Accessibility links

logo-print

ინდოეთი და პაკისტანი სასაზღვრო რაიონში თავს უყრიან ჯარებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა პაკასტანისა და ინდოეთის საზღვარზე

. პარასკევს ღამით ინდოეთის ჯარები ცეცხლს უშენდნენ პაკისტანის საზღვრისპირა ტერიტორიას. როგორც იტყობინებიან, პაკისტანმა ქაშმირის რეგიონიდან სოფლების ევაკუაცია დაიწყო. მართალია, ორივე ქვეყნის ლიდერები - პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფიცა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაიც - აცხადებენ, რომ ომი არ სურთ, სასაზღვრო რაიონში ორივე სახელმწიფო ჯარებისა და იარაღის დაგროვებას განაგრძობს.

მდგომარეობა დაიძაბა 13 დეკემბერს, ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმის შემდეგ. ტერაქტისთვის პასუხიმგებლობას დელი აკისრებს პაკისტანში მოქმედ ექსტრემიტულ ჯგუფებს, რომლებიც ქაშმირის პროვინციის ინდოეთის ნაწილში ინდოეთის მმართველობის გაუქმებისთვის იბრძვიან.

ინდოეთი ირწმუნება, რომ ამ ჯგუფებს პაკისტანის ხელისუფლება მფარველობს და ისლამაბადისგან ექსტრემისტების საქმიანობის აღკვეთას მოითხოვს. პაკისტანმა გაყინა ამ დაჯგუფებების აქტივები და რამდენიმე მათი მეთაური დააპატიმრა. ინდოეთს ეს ზომები არ აკამოფილებს და აცხადებს, რომ ისლამაბადი ვერ აცნობიერებს მდგომარეობის სერიოზულობას.

პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმაში მისი ხელიც ერია და იმუქრება, რომ ინდოეთის მხრიდან ნებისმიერ სამხედრო დარტყმას საკადრისად უპასუხებს.

მას შემდეგ, რაც ორმა მეზობელმა ქვეყანამ ბირთვული რუბიკონი გადალახა, არავის შეუმუშავებია ბირთვული იარაღის უნებლიე გამოყენების, ან ლიდერების მიერ სიტუაციის მცდარად შეფასების შემთხვევაში მისი ამოქმედების გამორიცხვის მექანიზმი.

ექსპერტები კარგა ხანია, გაიძახიან, რომ, ბირთვული იარაღის შემთხვევითი გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ინდოეთსა და პაკისტანს ერთობლივი ზომების შემუშავება მართებთ. სამ წელიწადზე მეტი გავიდა ბირთვული გამოცდების ჩატარების შემდეგ, მაგრამ ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული ძალების შემადგენლობა, ზომა და დისლოკაცია დღემდე არ არის ცნობილი. კიდევ უარესია ის, რომ ინდოეთს, რომლის ბირთვული არსენალი განაწილებულია გემებზე, რაკეტებსა და თვითმფრინავებზე, ჯერაც არ დაუწესებია მკაფიო ბრძანებების ჯაჭვი და კონტროლის სტრუქტურა.

ცნობილია მხოლოდ, რომ ბირთვული სისტემის გამშვები ღილაკი პრემიერ-მინისტრის ხელშია და არსებობს უსაფრთხოების კაბინეტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, ღილაკის ამოქმედებამდე უნდა მოეთათბიროს. ცნობილია, აგრეთვე, რომ თავდაპირველად ამ წრეში დაშვებული არ იყვნენ სამხედროები. როგორია დღევანდელი მდგომარეობა ამ სფეროში, ნათელი არ არის.

ინდოეთისგან განსხვავებით, პაკისტანში არსებობს ბირთვული ბრძანებულებებისა და კონტროლის კომიტეტი, რომელშიც შედიან სამხედროები, პოლიტიკოსები და მეცნიერები.

გამორიცხული არ არის, შეშფოთება ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის კონფრონტაციის გამო, გაზვიადებული იყოს. ინდოეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ ბირთვულ იარაღს პირველი არ მიმართავს.

პაკისტანს მსგავსი დეკლარაცია არ გაუკეთებია, მაგრამ როგორც მთავრობის პრეს-მდივანმა, გენერალმა რაშიდ ყურეიშიმ ამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, ბირთვული იარაღის გამოყენება თავშიც არავის უნდა მოუვიდეს.

პარასკევს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტეხასში, თავის რანჩოში გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ვაშინგტონი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანეიტრალოს რეგიონში დაძაბულობა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ორივე მხარის ლიდერებს ესაუბრა და თავშეკავებისკენ მოუწოდა მათ. ჯერჯერობით ძნელია იმის წინასწარმეტყველება, რამდენად გამოიღებს შედეგს ამგვარი მოწოდებები და დასჭირდება თუ არა ვაშინგოტონს უფრო ქმედითი ზომების მიღება.
XS
SM
MD
LG