საკუთარი აზრი გამოეთქვა იმის თაობაზე, თუ რა პრიორიტეტული მიმართულებებია მოსალოდნელი ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში მომავალ წელს. კორდსმენმა თქვა, რომ თავს იკავებს პროგნოზებისგან, მაგრამ ის კი თამამად შეუძლია იწინასწარმეტყველოს, რომ მას შემდეგ, რაც ავღანეთი საბოლოოდ განთავისუფლდება ალ ყაიდისა და თალიბებისგან, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ენტონი კორდსმენმა განაცხადა აგრეთვე, რომ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ არც ისე ადვილია, როგორც ეს მრავალ ამერიკელს წარმოუდგენია, და ამ კონტექსტში ინდოეთ-პაკისტანის და ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებული კონფლიქტები მოიხსენია. ინდოეთი და ისრაელი შესაბამისად პაკისტანსა და პალესტინელებს ადანაშაულებენ ტერორიზმში. მაგრამ როგორც კორდსმენი აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს ისლამაბადის თანადგომა ესაჭიროება ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და ვერც პალესტინელებს გაემიჯნება, ვინაიდან ეს კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო არაბულ სამყაროს შეერთებული შტატების წინააღმდეგ განაწყობს.

ენტონი კორდსმენი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობათა შემდგომ გაუმჯობესებაზეც უნდა იზრუნოს მომავალ წელს.
XS
SM
MD
LG